Accessibility links

როგორ ემზადება ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის


როგორც ცნობილია, 2005 წლის პირველ ოქტომბერს 5 მაჟორიტარულ ოლქში ეგრეთ წოდებული შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს. 27 ივლისის სხდომაზე

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ ოლქების საარჩევნო კომისიის წევრები დაამტკიცა და არჩევნებისთვის საჭირო ბიუჯეტიც მიიღო, 1 მილიონ 219 ათასი ლარის მოცულობით. ამასთანავე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, კანონით განსაზღვრული ვადის შესაბამისად, უნდა დაემტკიცებინა სხვა საოლქო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შედეგებიც, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რატომ? და, საერთოდ, როგორ ემზადება ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალი არჩევნებისთვის?

კანონით განსაზღვრულ ვადაში, ანუ 27 ივლისამდე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხოლოდ 5 საარჩევნო ოლქის თანამშრომელთა შერჩევა და დამტკიცება მოასწრო. ესეც იმიტომ, რომ ისნის, შუახევის, ტყიბულის, ქობულეთისა და ბათუმის ოლქებში პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნებია მოსამზადებელი.

თუ რატომ ეთქვა უარი სხვა დანარჩენი ოლქების, საერთო ჯამში, 70 საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ღონღაძისგან შევიტყობთ:

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] ”1500 კაცს ჰქონდა შემოტანილი განცხადება, ფაქტობრივად. ძალიან ძნელი იყო ყველას შევხვედროდით და გავსაუბრებოდით. არადა, კანონი ჩვენ გვავალდებულებდა 20 დღეში დაგვეკომპლექტებინა ეს ოლქები. ამის შემდეგ მათ უნდა გაევლოთ ტესტირება და შეიძლებოდა ძალიან ბევრს არჩეულებიდან ვერც გაევლო ეს ტესტები. ასე რომ, თავიდან უნდა გამოგვეცხადებინა ეს კონკურსი.” (სტილი დაცულია)

მომავალში ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო კომისიების წევრების შერჩევა-დამტკიცებას ტესტირების გავლის შემდეგ აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი თამარ ჟვანია ფიქრობს, რომ ამისთვის საჭირო იქნება კანონში ცვლილების განხორციელება:

[თამარ ჟვანიას ხმა] ”იმიტომ რომ თავისთავად კანონი აღარ არეგულირებს ამას. ეს ძველი კანდიდატები და ახლები უფრო დიდ დროში საფუძვლიანად გადამოწმდებიან, ალბათ. მე ვთვლი, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.”(სტილი დაცულია)

თამარ ჟვანიას სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია ისიც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია აპირებს, ფაქტობრივად, თავიდან შეადგინოს ამომრჩეველთა სიები. არადა, მის ფორმირებაზე უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის თუ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და ფინანსები დაიხარჯა. მე ალექსანდრე ღონღაძეს ვკითხე, რატომ არ მოსწონთ ძველი სიები.

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] ” სამწუხაროდ, ხდებოდა რაღაც გაუგებრობები, ხანდახან კომპიუტერის პროგრამისტის შეცდომებით. უბრალოდ, იყო სრული ქაოსი. და ჩვენ ახლა ყველაფერი დაგვყავს ერთ სისტემაზე. აი, ახლა მიდის მაგაზე ინტენსიური მუშაობა ამ 5 ოლქში, ხოლო შემდეგ მთელ საქართველოზე გავავრცელებთ ამ გამოცდილებას.”

ამ სამუშაოების შესრულება მხოლოდ 5 ოლქში ქვეყნის ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხა, 1 მილიონ 219 ათასი ლარი, დაუჯდება. აქედან 30 ათას 500 საოლქო კომისიებს მოხმარდება, საუბნო საარჩევნო კომისიებზე კი 879 ათასი ლარი დაიხარჯება. მომავალში მსგავსი მოცულობის თანხის დახარჯვა კიდევ 70 ოლქისთვის იქნება საჭირო. ალექსანდრე ღონღაძე ამბობს, რომ ეს სახსრები ხელისუფლების ახალი შტოს ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო:

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] ”მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ხო უნდა შევქმნათ. პირველი იქნება შედარებით ძვირი, შემდეგ კი ეს ყველაფერი დარჩება. ასე რომ... ხელისუფლების ახალი შტო ყალიბდება, ეგრეთ წოდებული საარჩევნო ხელისუფლება.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG