Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგანია ზაფხულში კულტურისათვის ვის სცხელა? ვის სცხელა


გაგანია ზაფხულში კულტურისათვის ვის სცხელა? ვის სცხელა

- საქართველოში, თორემ მთელ მსოფლიოში ამ დროს “გაგანია გასტროლების” სეზონია.

გასტროლებზე ჩადიან, თუმცა არა მგონია, მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში ახალი თეატრი ზაფხულში გაიხსნას. ქართველები ამ მხრივაც ორიგინალურები აღმოვჩნდით: 23 ივლისს, სწორედ იმ დღეს, როცა ტემპერატურამ ქალაქში 38 გრადუსამდე აიწია, თბილისის მუსიკისა და დრამის, ყოფილი მუსკომედიის, ახალი თეატრის პრეზენტაცია მოეწყო, იმ თეატრისა, სადაც ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმაც დაიდო ბინა... იმ თეატრისა, რომელსაც საბჭოთა ეპოქაში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრი ერქვა და სადაც სპექტაკლების სანახავად, რბილად რომ ვთქვათ, “სპეციფიკური” პუბლიკა დადიოდა.

იმხანად მუსკომედიის სიყვარული ლამის ადამიანის სოციალურ სტატუსს განსაზღვრავდა. სხვა დრო იყო – არავინ იცოდა მნიშვნელობა სიტყვისა “პოსტმოდერნიზმი”... მაგრამ დღეს სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ: ტელევიზიით -გასართობ-იუმორისტულ შოუსაც და ოპერაში - ვერდის “აიდასაც” ერთნაირი ენთუზიაზმით ვუყურებთ და ვუსმენთ. მუსკომედიის თეატრშიც ვივლიდით, მაგრამ, მოგეხსენებათ, 60-იან წლებში მშვენივრად გარემონტებული შენობა 90-იან წლებში (ე.ი. “პოსტმოდერნიზმი” როცა შემოიჭრა საქართველოში) დაანგრიეს. რემონტი გაჭიანურდა. მოგვიანებით საქმეში ბადრი პატარკაციშვილი ჩაერია და მუსკომედიას ახლა “მუსიკისა და დრამის თეატრი” ეწოდა.

მუსიკალური ცენტრის ახალი შეფის, კომპოზიტორისა და დირიჟორის ნიკა მემანიშვილის თქმით, ახალი თეატრის ოფიციალური გახსნა ოქტომბერშია დაგეგმილი. 23 ივლისს აქ მხოლოდ “სპეციფიკური” პუბლიკა დაპატიჟეს, უფრო სწორად, “დაგვპატიჟეს”... ტელევიზიის პოპულარული წამყვანები (მათ შორის - უკვე “ყოფილი წამყვანები”), თეატრის ხალხი, კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკები და ა.შ. ბოდიში მოგვიხადეს, რომ დარბაზში კონდიციონერები ჯერ არ მუშაობს, გაგვაფრთხილეს, რომ ძალიან ცხელა და მარაოები დაგვირიგეს.

ასე გაიმართა ძალიან საინტერესო სანახაობა: სცენაზე ალბერ კამიუს “ქალაქი ალყაში” და დარბაზში მარაოებიანი “სპეციფიკური პუბლიკა”, რომელსაც - არც მეტი, არც ნაკლები - სამსაათიანი სპექტაკლის ნახვა მოგვიხდა.

ძალიან ამაყი ვარ, რომ “სპეციფიკურ პუბლიკაში” მოვხვდი და ერთ-ერთმა პირველმა ვიხილე, მართლაც რომ, არაჩვეულებრივი შენობა თბილისში – შეიძლება ითქვას, საუკეთესო თეატრალური სივრცე, სადაც უამრავი ორიგინალური სანახაობის დადგმა შეიძლება, სადაც ყველა კუთხიდან მშვენივრად ჩანს წარმოდგენა და სადაც უჩვეულოდ კამერული, ოჯახური განწყობილება იქმნება.

წარმოდგენის დაწყებამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალი თეატრის გახსნაზე მთავრობაც მოდიოდა – მით უმეტეს, რომ უსაფრთხოების ზომები ყოფილი მუსკომედიის შენობაში მკაცრად იყო დაცული. მაგრამ, არტისტულ-სატელევიზიო ელიტის გარდა, ახალი თეატრის მთავარი რეჟისორის დავით დოიაშვილის დადგმას სხვა არავინ დასწრებია. შეიძლება იმიტომ, რომ ცხელოდა... შეიძლება იმიტომ, რომ მთავრობისთვის ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო ალბერ კამიუს პიესის ნახვა, პიესისა, რომელიც იმდენად პირდაპირ ასოციაციებს ქმნის, რომ მთავრობას კი არა, “სპეციფიკურ პუბლიკასაც” შეიძლება გაგვიჩნდეს უხერხულობის განცდა.

[სპექტაკლის ნაწყვეტი] “რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ახალი სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობა.” “ჩემი გაზაფხული რკინის ვარდებით ყვავის.”

კამიუს ეს პიესა, რომელიც 1947 წელს დაიწერა და რომლისთვისაც, სხვათა შორის, ალბერ კამიუ ნობელის პრემიით დააჯილდოვეს, 1990 წელს წავიკითხე, როცა “ქალაქი ალყაში” ჟურნალ “ინოსტრანნაია ლიტერატურაში” დაიბეჭდა. ამ მასალის მომზადების წინ პიესის გადაკითხვა ვეღარ მოვასწარი, არად, კარგი იქნებოდა შედარება... კარგი იქნებოდა იმის გარკვევა, მართლა ასეთი სწორხაზოვანია კამიუს ნაწარმოები, თუ რეჟისორმა გაიაზრა ასე “ქალაქი ალყაში”.

