Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში რუსეთის აგენტურის მოქმედებას?


გორის ტერორისტული აქტის გახსნამ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს უბიძგა ეთქვათ, რომ რუსეთის აგენტურული ქსელი საქართველოში ჯერ კიდევ მძლავრად მოქმედებს ყველგან

და, მათ შორის, ხელისუფლებაშიც, გარდა უმაღლესი ეშელონებისა. ხელისუფლების საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები აღიარებენ, რომ კგბ-ს ძველი ქსელები საქართველოში დღესაც მუშაობს და იქვე ერთგვარი სინანულით აღნიშნავენ : ” კგბ-ს არქივების გატანამ საქართველოში გაართულა ისეთი კანონის მიღება, რომელიც თავის დროზე მიიღო გერმანიამ და მასთან ერთად ყოფილი სოციალისტური სივრცის არაერთმა ქვეყანამო.” ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ლაპარაკია ლუსტრაციის შესახებ კანონზე. ასეთი კანონი კი, თავისი არსით, ხელისუფლებისგან მარტო კგბ-ს აგენტების ჩამოშორებას არ უნდა ისახავდეს მიზნად. ამიტომ არის, რომ მასზე უარის თქმა ქვეყნიდან საბჭოთა უშიშროების არქივის გატანის მოტივით ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთი ააქტიურებს თავის აგენტურულ ქსელს, - სხვათა შორის, საქართველოშიც, - მეზობელი ქვეყნებიდან ”ტერორისტების გარღვევის” აღკვეთის მიზნით. გულხელდაკრეფილები არც საქართველოში არიან. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის სიტყვებით :” საქართველოს სპეცსამსახურები დელიკატურად ბლოკავენ ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტების მოქმედებას.” მისივე თქმით: ”აგენტების გამოვლენა - სხვათა შორის, სახელისუფლებო სტრუქტურებშიც - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ”

მინიშნება საკმაოდ შემაშფოთებელია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ღიად აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვას აგენტები საქართველოში ყველგან ჰყავს, ხელისუფლებაშიც, გარდა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე კოლეგის ნათქვამის კომენტირებისას აღნიშნავს: ” მაჭავარიანის განცხადება საქართველოს სპეცსამსახურების ცნობებს უნდა ეყრდნობოდესო. ” როგორც ჩანს, ასეთი ცნობები, მართლაც, არსებობს და, თუ ასეა, ხელისუფლების შედარებით დაბალ ეშელონებში მოკალათებული რუსეთის აგენტების გამოვლენას ლუსტრაციის შესახებ კანონის უქონლობა წინ ვერ აღუდგება. უცხო ქვეყნის აგენტების მოქმედების აღკვეთა სხვა კანონით შეიძლება. ამდენად, ხელისუფლების ზოგიერთ პოლიტიკურ ოპონენტს უკვირს, რუსეთის აგენტურული ქსელის მოქმედებაზე საუბრისას ვიცე-სპიკერს რატომ დასჭირდა ერთგვარი სინანულის გამოთქმა იმის გამო, რომ ეგრეთ წოდებული ”სუკის” არქივის გატანამ საქართველოში ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება გაართულა.

”ასეთი კანონის მთავარ ამოცანას ხელისუფლების მარტო იმ პირებისთვის შეზღუდვა არ უნდა წარმოადგენდეს, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა უშიშროების აგენტები იყვნენ, კანონი სახელისუფლებო ამბიციებს საბჭოთა პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენლებსაც უნდა უთოკავდესო,”-მიიჩნევს ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ” ასე მარტივად არ არის ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება. უნდა იცოდეს ხელისუფლებამ, რომ ეს ეხება არა მარტო აგენტურას, არამედ პარტიულ ნომენკლატურასაც. თუ არიან მზად, პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდონ მთელ საბჭოთა პარტიულ ნომენკლატურას, ეს იქნება სერიოზული მიდგომა. ”

საკითხისადმი ასეთი სერიოზული მიდგომით მოქმედება თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის არაერთი ყოფილი სოციალისტური ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა. ”ვარდების რევოლუციამდე” ამ მიდგომას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი უჭერდა მხარს. საბჭოთა პარტიული ნომენკლატურისთვის, წარსულში კომპარტიის და კომკავშირის ლიდერებისთვის, ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნამ პირველი ადგილი დაიკავა მოწოდებაში - ”კმარა! ანუ 10 ნაბიჯი თავისუფლებისკენ”, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც აწერს ხელს. 10 ნაბიჯი, 10 პრინციპი მაშინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თანამშრომლობისთვის პოლიტიკურ ძალებს შესთავაზეს. რევოლუციით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერის, მაია ნადირაძის, დამოკიდებულება საკითხისადმი კი დღეს ასეთია:

[მაია ნადირაძის ხმა] ” კანონში ჩაწერა იმის , რომ შეიზღუდოს ის, ვინც ცეკას თანამშრომლი იყო და ამ დროს არ შეიზღუდოს ის, ვინც დისიდენტურ მოძრაობას წარმოადგენდა, სინამდვილეში კი სუკთან თანამშრომლობდა, მე მგონია, უსამართლობაა. ”

მაია ნადირაძე აღნიშნავს, რომ ის შინაგანად მომხრეა ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღების და საბჭოთა უშიშროების აგენტებისთვის დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის შეზღუდვისა, მაგრამ ფიქრობს, რომ, საბჭოთა საქართველოს უშიშროების არქივზე ხელმიუწვდომლობის გამო, ასეთი კანონის მიღებას ცუდი პროცესები მოჰყვება.
XS
SM
MD
LG