Accessibility links

logo-print

უზბეკეთმა აუკრძალა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ბაზით სარგებლობა


ანდრო ეული, პრაღა უზბეკეთმა მოითხოვა, რომ შეეერთებულმა შტატებმა შეწყვიტოს ყარში-ხანაბადის სამხედრო-საჰაერო ბაზით სარგებლობა,

რითაც პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარასკევს გარიჟრაჟზე, გაერომ, ყირგიზეთში გახიზნული 440 უზბეკი ლტოლვილი თვითმფრინავით რუმინეთში ჩაიყვანა, რაც აშშ-ის ინიციტივით მოხდა. ეს ლტოლვილები მაისში გაიქცნენ ყირგიზეთში, როცა უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ მთავრობამ ძალა გამოიყენა, რამაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.



როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, უზბეკეთმა ყარში-ხანაბადის ბაზის დასატოვებლად 180 დღის ვადა მისცა შეერთებულ შტატებს; ბაზისა, რომლის მეშვეობითაც შეერთებულმა შტატებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა თალიბანისა და ალ-ყაიდის მებრძოლებს ანტი-ტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას ავღანეთში.

უზბეკეთის მთავრობა ადრეც აცხადებდა, რომ სურს ამერიკელების წასვლა სურს ყარში-ხანაბადის ბაზიდან, თუმცა არ ასახელებდა კონკრეტულ თარიღს, და ამერიკელები იმედოვნებდნენ, რომ ეს სადავო საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებში ნიკოლას ბერნსმა გადაწყვიტა უზბეკეთში ჩასვლა და ნებართვის მიღება, რომ საერთაშორისო კომისიამ გამოიძიოს ანდიჟანში მაისში მომხდარი ძალადობის ფაქტი, ოფიციალური ტაშკენტის პოზიცია მკვეთრად შეიცვალა.

ნიკოლას ბერნსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმად იყო შეშფოთებული ყირგიზეთში გახიზნული უზბეკი ლტოვილების ბედით, და აქტიურადაც დაუჭირა მხარი გაეროს ინიციატივას ლტოლვილთა ევაკუაციის საკითხში. "ვშიშობდით, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში უზბეკი ლტოლვილები
სასტიკად დაისჯებოდნენ" - განაცხადა ნიკოლას ბერნსმა. ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე წარმომადგენელმა, რომელმაც არ მოისურვა თავისი ვინაობის გამჟღავნება, გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსისათვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ არაა დასანანი ბაზის დაკარგვა, "თუკი დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უზბეკეთში დაიწყოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, ხოლო ანდიჟანში მომხდარი სისხლისღვრა საერთაშორისო კომისიის მიერ იქნეს გამოძიებულიო".

მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს 2001 წლის 11 სექტემბერს, უზბეკეთის მთავრობამ სულ მალე ყარში-ხანაბადის ბაზით სარგებლობა შესთავაზა შეერთებულ შტატებს. გამოყოფილი სახსრებისა და სამშენებლო ფირმების მეშვეობით ამერიკელებმა მყისვე გადააქციეს ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი მოძველებული და ნაკლებად გამოსადეგი კომპლექსი თანამედროვე საბრძოლო და ჰუმანიტარული ოპერაციების მაღალ დონეზე განხორციელებისათვის საჭირო სამხედრო-საჰაერო ბაზად.

გაუკეთა რა კომენტარი უზბეკეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ავღანეთში მყოფმა ამერიკელმა პოლკოვნიკმა ჯეიმს იონტსმა განაცხადა, რომ ყარში-ხანაბადის ბაზის დახურვა არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს ავღანეთში მიმდინარე ანტი-ტერორისტულ ოპერაციაზე, რომელსაც ამერიკის ჯარი ანხორციელებს. იონტსის თქმით, ამერიკელები ამჯერად ავღანეთში არსებული ბაზებით, აგრეთვე ყირგიზეთში მოქმედი მანასის აეროდრომით ისარგებლებენ.
XS
SM
MD
LG