Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი სადოქტორო დისერტაცია ქართულ სამხედრო მეცნიერებაში


საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებითი

სამხედრო საგანმანათლებლო სკოლის, “კადეტთა სკოლის”, გაუქმებამ და აბიტურიენტთა მიღების შეჩერებამ თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში უფრო განამტკიცა იმათი პოზიცია, ვინც ფიქრობს, რომ სამხედრო მეცნიერება საქართველოში ფუჭი სიტყვებია. თუმცა, ასეთი ნიჰილიზმის პირობებში, ორი კვირის წინ დაცულ იქნა საქართველოს სამხედრო მეცნიერებაში პირველი სადოქტორო დისერტაცია, რომელსაც, მისი ავტორის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. მინდა პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” პირველი ქართველი სამხედრო მეცნიერისა და მისი ნაშრომის შესახებ გესაუბროთ.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ელგუჯა მეძმარიაშვილი საქართველოს ისტორიაში სამხედრო მეცნიერებათა პირველი დოქტორი გახდა. სამხედრო-საინჟინრო აკადემიის დიდმა სამეცნიერო საბჭომ ივლისის დასაწყისში მეძმარიაშვილს ერთსულოვნად მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო წოდება ნაშრომისათვის, რომლის სახელწოდებისა და თემის შესახებ რადიო “თავისუფლებას” თავად მისი ავტორი ესაუბრა:

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] “სამუშაოს სახელწოდება გახლავთ “საქართველოს ტერიტორიის, კომუნიკაციისა და ინფრასტრუქტურის მომზადება თავდაცვისათვის. საქართველოს საბრძოლო მოქმედებათა ერთიანი სახელმწიფო-საინჟინრო უზრუნველყოფის კომპლექსი.” საკითხი, თავისთავად, შეესაბამება სამხედრო სპეციალობას, იმ ნომენკლატურათა ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც არსებობდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც ახლა გააჩნია საქართველოს და რომელიც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მონაცემთა მიხედვით არის შედგენილი.”(სტილი დაცულია)

ამგვარი ნაშრომის შექმნა საქართველოში არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ომისათვის ემზადება. ქვეყნის ერთიანი ტერიტორიული დაცვა და საინჟინრო უზრუნველყოფა, ელგუჯა მეძმარიაშვილის განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დონის პრობლემაა და მისი მნიშვნელობა იზრდება საქართველოს გეოგრაფიული და სტრატეგიული დანიშნულების გათვალისწინებით.

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] “მაგალითად, ის, რომ შეიარაღებულ ძალებში უკვე უნდა იყოს მილსადენების დაცვის ქვედანაყოფი, ავტოგზების ქვედანაყოფი, სარკინიგზო ქვედანაყოფი, წყლის მომარაგების ქვედანაყოფი და, ანალოგიურად, ესენი სამოქალაქო სტრუქტურებშიც უნდა იყოს, რომ განსაკუთრებულ პირობებში უკვე ერთობლივად ამოქმედდნენ, ეს ცხადია და ამ პროგრამაში სწორედ ეს იყო ჩადებული. მით უმეტეს, საქართველოს სტრატეგიული ფუნქცია დღეს საინჟინრო ინფრასტრუქტურით არის განპირობებული, იმდენად, რამდენადაც სატრანსპორტო დერეფანი, დაბოლოს, ტრანსკონტინენტალური ნავთობ-გაზსადენები, რომელმაც საქართველოს სტრატეგიული ფუნქცია მისცა, აი, ამ საინჟინრო ინფრასტრუქტურის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.”(სტილი დაცულია)

ვიდრე სამხედრო სფეროში პირველ სადისერტაციო ნაშრომს შექმნიდა, ელგუჯა მეძმარიაშვილის ავტორობით, კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტმა შექმნა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, რეფლექტორული ანტენა, რომელიც ღია კოსმოსში რუსმა კოსმონავტებმა ზუსტად 6 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, გაუშვეს. ამ ფაქტმა მაშინ მსოფლიო აღიარება მოიპოვა, ხოლო ქართულ სამეცნიერო ლაბორატორიაში შექმნილი რეფლექტორული სისტემებით მალე ევროპული კოსმოსური სააგენტოც დაინტერესდა.

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] “ძალიან საინტერესო დუკუმენტი გამოაქვეყნა ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ და მასში აღნიშნულია, რომ ევროპას სჭირდება სტრატეგიული რეფლექტორული სისტემები. ის გააჩნია ამერიკას, მაგრამ ამერიკაში შესრულებულია თავდაცვის დეპარატამენტის შეკვეთით და ყოველთვის ევროპისათვის მისაწვდომი ვერ იქნება. ამიტომ ქართული რეფლექტორი უნდა გახდეს ევროპული. და, მართლაც, დაიწყო ევროპული კოსმოსური სააგენტოს პროგრამა. შვიდი ქვეყნის მეცნიერები ვმონაწილეობდით შიგნით და დღეს უკვე ქართული ტექნოლოგიები უდევს ამ მიმართულებას ევროპაში.” (სტილი დაცულია)

თუკი ქართველი მეცნიერის მიერ შექმნილი რეფლექტორული ანტენა მხოლოდ კოსმოსური სახელმწიფოების ინტერესთა საგანს წარმოადგენს, ელგუჯა მეძმარიაშვილის პროექტით შექმნილი საინჟინრო-გასაშლელი ხიდები მეხუთე წელია საქართველოს არმიის შეიარაღებაშია და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ემსახურება. რაც შეეხება ახალ იდეებს, რის საფუძველზეც ქართველ მეცნიერს სამხედრო მეცნიერების დარგში დოქტორის ხარისხი მიენიჭა, ელგუჯა მეძმარიაშვილი შეგუებულია იმ აზრთან, რომ ამ იდეებმა, შესაძლოა, პოხიერი ნიადაგი სხვა ქვეყნებში უფრო ადრე პოვონ. მით უფრო, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში არათუ საკომუნიკაციო უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიული ხედვა არ არსებობს, არამედ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ვერაფერი მოუხერხა წვრილმან ქურდებს, რომლებმაც ყველა დიდი ქალაქის მაგისტრალებიდან პირწმინდად დახსნეს მიწისქვეშა კომუნიკაციების ლუკები და ჯართში ჩააბარეს. მაგრამ ელგუჯა მეძმარიაშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის საინჟინრო უსაფრთხოებაზე ზრუნვა სწორედ დღეიდან არის დასაწყები:

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] “საერთოდ, მეცნიერი შეგუებული უნდა იყო, გამოგონება სხვაა, პროექტი და ნაკეთობა - სხვა. მეცნიერი შეგუებული უნდა იყო, და ეს ღირსებაა მეცნიერისათვის, როდესაც მისი შედეგები დარჩება სხვასაც. მაგრამ თქვენ სწორი ბრძანდებით - უნდა გამოიყენოს თავად ქვეყანამაც. ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ თავისი სამხედრო ორიენტირების მიხედვით განსაზღვროს თავისი კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, გვირაბები, კაშხლები, მათი დაცვის საშუალებები და გამოიყენოს ისინი არა როგორც საკუთარი ძალების მობილურობის საშუალება, არამედ როგორც მოწინააღმდეგის ბლოკირების, ეს ისეთი ამოცანაა, რომელსაც, დღეს თუ დაგჭირდება, ერთბაშად ვერ გააკეთებ.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს საზღვარგარეთ სამხედრო შესყიდვები და არმიის საბრძოლო პოტენციალის გაძლიერება წარმოადგენს, სამხედრო მეცნიერებათა პირველი ქართველი დოქტორი ელგუჯა მეძმარიაშვილი იმედს არ კარგავს, რომ სამხედრო მეცნიერებას და სამრეწველო პოტენციალს საქართველოში მომავალი აქვს. ის და მისი თანამოაზრეები კიდევ რამდენიმე პროექტზე მუშაობენ, რომელთა პრეზენტაციაც, სავარაუდოდ, აგვისტოს თვეში გაიმართება. ერთ-ერთი პროექტი იარაღის ახალი მოდელის შექნასაც ითვალისწინებს, რაზეც, საიდუმლოების დაცვის მოთხოვნიდან გამომდინარ, ელგუჯა მეძმარიაშვილს საუბარი ჯერჯერობით მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG