Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გააჭიანურებს თუ არა რუსეთი სამხედრო ბაზების გაყვანის გადაწყვეტილ საკითხს?


საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის დაჯგუფების სარდლობა აცხადებს, რომ, შესაძლოა, შეფერხდეს საქართველოდან

ახალქალაქის 62-ე სამხედრო ბაზის მძიმე ტექნიკის გაყვანა, თუკი სასწრაფოდ არ გამაგრდა ხიდები, რომელზეც მძიმე ტექნიკით დატვირთულმა ეშელონებმა უნდა გაიარონ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდლობის ეს განცხადება დაემთხვა გორის ტერაქტის გახსნას, ტერაქტისა, რომელშიც ქართველი სამართალდამცველები რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის კვალს ხედავენ. შესაბამისად, საქართველოში არ გამორიცხავენ, რომ, ხიდების გაუმართაობის მომიზეზებით, რუსეთი დროის გაყვანის ტაქტიკას ირჩევდეს.

განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჯავშანტექნიკას გაუჭირდება ახალციხის სარკინიგზო მონაკვეთის გავლა ბათუმამდე, საიდანაც გემებით ტექნიკა რუსეთში უნდა გავიდეს, რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდლის მოადგილეს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ყუფარაძეს ეკუთვნის. ქართული გვარის რუსი ოფიცერი რუსეთის ჯარების დაჯგუფების პოზიციების ლამის ერთადერთი გამხმოვანებელია, რადგან თავად სარდალი საქართველოში ვერ ჩამოდის ვიზის უქონლობის გამო. რუსული სააგენტო “ინტერფაქსისათვის” მიცემულ ინტერვიუში პოლკოვნიკი ყუფარაძე აცხადებს, რომ დაახლოებით ხუთი ხიდი უვარგისია საიმისოდ, რომ გაატაროს ახალქალაქის 62-ე ბაზის მძიმე ტექნიკა, თუკი ქართული მხარე არ გაამაგრებს მათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სიხარულიძე პროვოკაციულს უწოდებს რუსი ოფიცრის ამ განცხადებას და არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, ტექნიკური პრობლემების მომიზეზებით, სამხედრო ბაზის გაყვანის პროცესის გაჭიანურებას ცდილობდეს:

[დავით სიხარულიძის ხმა] “არანაირი პრობლემები ამასთან დაკავშირებით არ არის! და რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს. და ეს სრულიად პროვოკაციული განცხადებაა, რაც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი შეთანხმებები კვლავ ეჭვის ქვეშ დააყენოს.”(სტილი დაცულია)

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ რაიმე წვლილი შეიტანონ ხიდების შეკეთებაში, რადგან რუსეთის მხარეს მრავალრაუნდიანი მოლაპარაკების პროცესში ეს საკითხი არ წამოუწევია. მით უფრო, რომ რუსული ტექნიკით დატვირთული ეშელონები სამხედრო სწავლების დროს ამ ხიდებით ყოველთვის დაუბრკოლებლად სარგებლობდნენ თითქმის ბოლო დღეებამდე და მათი გამტარუნარიანობა არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ. საქართველოს სამხედრო უწყების პოზიციას იზიარებს ქვეყნის პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში გოგა ხაჩიძე. რადიო “თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში გოგა ხაჩიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი მზად არის ჩაატაროს გამაგრებითი სამუშაოები ამ ხიდებზე, თუკი რუსები დადგენილ ვადებში დაიწყებენ რეგიონიდან გასვლას:

[გოგა ხაჩიძის ხმა] “არავის დღემდე არ დაუფიქსირებია მსგავსი საკითხი, რომ იქ რაღაც ხიდია ისეთი, რომ რაღაც ტექნიკა ვერ გავა. ასეთი რამ თუ მართლა დაფიქსირდა და ეს იქნება რეალური, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ, მოვაწესრიგებთ ასეთ ხიდს იმ დონემდე, რომ გაიაროს.” (სტილი დაცულია)

მაისის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ახალქალაქში განლაგებულმა რუსეთის 62-ე სამხედრო ბაზამ საქართველოს ტერიტორია 2007 წლის ბოლოსთვის უნდა დატოვოს. სამხედრო ბაზის გასვლის შემდეგ ახალქალაქში ერთ-ერთი ქართული სამხედრო ბრიგადა განლაგდება. ყოფილ რუსულ ბაზაზე დასაქმებულ საქართველოს სომხური ეროვნების მოქალაქეებს კი, რწმუნებულ გოგა ხაჩიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წინადადება შესთავაზა, რაც ძალაში რჩება:

[გოგა ხაჩიძის ხმა] “ამ ბაზის ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა დადგეს ქართული ბაზა. ის სომეხი მოსახლეობა, რომელიც მუშაობს რუსულ ბაზაზე, თუ სურვილი ექნება, აუცილებლად ყველა გააგრძელებს მუშაობას და ექნებათ იმაზე უფრო მეტი ხელისუფლება, ვიდრე ახლა აქვთ. და მესამე: ის სახლები, სადაც ახლა ისინი ცხოვრობენ, მათ დაუკანონდებათ.” (სტილი დაცულია)

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ასევე დაავალა საქართველოს ძალოვანი სამინისტროების წარმომადგენლებს, რომ სამხედრო ნაწილების მომარაგებისათვის აუცილებელი ბოსტნეული სწორედ ახალქალაქისა და წალკის რაიონებში იქნეს შესყიდული. თუმცა სამხედრო უწყებაში ჯერ კვლავ ფიქრობენ, თუ როგორ მოახდინონ ქვეყნის პრეზიდენტის ამ დავალების რეალიზება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG