Accessibility links

logo-print

საქართველოს გაზეთები გორის ტერაქტის გახსნის შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში ყველაზე ხშირად ქართული პრესის ფურცლებზე შეხვდებოდით სტატიებს გორის ტერაქტის გახსნის შესახებ

- ინფორმაციას, კომენტარებს, ანალიზს. 27-28 ივლისის გაზეთი „ხვალინდელი დღე“ აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ სერგეი მარკოვთან, რომელიც, როგორც იტყვიან, ღია ტექსტით ამბობს:

„მიმაჩნია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში აუცილებლად უნდა მუშაობდნენ, ქმნიდნენ აგენტურულ ქსელს, მოიპოვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას გორის რაიონში, სადაც საომარი მოქმედებების დაწყებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რუსეთის სპეცსამსახურები რეგიონში მუშაობენ, მაგრამ ტერაქტების ორგანიზებით არ არიან დაკავებულნი. რუსეთში ვერ ხედავენ აუცილებლობას, ტერაქტებით შეუწყონ ხელი სააკაშვილის მმართველობის დასასრულის მოახლოებას.“

გორის ტერაქტის ორგანიზებაში საქართველოს ხელისუფლებამ ანატოლი სისოევი დაადანაშაულა. 29 ივლისის გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს სისოევის ბიოგრაფიულ მონაცემებს, საიდანაც ირკვევა, რომ რომ ის რუსეთის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკია და ყარაბახის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდა, 1995 წელს კი აზერბაიჯანში დააპატიმრეს პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის მცდელობისათვის. 6 წლის შემდეგ ის ციხიდან ამნისტიით გამოვიდა. ერთი პერიოდი უკრაინაში წავიდა, იქაური მოქალაქე გახდა და ბიზნესით დაკავდა. 2002 წლიდან უკვე ცხინვალშია და ედუარდ კოკოითის მრჩევლად მუშაობს. „სისოევი, მისი მამაც და ბაბუაც, - წერს “რეზონანსი”, - თბილისში დაიბადა და აქედან ხშირად დადიოდა აზერბაიჯანში. მისი ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ ავანტიურისტია და ცხელ წერტილებში ყოფნა უყვარს.“

რაც შეეხება შაბათის, 30 ივლისის, პრესას, ის ეხმაურება რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას, უკეთ, ამ გაყვანის დაწყების გაჭიანურებას. იგივე გაზეთი “რეზონანსი” წერს: „ქართველ ჩინოვნიკთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რუსების მიერ მოთხოვნილი საბუთი, რომლის მომზადებასაც ჩვეულებრივ ერთი თვე სჭირდება, მათ, საოცარი ოპერატიულობით, ერთ დღეში გააკეთეს. რუსული სამხედრო ბაზების შეიარაღებისა და ტექნიკის გატანა 3 მარშრუტით ხდება: ლარსიდან, სადახლოდან და ბათუმის პორტიდან. შეთანხმების თანახმად, არც ერთი რუსული ტანკი არ გაივლის აფხაზეთის ტერიტორიასა და როკის გვირაბს და, შესაბამისად, ვერც სეპარატისტებს ჩაუვარდება ხელში.“

გაზეთი “ალია” აეროპორტის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს უძღვნის წერილს, რომლის შედეგთა რეალიზება ჩაშლის პირასაა, და ვითარებას ასე აღწერს: „გამარჯვებული “ჩელებიც” და კონსორციუმიდან გამოთიშული “ჯითიესიც” ხავსმოჭიდებულებს ჰგვანან. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო “ჯითიესის” შეთავაზებას არანაირად არ გამოხმაურებია, ფსონი ჯერჯერობით მხოლოდ “ჩელებიზე” კეთდება, კვლავ ელოდებიან, როდის იშოვის ის ფულს. მაგრამ მას ფული არა აქვს, რის გამოც მშენებლობას ვერ იწყებს. მიუხედავად ამისა, არც ახალი ტენდერი ცხადდება,“ - წერს „ალია“.

გაზეთი “24 საათი” აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მეთიუ ბრაიზას თბილისში ყოფნასა და შეხვედრებზე წერს. მედია, ოპოზიცია, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია - ესაა საკითხები, რომელთა შესახებ მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის დროს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ასე უყვება “24 საათს” სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან დისკუსიის ფრაგმენტს: „საკმაოდ დიდი დრო დაეთმო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. მეთიუ ბრაიზამ პირდაპირ დასვა კითხვა, თუ რატომ არ არის პოლიტიკური ოპოზიცია უფრო აქტიური და ხალხის მიერ კარგად გაგებული, რომელსაც შემხვედრი არგუმენტებით უპასუხეს, რომ უკიდურესად ცენტრალიზებული ხელისუფლების პირობებში ადგილი არ რჩება პოლიტიკური ოპონირებისათვის.“ “24 საათის” ცნობით, „მეთ ბრაიზა ასევე დაინტერესდა, რამდენადააა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემები ძველი ინერციის შედეგი და რამდენადაა იგი ახალი პოლიტიკის ნაყოფი.“
XS
SM
MD
LG