Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტის სტუდენტებს 240 კრედიტის დაძლევაში 3 ტიპის პროფესორები დაეხმარებიან


ხუთშაბათს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტების მიერ სასწავლო პროგრამების წარდგენის ვადა ამოიწურა.

წლევანდელ 3 ათას პირველკურსელს უნივერსიტეტი შემცირებული რაოდენობის საგნებს და მათი შერჩევის უფლებას სთავაზობს.

რა განსხვავებაა საბანკო და საუნივერსიტეტო კრედიტებსა და ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორებს შორის?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარჩენილი 6 ფაკულტეტის ბაკალავრიატში საგნების რაოდენობა 32-მდე შემცირდა და გაჩნდა 240 კრედიტი, ანუ სამუშაო საათების ერთობლიობა, რომელიც ლექციებს, პრაქტიკას და სტუდენტის საშინაო საქმიანობას მოიცავს. ერთი საუნივერსიტეტო კრედიტი 25 საათს უდრის და საგნების სპეციფიკის მიხედვით ნაწილდება. ამ 240 კრედიტიდან ნახევარი ძირითადი, ნახევარი კი დამატებითია. საუნივერსიტეტო სწავლების ახალი სისტემის ერთი ფორმულა ამგვარია: ძირითადი+არჩევითი+დამატებითი, ანუ სტუდენტს, თუკი ამის სურვილი ექნება, ძირითადი სპეციალობის გარდა, სხვა სპეციალობის საგნების შესწავლის უფლება აქვს. სიახლეებს სტუდენტებისთვის სასიკეთო ტენდენციად მიიჩნევს ექვსიდან ერთად გარდაქმნილი ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი გოჩა ჯაფარიძე:

[გოჩა ჯაფარიძის ხმა] ,,ყველაფერი ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ სტუდენტმა უკეთესად აითვისოს მასალა, არ იყოს ძალზედ გადატვირთული, ჰქონდეს სახლში მუშაობის საშუალებაც, დაესწროს ლექციებს და სხვა და სხვა.” (სტილი დაცულია)

საუნივერსიტეტო საგნების შემცირებისა და გამსხვილების ეფექტურობას გამოცდილებით ასაბუთებს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ლევან გორდეზიანი:

[ლევან გორდეზიანის ხმა] ,,მოხდა გარკვეული გამსხვილება საგნების, ანუ ძირითადი კურსი იქნება და ამ ძირითადი კურსის პარალელურად რაღაცა სასემინარო და პრაქტიკული მუშაობა. ეს უფრო ეფექტური არის, როგორც აჩვენა უკანასკნელი ხანების გამოცდილებამ. შესაბამისად, ზოგად კურსს, ძირითადს, დაერქმევა ლექცია და დამხმარე, პრაქტიკულ სამუშაოებს სხვა სახელი ეწოდება.” (სტილი დაცულია)

იმაში, რასაც სხვა სახელი ეწოდება, მონაწილეობის უფლება ექნებათ ასისტენტ-პროფესორებს, ზოგადი კურსის წაკითხვა კი მხოლოდ პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების პრეროგატივა იქნება:

[ლევან გორდეზიანის ხმა] ,,სამივე ეს - პროფესორიც, ასოცირებულიც და ასისტენტ-პროფესორიც - არიან პროფესორთა შემადგენლობა, ასე ვთქვათ. მოკლედ, სამივეს შეიძლება პროფესორი ეწოდოს, მაგრამ ეს არის თანამდებობა, ამისი დღევანდელ თანამდებობებთან თუ წოდებებთან მიმართების დადგენა არც ისე იოლია.” (სტილი დაცულია)

არც ისე იოლში ლევან გორდეზიანი იმას გულისხმობს, რომ დღემდე საკანდიდატო დისერტაციის დაცვა დოცენტის თანამდებობას ნიშნავდა, სადოქტოროსი კი - პროფესორობას. ამჟამინდელი უნივერსიტეტის კონკრეტული აკადემიური თანამდებობის მოპოვებას კი კონკურსში გამარჯვება სჭირდება, თუმცა აკადემიური ან სამეცნიერო ხარისხი სავალდებულოდ რჩება. კონკურსი ამჟამად მხოლოდ იურიდიულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზეა გამოცხადებული. იმას, რომ კონკურსს უკვე გაუქმებული სამეცნიერო საბჭოს პრეროგატივად და, შესაბამისად, უკანონოდ მიიჩნევენ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების მოწინააღმდეგენი, ლევან გორდეზიანი ქათმისა და კვერცხის პრობლემას ადარებს:

[ლევან გორდეზიანის ხმა] ,,ეხლა არის ორივე. გასაგებია, ქათამი დებს კვერცხს, კვერცხიდან იჩეკება ქათამი. მაგრამ, როცა არც ერთი არ გყავს, ერთ-ერთი უნდა დაუშვა, რომ გყავს და საიდღაციდან დაიწყო.” (სტილი დაცულია)

იმის საფუძვლად, რაც დაიწყო უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების კანონსა და პრეზიდენტის ბრძანებას ასახელებენ.

ორ ფაკულტეტზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები სექტემბრის დასაწყისში გაირკვევა, თუმცა კონკრეტულად რამდენი პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი დასჭირდებათ სტუდენტებს, ამას უნივერსიტეტში ჯერჯერობით ვერავინ ამბობს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG