Accessibility links

logo-print

შემრიგებლური ტონი მოლაპარაკებაზე ჩრდილოეთ კორეის ატომური პროგრამის შესახებ


დღეს პეკინში, დიაოუტაის სახელმწიფო რეზიდენციაში გაიმართა შეხვედრა, რომელმაც, როგორც ცნობებში აღნიშნავენ, “გულთბილ ვითარებაში” ჩაიარა.

არადა, შეხვედრის მონაწილე 6 ქვეყნიდან ზოგი - ერთმანეთთან გულთბილი ურთიერთობით ნამდვილად არ გამოირჩევა. ეს ეხება ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს. აშშ ხელმძღვანელობს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, ბირთვული პროგრამაზე უარი ათქმევინონ ჩრდილოეთ კორეას, რომელიც, ბირთვული იარაღის გავრცელების მხრივ, ყველაზე სახიფათო ქვეყნად არის მიჩნეული. სხვათა შორის, ეს შეფასება ფრიად კომპეტენტურ უწყებას ეკუთვნის: გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს.

შარშან ჩრდილოეთმა კორეამ იმითაც კი დაიტრაბახა, რომ ფლობს ბირთვულ იარაღს. მართალია, ეს ცნობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ, მაგრამ გაჩნდა სერიოზული შეშფოთების საფუძველი. აი, ასეთია ვითარება, რომლის ფონზეც დღეს განახლდა ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება (კერძოდ, დაიწყო მისი მესამე რაუნდი), ტრადიციისამებრ, 6 ქვეყნის მონაწილეობით: ეს ქვეყნებია, ხსენებული ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის გარდა სამხრეთი კორეა, იაპონია, რუსეთი და ჩინეთი, რომელიც მოლაპარაკებას მასპინძლობს.

დღევანდელ შეხვედრაზე მართლაც დამაიმედებელი განცხადებები გაკეთდა. ჩრდილოკორეული დელეგაციის ხელმძღვანელმა კიმ კი გვანმა გამოთქვა ფხენიანის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ატომური საფრთხისაგან კორეის ნახევარკუნძულის გამოხსნას: [კიმის ხმა] “უნდა მოვსპოთ კორეის ნახევარკუნძულზე ატომური ომის ყოველგვარი საფრთხე. საამისოდ კი მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებს სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება და პოლიტიკური პრინციპულობის გამოჩენა მოეთხოვებათ”.

ამავე ჩრდილოკორეელი ოფიციალური პირის შეფასებით, პეკინში დაწყებული მოალაპარაკების ყველა მონაწილე, მათ შორის აშშ, მზად არის წინსვლისათვის.

შემრიგებლური ტონის იყო მოლაპარაკებაზე ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელის, კრისტოფერ ჰილის კომენტარიც. მან ჩრდილოკორეის სუვერენობისადმი პატივისცემაზე ილაპარაკა და ეს სახელმწიფო მისი სრული სახელწოდებითაც კი მოიხსენია: კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკად. უფრო სწორედ, ამ სახელწოდების აბრევიატურით: [ჰილის ხმა] “კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენობა ფაქტად მიგვაჩნია. აშშ-ს არა აქვს ამ ქვეყანაში შეჭრის ან მასზე თავდასხმის არანაირი განზრახვა. და კვლავინდებურად მზად ვართ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ორმხრივი შეხვედრებისთვის ამ მოლაპარაკებების კონტექსტში”.

ამ თავაზიანი განცხადებების მიღმა ვითარება, ექსპერტების შეფასებით, მაინც დაძაბულია. 6-მხრივი მოლაპარაკება, დღეს ჩინეთში განახლებამდე, 13 თვე ჩიხში იყო მოქცეული ფხენიანის მხრივ ბოიკოტის გამო. ფხენიანის ბოიკოტს კი იწვევდა შეერთებული შტატების მხრივ “ზეწოლა და სიტყვიერი აგრესია” - ყოველ შემთხვევაში, ასეთია რუსეთის წარმომადგენლის, კონსტანტინ პულიკოვსკის განმარტება. პულიკოვსკიმ, შორეულ აღმოსავლეთში პრეზიდენტ პუტინის წარგზავნილმა, სამშაბათს პეკინში უთხრა ჟურნალისტებს, რომ ფხენიანის პოზიცია გასული წლის მანძილზე ასეთი ხისტი, შესაძლოა, არ ყოფილიყო, მისთვის უსაფრთხოების გარანტიები რომ მიეცათ. ამგვარია რუსი დიპლომატის შეფასება.

რაც შეეხება ფაქტებ. უთანხმოება, რომლის მოგვარებასაც პეკინში დაწყებული 6-მხრივი მოლაპარაკება ემასხურება, დაიწყო 2002 წლის ოქტომბერში, როცა აშშ-მა ფხენიანი დაადანაშაულა ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობაში - შესაბამისად, 1994 წლის ხელშეკრულების დარღვევაში. მოლაპარაკების წინა ტურის დროს ჩრდილოეთმა კორეამ უარყო ვაშინგტონის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა ბირთვულ პროგრამაზე უარს, რის შემდეგაც ფხენიანი ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებდა. ფხენიანმა განაცხადა, რომ ეშინია აშშ-ის მხრივ სამხედრო აგრესიის, რის გამოც დაყაბულდება მხოლოდ ეტაპობრივ განიარაღებას.

ეტაპობრივ მიდგომას ემხრობა ჩინეთიც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლი ძაოსინმა დღევანდელი მოლაპარაკების დაწყებამდე აღნიშნა: [ლის ხმა] “ჯერ მართლაც არსებობს მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევის გზა. მოლაპარაკების მსვლელობაში, შესაძლოა, ბევრი რთული საკითხი წამოიჭრას, მაგრამ სადაც მტკიცე ნებაა, იქ გზაც მოიძებნება. თუ თითოეულ ნაბიჯს გააზრებულად გადავდგამთ, საბოლოოდ მიზანსაც მივაღწევთ. და თუ ყველა მთაზე ავალთ, ბოლოს მწვერვალსაც დავიპყრობთ”.

თუ დღეს პეკინში დაწყებული მოლაპარაკება არ გაამართლებს ჩინელი მინისტრის ამ ოპტიმისტურ შეფასებას, აშშ-მა საკითხი, შესაძლოა, გაეროს უშიშროების საბჭოში გაიტანოს და ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვოს. მაგრამ ამას, ჩრდილოკორეელების მიერ გამოთქმული გაფრთხილებით, შესაძლოა, კონფლიქტი მოჰყვეს.

დაბოლოს, დღეს სამხრეთმა კორეამ დაიწყო ჩრდილოეთისთვის 500 000 ტონა ბრინჯის მიწოდება. დაგეგმილია უფრო მასშტაბური დახმარება ჰუმანიტარულსა და ენერგეტიკის სფეროებში.
XS
SM
MD
LG