Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ტექნიკის გატანა ბათუმის ბაზიდან დაიწყო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 30 ივლისს, დილის 7 საათზე, ბათუმში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-12 ბრიგადის კუთვნილი სამხედრო ტექნიკით დატვირთულმა კოლონამ ბაზის ტერიტორია დატოვა.

ბათუმელებმა რუსი სამხედროები ყვავილებით და შუშხუნა ღვინით გააცილეს. არსებული ცნობებით, რუსეთის კუთვნილი ტექნიკა საქართველოს 31 ივლისს, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, დატოვებს. რა დადებითი შედეგებია მოსალოდნელი რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გატანის შემდეგ?

[ხმა კინოფილმიდან "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი": "პრინციპის საკითხია - გაიტანეთ!"]

კინოფილმ „ცისფერი მთების“ კინოგმირისგან განსხვავებით, საქართველოსთვის რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა მხოლოდ პრინციპის ამბავი არ გახლავთ: ბოლო 15 წელია, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები პოტენციურ საფრთხეს შეიცავს. თორემ სამხედრო თვალსაზრისით ბათუმისა და ახალქალაქის ბაზები რომ სათვალავშიც არ არის ჩასაგდები, ეს რუსული მხარისთვისაც ცნობილია. ექსპერტი სამხედრო საკითხებში კახა კაციტაძე ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზებს სამხედრო დანიშნულება ნამდვილად არა აქვთ:

[ კახა კაციტაძის ხმა] "სამხედრო ღირებულება ამ ბაზებისა ნულს უახლოვდება. უცებ რომ გადაუბრუნდეთ ტვინი და ბათუმზე რაღაც მოქმედებები დაიწყონ, თუ გაასწრებენ საქართველოს ტერიტორიიდან ეს ბაზები, თორემ წინააღმდეგობის გაწევაზე ლაპარაკიც ზედმეტია - თუგინდ ძალიან სუსტი წინააღმდეგობის გაწევაზე. ასე რომ, სამხედრო თვალსაზრისით, აქ თითქმის ნულთან გვაქვს საქმე."

მაშ, რატომ რეაგირებს რუსეთი ასე მტკივნეულად საქართველოდან თავისი ბაზების გაყვანაზე? - თავდაპირველად, ალბათ, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის გაგება არ იქნებოდა ურიგო. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, გამოკითხულთა 55 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები რუსეთის მისადგომებს აკონტროლებენ მტრული თავდასხმებისგან. 20 პროცენტის აზრით, ბაზების მიზანია რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და პოსტკომუნისტურ რესპუბლიკებში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა. 6 პროცენტი ფიქრობს, რომ ბაზები აძლიერებენ ადგილობრივ ხელისუფლებას და ასევე 6 პროცენტი ამ ბაზების არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

ოფიციალური კრემლის სურვილი, შეინარჩუნოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკუთარი ბაზები, ზოგადად, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: რუსეთი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან რუსი სამხედროების ადგილს ამ ქვეყნებში ნატოს ნაწილები დაიკავებენ. რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერაც ამ მიზეზით ჭიანურდება - რუსეთი ითხოვს, რომ მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზების განლაგებაზე უარის თქმა ხელშეკრულებაში იყოს შეტანილი. საქართველოს ხელისუფლება ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარს აცხადებს, თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში საქართველოში ამერიკული ან ნატოს ბაზების განლაგების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. თორემ ამას რომ ქართული მხარე მიესალმება, ეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის მიერ ამ წელიწად-ნახევრის წინ გაკეთებული განცხადებითაც დასტურდება:

[ჟურნალისტის ინტერვიუ დავით თევზაძესთან] "ამერიკული სამხედრო ბაზების შესაძლო განლაგება საქართველოში? მივესალმები.
კითხვა: არის ამის რეალური პერსპექტივა?
პასუხი: არ არის."
XS
SM
MD
LG