Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენ უმუშევარს სურს თბილისის მერიაში მუშაობის დაწყება?


თბილისის საკრებულოსა და მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად, ასობით თანამშრომელი უმუშევარი დარჩა,

გამოთავისუფლებულ ვაკანსიებზე კი კონკურსი გამოცხადდა. 671 ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველთა განცხადებების მიღება 18 ივლისს დაიწყო და 31 ივლისამდე გასტანს. განცხადებების მიღება საგამოფენო კომპლექს ”ექსპო-ჯორჯიას” ერთ-ერთ დიდ პავილიონში მიმდინარეობს. რა ვითარებაა ამჟამად განცხადებების მიღების ცენტრში?

[ისმის ხმაური]

ასობით ადამიანს “ექსპო-ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში საათობით უწევს რიგებში დგომა, რათა განაცხადი შეიტანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკანსიებზე გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობის მისაღებად. საბუთების მიმღები ადმინისტრაციის თანამშრომლის ნონა ოტიაშვილის კომენტარი:

[ნონა ოტიაშვილის ხმა] ”სულ არის 700-მდე ვაკანსია და არის დაახლოებით 17-მდე სამსახური და მოდის უამრავი ხალხი. დღეს არის ყველაზე ბევრი ხალხი. ჯერ არ გვაქვს ზუსტად დათვლილი, თუ რამდენი განცხადება არის შემოსული.”

25 ივლისის მონაცემებით კი, “ექსპო -ჯორჯიას” პავილიონში წარდგენილია მოქალაქეთა 1700-ზე მეტი განცხადება. ვაკანსიებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 18-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქემ უნდა წარადგინოს განცხადება, სადაც მიუთითებს იმ თანამდებობას, რომლის დაკავების სურვილიც გააჩნია. ასევე საჭიროა ავტობიოგრაფია, განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა, შრომის წიგნაკი, თუკი ასეთი არსებობს, და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

[ისმის ხმაური]

მე მეთერთმეტე პავილიონში რიგში მდგარ მოქალაქეებს გავესაუბრე და ვკითხე, რა თანამდებობის დაკავება სურთ და რატომ. ჯერ ნანას მოვუსმინოთ, შემდეგ კი გიორგის:

[ნანას ხმა] ”ვსწავლობ უნივერსიტეტში. ჯერ ვსწავლობ, დიპლომი არ ამიღია, მაგრამ ოჯახური მდგომარეობა მაქვს ისეთი, რომ უნდა ვიმუშაო ,სხვა გზა არ არის. აქ არის ერთი ვაკანსია, სადაც მიიღებიან საშუალო განათლების მქონე ადამიანები. უნდა იყო მდივანი და რასაც დამავალებენ, ის უნდა გავაკეთო, ალბათ. ვფიქრობ, რომ სწავლასაც შევუთავსებ.”

[გიორგის ხმა] ”მე ვთვლი, რომ პერსპექტიული სამსახურია და საჯარო სამსახურში მუშაობა, ალბათ, პრესტიჟულია, იმიტომ რომ ხალხს გარკვეულ მომსახურებას უწევ და ეხმარები რაღაცაში. გარდა ამისა, ხელფასები საკმაოდ მაღალია, თავისი ხელფასების გათვალისწინებით.” (სტილი დაცულია)

მუნიციპალურ სამსახურში ხელფასი, მართლაც, მაღალია, საქართველოში არსებულ საშუალო სახელფასო განაკვეთთან შედარებით. მაგალითად, მერიის სამსახურის უფროსის მოადგილის ჯამაგირი ათასი ლარია, განყოფილების უფროსის კი - 650 ლარი, ხოლო უბრალო სპეციალისტის ხელფასი 230 ლარს შეადგენს. იმის გასარკვევად, რომელი ვაკანსიებია ყველაზე პოპულარული, განცხადებების რაოდენობის მიხედვით, საატესტაციო-საგამოცდო კომისიის აპარატის უფროსს სერგო ქავთარაძეს დავუკავშირდი.

[სერგო ქავთარაძის ხმა] ”ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს ქალაქ თბილისის საკრებულოს და მერიის აპარატს. ხოლო სამსახურებიდან არის შედარებით მეტი მოთხოვნა კულტურის სამსახურში და ჯანდაცვის სამსახურში. ვფიქრობთ,რომ ბოლოსთვის ყველგან თანაბარი მოთხოვნა იქნება და დიდი კონკურსი იქნება თითოეულ სამსახურში.”

კონკურსში გამარჯვებული კი ტესტირებისა და გასაუბრების გზით გამოვლინდება. ტესტირებისას კონკურსის მონაწილეებს მოუწევთ პასუხი გასცენ იურიდიულ და კომპიუტერულ შეკითხვებს. ასევე იქნება ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტიც. ამ ეტაპზე გამარჯვებულად ჩაითვლება ის 3 მოქალაქე, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვა. მათ შორის საბოლოო გამარჯვებულს კი საატესტაციო კომისია გამოავლენს მეორე ეტაპის- ანუ გასაუბრების გავლის - შემდეგ.
XS
SM
MD
LG