Accessibility links

logo-print

შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ 10 მაისის ტერაქტი თბილისის რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს სპეცსამსახურებმა დაგეგმეს


ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და საქართველოს კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტებმა გუშინ დაასრულეს 10 მაისის

განუხორციელებელი ტერაქტის შემსრულებლის ვლადიმერ არუთუნიანის სახლის სარდაფის დათვალიერება. არუთუნიანის სარდაფში აღმოჩენილი საეჭვო ნივთების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ არ ახმაურებს არც ქართული და არც ამერიკული მხარე. თუმცა, მეორე მხრივ, სარდაფში აღმოჩენილი საბრძოლო არსენალი და დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებები, უდავოდ, ამყარებს ეჭვს, რომ ვლადიმერ არუთუნიანი მარტოხელა ექსტრემისტი არ იყო და მის უკან რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურები იდგნენ. ლეიბორისტული შრომის პარტია დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ეს ქვეყანა საქართველოა.

საქართველოს ლეიბორისტულმა შრომის პარტიამ 10 მაისის განუხორციელებელი ტერაქტის ორგანიზებაში საქართველოს ხელისუფლების დამადანაშაულებელი განცხადება უკვე გადაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ძნელი სათქმელია, რამდენად სერიოზულად აღიქვეს ამ ორგანიზაციებმა ქართველ ლეიბორისტთა პოზიცია. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ თუნდაც “დენთიანი დემოკრატიის” ქვეყანაში( ეს შალვა ნათელაშვილის ფორმულირებაა) ნებისმიერ ალტერნატიულ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს. შესაბამისად, საქართველოს ლეიბორისტული შრომის პარტიის ლიდერი 10 მაისს თბილისის რესპუბლიკის მოედანზე ტერაქტის მცდელობას - არც მეტი, არც ნაკლები - საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ პიარაქციად განიხილავს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ” 10 მაისს ბუშის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი განხორციელდა სააკაშვილის სპეცსამსახურების მიერ გაკოტრებული და იმიჯდაკარგული დიქტატორის გადასარჩენად, მისი სახელის ბუშთან ხშირად მოხსენიების მიზნით, როგორც ტერორით დაზარალებულის და დემოკრატიისათვის მებრძოლის რანგში.”(სტილი დაცულია)

შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ მას ცილისწამებისათვის პასუხისგება არ ელის, რადგან მოსაზრება ეფუძნება არა მხოლოდ ფაქტებისა და მოვლენების ანალიზს, არამედ კონკრეტულ ინფორმაციასაც:

[შალვა ნათელაშვილის ხმა]” პარტიის ანალიზის გარდა, არის შემოსული ინფორმაციები იმავე უშიშროების სამინისტროდან, კანცელარიიდან, სადაც უკვე იგრძნეს ძალიან ცუდი სუნი და ემზადებიან სხვა გემბანზე გადასახტომად და ინფორმაციას იძლევიან ძალიან უხვად და ძალიან მეგობრულად.”(სტილი დაცულია)

შალვა ნათელაშვილის ინფორმატორებს, კომენტარის თანახმად, ახალ გემბანად და მომავალ მმართველ ძალად სწორედ ლეიბორისტული პარტია მიაჩნიათ. ინფორმაცია კი, რომელიც ლეიბორისტებმა მოიპოვეს, ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ტერორში მხილებული პირი თანამშრომლობდა ხელისუფლების სპეცსამსახურებთან. ამისათვის ის მარაგდებოდა იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ძვირად ღირებული სახეობებით. 10 მაისს თბილისის ცენტრალურ მოედანზე მისი შესვლის გასამარტივებლად მმართველი პარტიის აქტივისტებმა სპეციალურად მოშალეს იარაღის დამდგენი დეტექტორი. სპეციალურად იყო მწყობრიდან გამოსული ყუმბარაც. ყუმბარის სროლის შემდეგ დამნაშავეს არც უფიქრია დამალვა. იგი განაგრძობდა საკუთარ ბინაში ცხოვრებას იმ გარანტიით, რომ მას არავინ შეეხებოდა. არუთუნიანის დაკავება გარდაუვალი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკის სპეცსამსახურებმა უცხოელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სურათებით პირდაპირ მიუთითეს ეჭვმიტანილზე.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ვერსია, რომელსაც 10 მაისის არშემდგარ ტერაქტთან დაკავშირებით გვთავაზობს საქართველოს ლეიბორისტული პარტია. პარტია მოითხოვს არუთუნიანის საქმე გამოსაძიებლად გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს გადაეცეს.
XS
SM
MD
LG