Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის სურვილს – გახდეს ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა 2009 წელს - ევროკავშირი ეჭვით უყურებს


ყაზახეთის სურვილს – გახდეს ეუთოს

მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა 2009 წელს - ევროკავშირი კითხვის ნიშნებს უკავშირებს. ორგანიზაციამ გამოიყენა შანსი და გასულ კვირას, ბრიუსელში ყაზახეთის დელეგაციასთან შეხვედრისას, ყველა ამ კითხვის ნიშანზე გაამახვილა ყურადღება. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ყაზახეთი ამისთვის, უბრალოდ, მზად არ არის და რომ ეს ქვეყანა, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის კუთხით, ეუთოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. რატომ სურს ყაზახეთს ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობა და კონკრეტულად როგორ აფასებს ევროპის კავშირი ცენტრალურ აზიაში - და, მათ შორის, ყაზახეთში - შექმნილ ვითარებას?

ევროპის კავშირმა გასულ კვირაში ბრიუსელში ყაზახეთის დელეგაციას ღიად და დაუფარავად განუცხადა, რომ ქვეყანა ეუთოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელი მაიკლ ლი ყაზახეთის ხელისუფალთა წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებდა, რომ ასტანა კვლავაც საჭიროებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ რეფორმებს:

(მაიკლ ლის ხმა) "ჩვენ აბსოლუტურად გასაგებად ვამბობთ: იმისათვის, რომ გახდე ეუთოს თავმჯდომარე, უნდა მოქმედებდე მისი პრინციპების შესაბამისად. ამის გათვალისწინებით, მათ მოუწევთ წნეხის ქვეშ გავლა და ძალისხმევის მობილიზება, რათა დააკმაყოფილონ ეუთოს მიერ განსაზღვრული წესები. ეს მათ ჩვენ ზედმიწევნით კარგად ავუხსენით."

ევროკავშირს ეჭვი ეპარება, რომ ყაზახეთი დემოკრატიულ რეფორმებსა და ეუთოს მიერ დადგენილ სხვა სტანდარტებთან მიმართებით მონდომებას იჩენდეს. ამასთან, ევროპის კავშირი უკმაყოფილოა ქვეყნის არასწორი მიდგომით საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური ოპოზიციის, ადამიანის უფლებების დაცვის, პრესის თავისუფლებისა და მართლმსაჯულებისადმი – ზოგადად.

ევროკავშირი დიდად წუხს თავისუფალი მედიის დევნით ყაზახეთში და ქვეყნის ხელისუფლებას ბოლო პერიოდში დახურული რამდენიმე ოპოზიციური გაზეთის ამბავს შეახსენებს. საგულისხმოა, რომ გაზეთების დახურვას სამართლებრივი მიზეზი არ მოეძებნება.

როგორც უკვე ვთქვით, ევროკავშირი შეშფოთებულია ოპოზიციისადმი დამოკიდებულებით, საერთოდ, მაგრამ ერთი კონკრეტული ფაქტის საფუძვლიან გამოძიებას ყაზახეთის მთავრობას საგანგებოდ სთხოვს. საუბარია ოპოზიციონერ ზარმახან ტიაკბაიზე განხორციელებულ თავდასხმებზე. საგულისხმოა, რომ ის 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატად იქნება წარმოდგენილი.

ერთი სიტყვით, ევროპის დამოკიდებულება ასეთია: თუკი ყაზახეთი ეუთოს ერთწლიან თავმჯდომარეობაზე პრეტენზიას აცხადებს, მას ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრეტენზიის გათვალისწინება და, რაც მთავარია, საქმით განეიტრალება მოუწევს. ამასთან, ევროკავშირი კარგად დააკვირდება ყირგიზეთში 2006 წლისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც დემოკრატიული რეფორმების გზაზე ჩასაბარებელ გადამწყვეტ გამოცდად მიიჩნევა.

ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ევროკავშირის მოთხოვნებს კარგად აცნობიერებს და შესაბამისად მოქმედებს კიდეც, მაგრამ მაიკლ ლი მიიჩნევს, რომ ასტანის მოქმედება საკმარისი არ არის:

(მაიკლ ლის ხმა) "მთლიანობაში, მათი პასუხი იყო, რომ ისინი მონდომებით მოქმედებენ და დაასახელეს რამდენიმე სიახლე, რაც მათ ქვეყანაში დაინერგა, მაგალითად – ომბუდსმენის ინსტიტუტი. მე ვფიქრობ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ზოგადად მათ ესმით, რას მოვითხოვთ ჩვენ, მაგრამ, ჩვენ მათ ისიც კატეგორიულად ავუხსენით, რომ გასაკეთებელი უკვე გაკეთებულზე ჯერ ისევ ბევრად მეტია."

მხარეებმა ბრიუსელში უზბეკეთის სისხლიანი მაგალითიც გაიხსენეს. საუბარია ანდიჟანში უდანაშაულო დემონსტრანტების დახოცვაზე.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის - წარგზავნილი ევროპაში, მინისტრი - დუგლას ალექსანდერი, რომელიც მთელ ამ პროცესს უდგას სათავეში, ამბობს, რომ ეუთოს თავმჯდომარეობის მსურველ ყაზახეთს ცენტრალურ აზიაში ლიდერის როლის შესრულება მოეთხოვება. საუბარია დემოკრატიული რეფორმებისა და მართლმსაჯულების წარმატებაზე ქვეყანაში.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ახმეტჟან იესიმოვს რეგიონზე საუბრისას ყირგიზეთისა და უზბეკეთის მღელვარებათა მაგალითები მოჰყავს და ამ ყველაფრის მიზეზად ხალხის სიღარიბეს ასახელებს:

(ახმეტჟან იესიმოვის ხმა) "ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. პრობლემებს, რომლებიც იქ იჩენს თავს, ძირითადად, უმუშევრობა და მოსახლეობის დაბალი შემოსავალი იწვევს. ყირგიზეთსა და უზბეკეთთან ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს და გვინდა, რომ იქ მიმდინარე პროცესები კარგი შედეგით დასრულდეს."

თუმცა მეზობელი სახელმწიფოებისთვის კარგი შედეგების მოსურნე ახმეტჟან იესიმოვი პოლიტიკური გადატრიალების მომხრე მაინც არ არის.

ბრიუსელში ევროკავშირისა და ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გადაავლეს თვალი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ქვეყნის გაწევრიანებისთვის მზადების პროცესს. ის ფაქტი, რომ ყაზახეთი შიდა ბაზარზე გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს დასავლეთის სამოქალაქო ავიაკომპანიებს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ უსამართლო პრაქტიკის აღმოფხვრის მითითება მიიღეს.

უკვე ნათქვამს კიდევ ერთი ინფორმაციით შევავსებ: ეუთოს თავმჯდომარეობა ერთწლიანი პროცესია და ის მხოლოდ ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის არის შესაძლებელი. ამჟამად ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა სლოვენია, რომელმაც ეს ტიტული ბულგარეთისგან მიიღო და 2006 წლის 1 იანვარს ბელგიას გადაულოცავს. ეუთოს მორიგე თავმჯდომარის სავარძელს, როგორც წესი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იკავებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG