Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის ტერაქტის შემსრულებლებისა და ორგანიზატორების ძებნამ ცხინვალის რეგიონში მორიგი დაძაბულობა შექმნა


გორში 1 თებერვალს მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში 3 ეჭვმიტანილის დაკავება უხმაუროდ ჩატარდა, სამაგიეროდ,

დანარჩენ ეჭვმიტანილებზე ძებნის გამოცხადებას მოჰყვა გარკვეული დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში. როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს 10-ზე მეტ პიროვნებას, რომლებიც შიდა ქართლის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს განხორციელებული დივერსიული აქტების ორგანიზებასა და განხორციელებაში არიან ეჭვმიტანილნი. ეჭვმიტანილებზე ძებნის გამოცხადების შემდეგ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია, გაძლირებეულ რეჟიმში აკონტროლებს ცხინვალის შესასვლელს ოსური მხარეც. ცხინვალში გორის ტერაქტში ოსებისა და რუსების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფენ. რა ხდება კონფლიქტის ზონაში, რამდენად დაძაბა იქ ვითარება 1 თებერვლის სისხლიანი ტერაქტის გახსნამ?

“ბინძური ტყუილი” უწოდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, გორის ტერაქტი ცხინვალის რეგიონში მოქმედმა ოსური დივერსიული ჯგუფის წარმომადგენლებმა რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის თანამშრომლების ინსტრუქტაჟით განახორციელეს. ჩოჩიევის მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის მიერ 17 ივლისს დაკავებული გია ვალიევი ცრუობს, როცა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ოსეთისა და რუსეთის გრუ-ს კავშირებზე საუბრობს. გორის ტერაქტში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირები, რომელთა სახელები და გვარები მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებში არ მუშაობენ. შეგახსენებთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორის - და არამარტო გორის - ტერორისტული აქტი განხორციელებულია დივერსიული ჯგუფის მიერ, რომელიც წვრთნებს ჩრდილოეთ ოსეთში გადიოდა და რომელიც 2004 წლის ზაფხულში ცხინვალში კოკოითის მრჩევლად მივლინებულმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მაღალჩინოსანმა ანატოლი სისოევმა ჩამოაყალიბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ფიგურირებს სხვა გვარებიც, რომლებიც, ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები უნდა იყვნენ, მაგრამ ძებნა ოს დივერსანტებზეა გამოცხადებული.

[შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ხმა ] ”გუშინს მერე რეგიონი გადავიდა განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე, განსაკურებულ რეჟიმზე გადავიდა საპატრულო პოლიცია, საგანგებო დავალებათა სამმართველო და სამხარეო პოლიციის შემადგენლობა.”(სტილი დაცულია)

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მიერ ნახსენები რეჟიმის პირობებში გაძლიერდა პოლიციის საგუშაგოები ცხინვალის მიმდებარე სოფლებში, მათ შორის - კარალეთში, ტყვიავსა და ერგნეთში. ჩვენი გორელი კორესპონდენტის გოგა აფციაურის ცნობით, პოლიციელების განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია ოსური სოფლებით გარშემორტმული ქართული სოფლის ამლევისკენ, რადგან ამ სოფელთან მოხდა ტერაქტში ეჭვმიტანილების დაკავება და, შესაბამისად, ამ სოფლის მიმართულებით რაიმე პროვოკაციას არ გამორიცხავენ.

ოსი ეჭვმიტანილების დაკავებამ კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების მოსახლეობას გაახსენა ფაქტი, როცა ოსი კრიმინალის, გვარად ფუხაევის, აყვანას ოსებმა სამი ქართველი პოლიციელის გატაცებით უპასუხეს. ოსების მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გადადგმის შიში ახლაც არსებობს. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ შიდა ქართლში პოლიციის საგანგებო რეჟიმზე გადაყვანა იმდენად ეჭვმიტანილების ძებნისთვის არ მომხდარა, რამდენადაც ახალი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.

გოგა აფციაურის ცნობით, თუმცა ცხინვალის შესასვლელთან ოსური ომონის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, გორის რაიონიდან დიდი ლიახვის ხეობისკენ მგზავრთა გაცილებას კი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები ახორციელებენ, მგზავრთა რაოდენობა შემცირებულია - მგზავრობის მსურველთა დიდი ნაწილი მაინც სიფრთხილეს იჩენს. და კიდევ, გორის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილების დაკავებამ კონფლიქტის ზონიდან გატაცებული ქართველების, ხაჭაპურიძეების, ახლობლებს გაუჩინა იმედი იმისა, რომ დაკავებულები სამართალდამცველებს საინტერესო ინფორმაციას ამ დანაშაულთან დაკავშირებითაც მიაწვდიან.
XS
SM
MD
LG