Accessibility links

logo-print

რატომ გადაიდო უკრაინის პრეზიდენტის არაოფიციალური ვიზიტი საქართველოში?


უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს არაოფიციალური, მეგობრული ვიზიტი საქართველოში (რომელიც ივლისის ბოლო დღეებში უნდა შემდგარიყო) აგვისტოს შუა რიცხვებამდე გადაიდო.

ვიზიტის გადადების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა ირინა გარშჩენკომ პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკში ცვლილებების შეტანა დაასახელა, საქართველოში კი გავრცელდა ვერსია, რომლის მიხედვით, იუშჩენკოს ივლისის ბოლოს საქართველოს მონახულება იქ მასზე მოსალოდნელი ტერაქტის თაობაზე არსებულმა ცნობამ გადააფიქრებინა. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ვერსიას აბსურდულს უწოდებენ. მინდა საქართველოში ვიქტორ იუშჩენკოს ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე გესაუბროთ.

აჟიოტაჟი გაზეთ ”რეზონანსში” დაბეჭდილმა სტატიამ შექმნა. სტატია საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის გადადებას ეხება და მისი ავტორი წერს, რომ ვიზიტის გადადება უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში ტერორისტული აქტის მზადების თაობაზე ინფორმაციის გაჟონვას უნდა უკავშირდებოდეს. ”რეზონანსი” უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვას გორის ტერაქტის შემსრულებლების დაპატიმრებას უკავშირებს და აღნიშნულთან დაკავშირებით იმოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ცხინვალის რეგიონში მოქმედი დიდი დივერსიული ჯგუფის სამომავლო გეგმაში საფრენი აპარატების ჩამოგდებაც შედის, რომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ჯგუფს აქვს ”იგლის” ტიპის გადასატანი საზენიტო დანადგარები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მზადების შესახებ. ქართული გაზეთის მიერ გავრცელებულ ცნობას აბსურდული უწოდეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურშიც. მაშინ ასე მოულოდენლად რატომ გადაიდო უკრაინის პრეზიდენტის არაოფიციალური ვიზიტი საქართველოში? ამ შეკითხვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი უპასუხებს, რომ იუშჩენკოს საქართველოში მეგობრული ვიზიტით ჩამოსვლა და აქ დასვენება შედარებით ხანგრძლივი ვადით სურს, ამას კი აგვისტოს შუა რიცხვებში უფრო მოახერხებს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ამავე შეკითხვაზე უკრაინაში საქართველოს ელჩის მოადგილის პასუხი:

[ელჩის მოადგილის ხმა] ”ოფიციალური რაც იყო, ამას ვერაფერს დავამატებ მნიშვნელოვანს. ყურადღება არ გაგვიმახვილებია იმაზე, თუ რატომ გადაიდო ეს ვიზიტი. ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი, ოფიციალური ვიზიტი იგეგმება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში. ”

საქართველოს ხელისუფლება სრულ მზადყოფნაში ოფიციალურ ვიზიტამდე ვიქტორ იუშჩენკო არაოფიციალური ვიზიტით მიეღო. 27 ივლისს მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო კახეთს უნდა სწვეოდნენ, დაგეგმილი იყო პრეზიდენტების ჩასვლა ქუთაისში, შემდეგ კი დასვენება ბორჯომში, რომანოვების სასახლეში. საქართველოში მეგობრული ვიზიტის ფარგლებში იუშჩენკოს სააკაშვილთან, რაღა თქმა უნდა, საქმიანი შეხვედრაც უნდა ჰქონოდა, რომლის ფარგლებშიც ხელი უნდა მოსწეროდა ერთობლივ განცხადებას. ყველა ეს ღონისძიება აგვისტოს შუა რიცხვებისთვის გადაიდო, თანაც იმდენად მოულოდნელად და იმდენად გაუგებარი მოტივით, რომ სკანდალური ვერსიის გავრცელებას მისცა ბიძგი. 27 ივლისს უკრაინულმა გაზეთებმაც სცადეს მოეძებნათ პასუხი შეკითხვაზე ”უპირებდნენ თუ არა საქართველოში მოკვლას ვიქტორ იუშჩენკოს”. ”ქართველები ამას უარყოფენო,” - წერს 27 ივლისის ”უკრაინსკაია პრავდა”.

იუშჩენკოს ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით აგორებულ მითქმა-მოთქმას, როგორც უკვე ვთქვით, გარკვეული საბაბი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებამაც მისცა, განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ცხინვალის რეგიონში მოქმედი ოსური დივერსიული ჯგუფის გეგმაში საფრენი აპარატების ჩამოგდებაც შედის, რომ ამ ჯგუფს აქვს ”იგლის” ტიპის გადასატანი საზენიტო დანადგარები. ასეთი დანადგარებით საფრენი აპარატის დაზიანება შეიძლება 5-6 კილომეტრის დისტანციიდან 3, 5 კილომეტრის სიმაღლეზე. ეს დანადგარები განსაკუთრებით საშიშია შვეულმფრენებისთვის, აგრეთვე თვითმფინავებისთვის აფრენისა და დაშვების მომენტში. სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს, ცხინვალში მართლაც ფლობდნენ ასეთ დანადგარებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი დანადგარების დეფიციტს არ განიცდიდა აფხაზთა მხარე აფხაზეთის ომის დროს.
XS
SM
MD
LG