როგორც ჩანს, მაინც პიესაა ასეთი... ნაწარმოები, რომლის დადგმა სრული ფიასკოთი დასრულდა. როლან ბარტიც ხომ ადანაშაულებდა კამიუს იმაში, რომ “ჭირსა” და პიესაში “ქალაქი ალყაში” მწერალმა რეალიზმს უღალატა და ალეგორიული იგავის პირობითმა ენამ გაიტაცა. იმხანად, როცა კამიუს ეს პიესა დაიდგა, განსაკუთრებული გამჭრიახობა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, თუ რას გულისხმობს ალბერ კამიუ პერსონიფიცირებულ ჭირში, ესპანეთის ქალაქ კადოქსს რომ დაატყდება, თავის მდივან ქალთან, სიკვდილთან ერთად. სპეციალური ბარათები, რომელიც აქ მოსახლეობას ურიგდება, საკონცენტრაციო ბანაკების ასოციაციას აღძრავს. მაგრამ ახალი თეატრის პირველ სპექტაკლში მნიშვნელოვანი არა იმდენად ფაშიზმის ჭირის ჩვენება, რამდენადაც ხელისუფლების ცვლა, გაყალბებული არჩევნები, რევოლუცია და კონტრრევოლუცია ხდება.

[სპექტაკლის ნაწყვეტი] “მთავრობისადმი მიცემული ხმები განიხილება როგორც თავისუფალი ნების გამოხატულება.”

პირადად მე დავით დოიაშვილის წარმოდგენამ სულ სხვა წარსული გამახსენა - ეგრეთ წოდებული ”ზასტოის ეპოქა”, როცა რობერტ სტურუა ახერხებდა შექსპირის ტრაგედია პოლიტიკურ ფარსად გადაექცია, როცა საზოგადოება (და არამარტო ”სპეციფიკური მაყურებელი”) დაჟინებით ამტკიცებდა, ”მეფე ლირი” და ”რიჩარდი” ანტისაბჭოთა სპექტაკლებიაო.

ქართული თეატრი, როგორც ჩანს, ისევ ვერ თავისუფლდება სტურუას კომპლექსისგან. ”ქალაქი ალყაში” - ეს ”ბალაგანური სანახაობა”, მურაზ მურვანიძის უაღრესად ეფექტური დეკორაციით, მსახიობი-მარიონეტებით, რომელთაც ოქტომბრამდე, როცა ოფიციალურად გაიმართება სპექტაკლის პრემიერა, მეტყველების დახვეწაზე სერიოზულად უნდა იმუშაონ, ”სიმღერ-სიმღერა” მონოლოგებით, როცა არტისტი რატომღაც განუწყვეტლივ მარცვლავს სიტყვებს (დაახლოებით ასე: მი - ყვარ - ხარ!), ყველაფერი, რაც ვიხილეთ ყოფილი მუსკომედიის პირველ წარმოდგენაზე, სტურუას წარმოდგენების კარიკატურას ჰგავს. აშკარაა, რომ ალყაშია არა მარტო კამიუს პიესის ქალაქი, ალყაში არიან მსახიობები, ალყაში ვართ ჩვენ, მაყურებელი, საგანგებოდ დარიგებული მარაოებით რომ ვებრძვით უჰაერობას, ალყაშია თეატრი, რომლისთვისაც, სხვათა შორის, ხარაჩოები ჯერ კიდევ არ მოუხსნიათ.

[სპექტაკლის ნაწყვეტი - “ჩვენ მუდამ მორჩილნი ვიქნებით”]

მორჩილნი ვიქნებითო, ამბობენ ალყაში მოქცეული ქალაქის მცხოვრებლები. მერე კი ჩვენ, მაყურებელს, გვითრევენ მორჩილების მორევში - ”ადამიანი ფუნააო”, ამბობს სპექტაკლის ერთ-ერთი გმირი, ლოთი და მაწანწალა. და ჩვენ, ”სპეციფიკურ პუბლიკას”, მოგვწონს, როცა არტისტი, სიმღერ-სიმღერით რომ კითხულობს თავის მონოლოგს, კამიუს სიტყვებით შეგვახსენებს, რაოდენ გულუბრყვილო აღმოჩნდა ჩვენი რწმენა... იქ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საფრანგეთში, იმის რწმენა, რომ ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, მსოფლიოში აღარასდროს გაჩნდებოდა ტოტალიტარული რეჟიმები; აქ, პოსტრევოლუციურ საქართველოში, - თავისუფლების ეიფორია..

წარმოდგენის დასრულების შემდეგ ერთი ქალბატონი, დიდი მარაო რომ ეჭირა ხელში და სპექტაკლის დროს ხანდახან მეც მინიავებდა, ემოციებს ვერ მალავდა და ყვიროდა: ”დოი გმირია!”... სამი საათის მანძილზე თეატრალურ ალყაში მოქცეულ პუბლიკას დავით დოიაშვილმა შეიძლება, მართლაც, გაუღვიძა თავისუფლების განცდა. თუმცა თავად ალბერ კამიუ ამ განცდასაც ილუზიად მონათლავდა. აკი ამბობდა კიდეც, თავისუფლება არა წიგნებმა და არა მარქსმა, არამედ სიღარიბემ შემასწავლაო.

კამიუს თუ დავუჯერებთ, ”სპეციფიკურ პუბლიკას”, რომელიც საბჭოთა ეპოქაში მუსკომედიის თეატრში დადიოდა, მეტი შანსი ჰქონდა გამხდარიყო თავისუფალი, ვიდრე ჩვენ, მუსიკისა და დრამის თეატრის პრეზენტაციაზე დაპატიჟებულ ხალხს, ვისაც ალყაში ყოფნა ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG