Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ, 200-ლარიან, ბანკნოტზე აფხაზეთის ხედი იქნება გამოსახული


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ფულის მიმოქცევის სისტემაში ახალი მსხვილი კუპიურა გამოჩნდება. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამჟამად არსებულ ფულის ნიშნებს

- სავარაუდოდ, მომავალი წლიდან - 200 ლარის ღირსების ბანკნოტი დაემატება. ლარის ახალ ბანკნოტს, ჩვეულებრივი საგადამხდელო საშუალების გარდა, წმინდა პოლიტიკური დატვირთვაც ექნება, რადგან მასზე ნიკო ნიკოლაძის პორტრეტთან ერთად აფხაზეთის ხედები იქნება გამოსახული.

მომავალი წლის ბოლოდან ეროვნული ვალუტის ლარის ”ოჯახს” შეემატება ახალი ღირსების კუპიურა, 200 ლარის ღირსების ბანკნოტი, რომელიც, გარდა იმისა, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ფულის ნიშანი იქნება, ერთგვარ პოლიტიკურ დატვირთვასაც შეიძენს. 200 ლარის ღირსების ბანკნოტზე ცნობილი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი და აფხაზეთის - სავარაუდოდ, სოხუმის - ხედი იქნება გამოსახული. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების დამზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვის კომისიამ მიიღო და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გაახმიანა:

[რომან გოცირიძის ხმა] „200 ლარის ნომინალის კუპიურაზე წინა მხარეს გამოსახული უნდა იყოს ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი, მეორე მხარეს გამოსახული იქნება აფხაზეთის ხედი, ალბათ, სოხუმის ხედი. ამით ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი და რომ აფხაზეთი იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი.”

200 ლარის ღირსების კუპიურაზე ნიკო ნიკოლაძის პორტრეტის გამოსახვის გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ იმ სოციოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობით მიიღო, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა. 2500-ზე მეტი გამოკითხულიდან ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა ნიკო ნიკოლაძეს ერგო. რესპონდენტებმა არჩევანი 10 ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს შორის გააკეთეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, ნიკო ნიკოლაძე საქართველოს ეკონომიკის ყველაზე წარმატებული პროექტების ინიციატორი და სულისჩამდგმელი გახლდათ. „ეს იყო მოაზროვნე, რომელიც ჯერ კიდევ 100 წელზე მეტი ხნის წინ საქართველოს განვითარების ერთადერთ სწორ გზად ევროპასთან ინტეგრაციას მიიჩნევდა,“ – აღნიშნავს რომან გოცირიძე.

საზოგადოებამ ეროვნული ბანკის ახალი პროექტი საკმაოდ პოზიტიურად მიიღო. ექსპერტებს განსაკუთრებით ის იდეა მოსწონთ, რომლის მიხედვითაც 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის რევერსზე აფხაზეთის ხედი იქნება გამოსახული. ეს გადაწყვეტილება, უდავოდ, პოლიტიკური ნიშნის მატარებელია. სხვათა შორის, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი კონცეფცია სოხუმის, როგორც თბილისთან ერთად საქართველოს საემისიო ცენტრის, იდეასაც ითვალისწინებს. ამ მოდელით, აფხაზეთს მიეცემა ლარის კუპიურის დაბეჭდვის უფლება, ამასთან, ლარის ბანკნოტზე წარწერები აფხაზურ ენაზე იქნება შესრულებული, ხოლო დიზაინში ადგილობრივი სპეციფიკა იქნება გათვალისწინებული. კონცეფციის თანახმად, ”აფხაზურ” ლარს თბილისში გამოშვებული ვალუტის თანაბარი ძალა ექნება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს.
ქართველი ექსპერტებისაგან განსხვავებით, 200 ლარიან ბანკნოტზე აფხაზეთის ხედების გამოსახვას პროტესტით ხვდება სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება. სეპარატისტული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას პროვოკაციულს უწოდებს:

[სერგეი შამბას ხმა] ”ეს შემიძლია შევაფასო როგორც პროვოკაციული ნაბიჯი, რადგან სოხუმი არის აფხაზეთის – დამოუკიდებელი სახელმწიფოს - დედაქალაქი.”

დე ფაქტო ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის პროექტს არანაირი იურიდიული თუ მორალური პრობლემა არ უნდა შეექმნას. რაც შეეხება თავად 200 ლარის ღირსების ბანკნოტს, მისი დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებით გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ დიზაინერებს. ახალი ბანკნოტი მიმოქცევაში მომავალი წლის ბოლოს იქნება გაშვებული.
XS
SM
MD
LG