Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დისკავერის" დაზიანების მიზეზების დადგენამდე, ნასა კოსმოსში ხომალდებს აღარ გაუშვებს


გუშინ აშშ-ის კოსმოსურ ხომალდ "დისკავერის" ეკიპაჟის ორი წევრი ღია კოსმოსში გავიდა. ასტრონავტებმა - იაპონელმა სოიჩი ნოგუჩიმ და ამერიკელმა სტივენ რობინსონმა - "შატლის" თერმოდამცველი ფილები შეაკეთეს, რასაც შვიდი საათი დასჭირდა. გარდა ამისა, მათ გატეხილი ანტენა ახლით შეცვალეს.

ასტრონავტებმა გამოიყენეს ხელსაწყო, რომელიც სპეციალისტებმა მას შემდეგ შექმნეს, რაც 2003 წელს კატასტროფა განიცადა კოსმოსურმა ხომალდმა "კოლუმბიამ". სხვათა შორის, "დისკავერი" ნასას პირველი ხომალდია, რომელიც მან კოსმოსში ხომალდ "კოლუმბიის" კატასტროფის შემდეგ გაუშვა. ახლა ლელა კუნჭულია ორწელიწადნახევრის წინათ მომხდარ ტრაგედიას გაიხსენებს და ნასას სადღეისო პრობლემებზეც ისაუბრებს.

კოსმოსური ხომალდის "კოლუმბიის" ტრაგიკული ისტორია მისი აფრენის დღეს, 2003 წლის 16 იანვარს დაიწყო. ანუ მაშინ, როცა საწვავის ავზსს გარე საფარის ფრაგმენტი მოსწყდა და ამან ხომალდის ფრთაზე ხვრელი გააჩინა. 16 დღის შემდეგ, როცა "კოლუმბია"დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნებას ცდილობდა, გადახურებული აირისა და წნევის ზემოქმედების შედეგად, ხომალდი ნაფლეთებად იქცა. ამ კატასტროფამ 7 ასტრონავტის სიცოცხლე შეიწირა.

"კოლუმბიის" ტრაგედიის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის სააგენტომ ორწელიწადნახევრიანი ტაიმაუტი აიღო. ნასამ ეს დრო ავარიის მიზეზების დადგენას, დამცავი სისტემის გაუმჯობესებას მოახმარა და თითქოს დარწმუნდა კიდეც, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდებოდა. მაგრამ ეს მაინც განმეორდა.

2005 წლის 26 ივლისს გაშვებული ხომალდის - "დისკავერის" საწვავის ავზს საიზოლაციო ფენის სულ ცოტა 3 ფრაგმენტი სწორედ აფრენისას მოსწყდა. როგორც ვთქვით, ნასას ექსპერტები მომხდარს არ მოელოდნენ და ამ მოულოდნელობაზე კოსმოსური ხომალდის პროგრამის მენეჯერი - ბილ პარსონსიც საუბრობს:

(ბილ პარსნსის ხმა) "ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩვენ აშკარად შევცდით. საგანგებოდ დავამონტაჟეთ სათვალთვალოები, რათა შეგვემჩნია ყველა ასეთი ნიუანსი. არ მოველოდით, რომ ავზისა და ორბიტალური საფეხურის გამმიჯნავ ნაწილს ასეთი რამ დაემართებოდა".

ასეთ სერიოზულ დაზიანებას – არა, მაგრამ გარკვეულ პრობლემებს მაინც მოელოდა პოლ ჰილი - ხომალდ "დისკავერის" ფრენის კოორდინატორი:

(პოლ ჰილის ხმა) "ჩვენ არ შეგვიძლია უფრო სრულყოფილი კონსტრუქციის შექმნა. მე მოველოდი, რომ ხომალდს მხოლოდ მცირედი ნაწილები მოსწყდებოდა".

"დისკავერის" 7-კაციან ეკიპაჟს ამერიკელი და იაპონელი ასტრონავტები წარმოადგენენ და ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთ კვირას დაჰყოფენ. უშუალოდ სადგურზე კი, ამჟამად ამერიკელი და რუსი ასტრონავტები მუშაობენ. ხომალდმა "დისკავერიმ", რომელმაც სადგურზე საკვები და სხვადასხვა მასალები აზიდა, რამდენიმე ექსპერიმენტში უნდა მიიღოს მონაწილეობა და დედამიწაზე, ნარჩენებთან ერთად, კოსმოსის ახალი ამბებიც უნდა ჩამოიტანოს.

გავრცელებული ცნობით, ხომალდის დაზიანებას ეკიპაჟის წევრების სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეუქმნია, თუმცა მათი დედამიწაზე დაბრუნების პროცესში საფრთხე ჯერ ისევ მოსალოდნელია. თუმცა ნასას ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ "დისკავერის" ეკიპაჟი 7 აგვისტოს უვნებლად დაბრუნდება დედამიწაზე და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. სააგენტო ავრცელებს ცნობას ხომალდების გაშვების შეჩერებასთან დაკავშირებით იმ დრომდე, ვიდრე რეციდიული დაზიანების მიზეზები არ დაზუსტდება და მისი პრევენციის გზები არ მოიძებნება. ამის შესახებ ოპტიმისტურად განწყობილი ბილ პარსონსიც საუბრობს:

(ბილ პარსონსის ხმა) "გამომჟღავნდა მომხდართან დაკავშირებული ზოგიერთი კარგი ამბავიც. მაგალითად, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არ დაზიანებულა ხომალდის ორბიტალური საფეხური. თუმცა მომხდარი საფუძველია იმისათვის, რომ შევჩერდეთ, ნაბიჯი უკან გადავდგათ და ვნახოთ, რის გაკეთება შეგვიძლია".

პარსონსის ცნობით, "დისკავერის" ზედაპირიდან მოწყვეტილი 3 ნაწილიდან ყველაზე დიდი დაახლოებით ხომალდ "კოლუმბიიდან" მოწყვეტილი ნაწილის ზომის იყო. თუმცა, მისი თქმით, ვიდეოფირზე აშკარად ჩანს, რომ თერმოდამცავი ზედაპირიდან აგლეჯილი ფრაგმენტი ხომალდის ორბიტალურ საფეხურს არ შეჯახებია.

ის, რაც ვიდეოფირზე აშკარად ჩანდა, გუშინ საკუთარი თვალით იხილეს ასტრონავტებმა. როგორც საუბრის დასაწყისშიც გითხარით, ორი მათგანი - იაპონელი სოიჩი ნოგუჩი და ამერიკელი სტივენ რობინსონი - ღია კოსმოსში გავიდა "შატლის" თერმოდამცველი ფილები შეაკეთა. სამშაბათისთვის და ოთხშაბათისთვის ღია კოსმოსში ასტრონავტთა კიდევ ორი გასვლაა დაგეგმილი. ეს კოსმოსური მასალა კი ლელა კუნჭულიამ მოამზადა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG