Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისური სადარბაზოები კვლავ საშიშ ადგილებად რჩება


თბილისის პოლიციამ საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში მომრავლებულ თავდასხმებში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი დააკავა. მათ შინაგან საქმეთა

სამინისტროს პრესსამსახური ,,სვანური დაჯგუფების” და ,,მძარცველთა ორგანიზებული დაჯგუფების” წევრებად მოიხსენიებს.
სადარბაზოებში ბოლო ხანს დაზარალებულთა შორის ოპერის სოლისტი, დეპუტატი, პროკურორი, კონტროლის პალატის სამმართველოს უფროსი და რამდენიმე უცხოელიც აღმოჩნდა.


პარლამენტის დეპუტატს კახა კუკავას ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციიდან დაურეკეს და მასზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების ამოსაცნობად დაიბარეს. პარლამენტის წევრს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში თავს 16 მაისს დაესხნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაძარცვეს. პოლიციასთან ერთკვირიანი ფორმალური ურთიერთობის შემდეგ კახა კუკავა თავისი საქმის გამოძიებით რამდენჯერმე დაინტერესდა, თუმცა ახალი ინფორმაცია მხოლოდ ივლისის ბოლოს მიიღო:

[კახა კუკავას ხმა] ,,მაინტერესებდა, რატომ არ მიმდინარეობდა გამოძიება. ძალიან გამიკვირდა, სხვათა შორის, ახლა რომ დამირეკეს. როგორც კი ჩავალ, მაინტერესებს, მართლაც, ვნახო ეს პირები.” (სტილი დაცულია)

თბილისში დაბრუნებულ დეპუტატს პოლიცია ამოსაცნობად წარუდგენს ორ პირს, რომლებსაც სამართალდამცავები ყოფილ სპორტსმენებად და ,,ორგანიზებული სვანური დაჯგუფების წევრებად” მოიხსენიებენ და კონკრეტულ გვარებსაც აქვეყნებენ. პოლიციის ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ორივე პირი თბილისში რამდენიმე ხნის წინ ჩამოვიდა და წლის დასაწყისიდან სადარბაზოებში ათზე მეტი თავდასხმა განახორციელა. კახა კუკავა, რომლისთვისაც ჯერჯერობით უცნობია, ფლობს თუ არა გამოძიება მტკიცებულებებს, ამბობს, რომ თავს ორი ადამიანი დაესხა, თუმცა მათ ავტომობილში კიდევ რამდენიმე ელოდა. დეპუტატს ახსოვს ერთი თავდამსხმელის გარეგნობა და ორივეს ე.წ. თბილისური საუბარი, რომელშიც არანაირი კილოკავი არ შეუნიშნავს.
კახა კუკავასგან განსხვავებით, მძარცველები არ დაუნახავს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტს ომარ ხოფერიას, რომელიც საღამოს ექვს საათზე რეპეტიციიდან ბრუნდებოდა და თავს ზურგიდან საკუთარი სახლის სადარბაზოში დაესხნენ:

[ომარ ხოფერიას ხმა] ,,აიდას” რეპეტიცია იყო და ,,აიდას” კლავირი მქონდა. წაიღეს ჩანთიანად და მერე თქვეს, ეტყობა, კომპიუტერი ეგონათო, ან რაღაცა. აბა, ნოტები რაში დასჭირდებოდათ?! ასეთი ინტელექტუალური ყაჩაღები არ იქნებოდნენ.” (სტილი დაცულია)

ოპერის სოლისტი, რომელსაც მძარცველებმა თავის არეში ჩაარტყეს, იხსენებს, რომ იმ დღეს საავადმყოფოში მეოთხე აღმოჩნდა, ვინც მსგავსი შემთხვევის გამო დაზარალდა. ,,სადარბაზოებში თავდასხმების რაოდენობამ სერიოზულ მასშტაბს მიაღწია, თუმცა საჯაროდ ამას არ აღიარებენ,” - ამბობს კახა კუკავა, რომელიც პირადი გამოცდილების შემდეგ საკუთარი საცხოვრებელი რაიონის - ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონის - მაგალითით დაინტერესებულა. დეპუტატის შეფასებით, ანალოგიური შემთხვევით დაზარალებული თითქმის ყოველი მეათე ადამიანია:

[კახა კუკავას ხმა] ,,განსაკუთრებით ჩემისთანა უბნებში იმიტომ, რომ აქ პატრული არ მოძრაობს, ტრასას მოცილებულია. ტრასაზე, სადაც მაინც ღამის ცხოვრებაა, პატრული მოძრაობს, ალბათ, შედარებით უფრო დაცულია, ვერ გეტყვით. ცოტა ტრასას მოცილებული ადგილები, ეს არის მიტოვებული პოლიციისგანაც და ყველასგანაც. პატრულის მთავარი დამსახურება არის ის, რომ არაფერს არ აშავებს, განსხვავებით ძველი საგზაო პოლიციისგან, რომელიც ხალხს ფულს სძალავდა. პატრული ფულს ნამდვილად არ სძალავს, მაგრამ არც არაფერს აკეთებს, აბსოლუტურად. არც დანაშაულის პროფილაქტიკას ახდენს, არც რაიმე ოპერატიულ მუშაობას ატარებს. აი, მანქანებით დასეირნობენ.” (სტილი დაცულია)

თბილისში სადარბაზოებში შესვლის შიშის ერთგვარი სინდრომი უკვე კარგა ხანია არსებობს. ოპერის თეატრის სოლისტი ომარ ხოფერია ამბობს, რომ ეს შეგრძნება თავდასხმიდან დაახლოებით ორ თვეში დაძლია:

[ომარ ხოფერიას ხმა] ,,შიში არა მაქვს, თანდათან გაიარა. დასაწყისში უფრო ვიყურებოდი აქეთ-იქით, კიდევ არავინ არ დამარტყას-მეთქი! ბუნებრივია, სიფრთხილის მომენტი არის. ერთხელ რომ ჩაგარტყამენ, მეორედ კი უნდა მოიხედო.” (სტილი დაცულია)

მომღერალი სადარბაზოებთან უკან მოხედვას და სიფრთხილეს სხვებსაც ურჩევს. ზამთარში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ძალის სრულად აღდგენა და ოპერის სცენაზე დაბრუნება მან მხოლოდ 7 თვეში შეძლო.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG