Accessibility links

logo-print

ყირგიზეთი არ აპროტესტებს მის ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ყოფნას


ანდრო ეული, პრაღა 26 ივლისს ბიშკეკში, თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ რამსფელდთან შეხვედრის შემდეგ ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრმა ისმაილ ისაკოვმა განაცხადა,

რომ შეერთებული შტატები შეინარჩუნებს თავის სამხედრო-საჰაერო ბაზას ყირგიზეთში მანამ, ვიდრე ეს ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციების განსახორციელებლად იქნება საჭირო. დონალდ რამსფელდს მიაჩნია, რომ ავღანეთში მიმდინარე ანტი-ტერორისტული ოპერაციების დასრულებაზე საუბარი ჯერჯერობით ძალზედ ნაადრევია.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრმა ისმაილ ისაკოვმა განაცხადა {ისმაილ ისაკოვის ხმა}: "ფაქტობრივად, უსაფუძვლო იქნებოდა იმის თქმა, რომ ვითარება უშიშროების უზრუნველყოფის მხრივ გაუმჯობესდა. ამას ლონდონში, ეგვიპტესა და თავად ავღანეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმები ცხადყოფს. ამიტომაც, განსის ბაზის დახურვის საკითხს მხოლოდ მას შემდეგ განხილავენ მხარეები, როცა ვითარება უშიშროების უზრუნველყოფის მხრივ გაუმჯობესდება, რაც მხოლოდ ყირგიზეთსა და შეერთებულ შტატების შორის დადებული შეთანხმებითაა გათვალისწინებული".

დონალდ რამსფელდი ბიშკეკში შეხვდა ყირგიზეთის ახლახან არჩეულ პრეზიდენტს ყურმანბეგ ბაკიევსაც, და მოლაპარაკებისას ყურადღების ცენტრში განსიში ამერიკის სამხედრო-საჰაერო ბაზის შემდგომი ფუნქციონირება იყო რაღა თქმა უნდა. ბაკიევმა და რამსფელდმა თავდაცვითი ტექნოლოგიის საკითხებში ორმხრივ ურთიერთობათა შემდგომ გაფართოებაზეც იმსჯელეს. პენტაგონის მესვეურმა განაცხადა, რომ ბიშკეკი და ვაშინგტონი ერთობლივი ძალისხმევით კვლავაც გააგრძელებენ ბრძოლას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ {დონალდ რამსფელდის ხმა}: "შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ყირგიზეთის მთავრობასთან თანამშრომლობას მოძალადე ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ჩვენ მივესალმებით ორმხრივ სამხედრო კავშირებს, თანამშრომლობას უშიშროების სფეროსა და მოძალადე ექსტრემიზმის წინააღმდეგ დაწყებულ გლობალურ ომში."

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელიც შუა აზიის 4 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, აგრეთვე რუსეთსა და ჩინეთს აერთიანებს, უმაღლესი დონის შეხვედრაზე ახლახან მიიღო ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც შეერთებულ შტატებს მოუწოდებს - წარმოადგინოს ყირგიზეთსა და უზბეკეთში მოქმედი თავისი სამხედრო-საჰაერო ბაზების დახურვის განრიგი.

განსის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ბიშკეკის მახლობლად ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, ხოლო ხანაბადის ბაზაზე, უზბეკეთში - 800. ტაშკენტი შეერთებული შტატების მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად ითვლებოდა უკანასკნელ წლებში, თუმცა ორმხრივი ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა მას შემდეგ, რაც გასულ მაისს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ანდიჟანში უზბეკეთის მთავრობამ ძალა გამოიყენა.




XS
SM
MD
LG