Accessibility links

საქართველოში პენსიონერთა პლასტიკური ბარათიზაციის პროცესი დაიწყო


27 ივლისს თბილისში, ”სახალხო ბანკის” ინიციატივით, მეორე ”საერთაშორისო საბანკო კონფერენცია” გაიხსნა. მასში 27 საბანკო და საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ,

ძირითადად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან. მათი თბილისში შეკრების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი საქართველოში პლასტიკური საბანკო ბარათების ერთ-ერთი სახეობის, ”სოციალური ბარათის”, პოპულარიზაცია და ურთიერთგამოცდილების გაზიარებაა. საქართველოს 100 ათასამდე პენსიონერი უკვე ფლობს პლასტიკურ ბარათს და მისი მეშვეობით იღებს კუთვნილ პენსიას.

საქართველოში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პენსიონერებისთვის განკუთვნილი თანხა ან იგვიანებდა, ან ბანკის დაყაჩაღების გამო იკარგებოდა, ან კიდევ ფოსტალიონი პენსიიდან წილს ითხოვდა. პენსიების დარიგების მომსახურებას, ძირითადად, ”სახალხო ბანკი” ახორციელებს, რომელმაც პრობლემის მოგვარება პლასტიკური ბარათების გამოშვების გზით სცადა. ეს ბანკი ეგრეთ წოდებული სოციალური ბარათის გამოშვებასაც გეგმავს. ბანკის პრეზიდენტის გიორგი გოგუაძის კომენტარი:

[გიორგი გოგუაძის ხმა] ”ეს არის ცივილიზებული ფორმა, რომელიც არსებობს მსოფლიოში არა მარტო რესპექტაბელური ფენებისათვის, არამედ მოსახლეობის ყველა სოციალური ფენისათვის. ბარათით მომსახურება არ გულისხმობს მაინცდამაინც ბანკომატის დადგმას სოფელში, ვინაიდან ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა სოფელში იდგეს ბანკომატი. თუმცა ჩვენს ბანკს საქართველოს ყველა რაიონში აქვს ტერმინალები, მათ შორის - მაღალმთიან რაიონებში, როგორიცა მესტია, ხულო და ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)

თუმცა იქაც კი, სადაც უხვადაა ბანკომატები, მაგალითად, თბილისში, პენსიონერთა დიდი უმრავლესობა მაინც ბანკის თანამშრომელთან ურთიერთობას არჩევს, ან ფოსტალიონთან, ვიდრე ფინანსური მომსახურების ელექტრონულ საშუალებებთან, ბანკომატებთან.

ერთ-ერთ პენსიონერს, ქალბატონ ნათელას, მოვუსმინოთ. მან ახლახან აიღო პლასტიკური ბარათი და პენსია.

[ნათელას ხმა] ”იმხელა რიგი იყო, ძლივს შევაღწიე შიგნით, იქ, სადაც უნდა მოეცათ, რა ჰქვია... ისა... ბარათი. მერე გვერდითა გოგოსთან მიმითითეს, იმ გოგომ ქვითარი მომცა, წარვადგინე სალაროში და ავიღე პენსია. ფოსტალიონი გვერჩივნა, რომ სახლში მოჰქონდა ხოლმე. მე სად შემიძლია რიგში ჩადგომა.”

ამ პენსიონერის მსგავსად, ბევრმა არ იცის ან ნაკლებად სჭირდება ის შესაძლებლობები, რასაც პლასტიკური ბარათი იძლევა.

”ვიზა ინტერნეიშენალის” წარმომადგენელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში სვეტლანა გიორბელიძე ფიქრობს, რომ ანგარიშსწორების ელექტრონულ მეთოდზე გადასვლა მაინც საჭიროა, რადგან ის ფინანსურ ოპერაციებს გამჭვირვალეს ხდის და მისი მეშვეობით პენსიაც დროულად აღწევს ადრესატამდე:

[სვეტლანა გიორბელიძის ხმა] ”ნაღდი ფული ნაკლებად კონტროლირებადია და მის ბრუნვაზე ძალიან დიდ ფულს ხარჯავს ხელისუფლება, სახელმწიფო. პლასტიკური ბარათები ანგარიშსწორების უფრო ცივილური ფორმაა, გამჭვირვალეა, ყველაფერი ნათელია და გასაგები. შესაძლებელია, რომ საბაჟო გადასახადებიც პლასტიკური ბარათებით გადაიხადონ. ეს დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს, ბანკები მზად არიან ამაში ფული ჩადონ, მხოლოდ საჭიროა ხელისუფლების მხარდაჭერა.”

”ვიზა ინტერნეიშენალმა” მსგავსი პროექტი უკვე განახორციელა მოსკოვსა და აზერბაიჯანში. ხოლო უკრაინაში მიმდინარე წლის იანვრიდან ძალაში შევა პრემიერ-მინისტრის განკარგულება, რითაც ჯარიმა დაწესდება იმ სავაჭრო წერტილებისთვის, რომლებიც უარს იტყვიან მომხმარებლის პლასტიკური ბარათის მიღებაზე.

საქართველოს ხელისუფლებაში ჯერჯერობით არ ჩქარობენ მსგავსი განკარგულებების მიღებას, რადგან კარგად უწყიან, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი და მოუწესრიგებელი კავშირგაბმულობა ანგარიშსწორების ელექტრონიზაციის საშუალებას არ იძლევა. სახალხო ბანკის პრეზიდენტი გიორგი გოგუაძე მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ, ხელისუფლების მონდომების შემთხვევაში, საქართველოს ბარათიზაცია ერთ წელიწადში სავსებით შესაძლებელია.
XS
SM
MD
LG