Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ფინანსური ამნისტია დასრულდა


საქართველოში ფინანსური ამნისტიის ვადა უხმაუროდ, ყოველგვარი ”პი-არ აქციების” გარეშე ამოიწურა.

მთავრობის მიერ გაზაფხულზე გამოცემული დადგენილების საფუძველზე, არალეგალური ფინანსური შემოსავლების ლეგალიზების ვადა 1 მაისიდან 1 აგვისტომდე იყო შემოფარგლული. შესაბამისად, დროის ამ მცირე მონაკვეთში საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილმა თუ შეიტყო ფინანსური ამნისტიის შესახებ. რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა დამალული შემოსავლების ლეგალიზების უფლებით და რა მოცულობის თანხის ამნისტირება მოხდა?

”ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ფინანსური ამნისტიისთვის 3 თვიანი ვადა საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა. 1 მაისიდან 1 აგვისტომდე არადეკლარირებული შემოსავლების ლეგალიზება თანხის რომელიმე ბანკში შეტანით უნდა მომხდარიყო. მე მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტს ბონდო ზარნაძეს ვკითხე, თუ ისარგებლა ვინმემ კანონის ამ მუხლით მისი ორგანიზაციიდან, რომელიც 150-მდე იურიდიულ და 600 ფიზიკურ მეწარმეს აერთიანებს.

[ბონდო ზარნაძის ხმა] ”მართალი გითხრათ, მსგავსი შემთხვევა ჩვენი კავშირიდან არ ყოფილა.”

ამის მიზეზად არაინფორმირებულობა სახელდება, თუმცა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ნარმანია, ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ საკმარისი რეკლამა გაუკეთა არადეკლარირებული შემოსავლების ამნისტიას:

[დავით ნარმანიას ხმა] ”არ იყო ხშირი სატელევიზიო რეკლამები, ან საგაზეთო რეკლამები, ან სხვა საინფორმაციო ღონისძიებები მეწარმეებისთვის. ჩემი აზრით, არ შეიძლება ითქვას, რომ ამან ჩაიარა უჩუმრად, იმიტომ რომ საკმაო ხნის მანძილზე აკეთებდა პი-არ კამპანიას ქვეყნის ხელისუფლება. ”

მაინც რა შედეგით დამთავრდა ფინანსური ამნისტიის 3 თვიანი პერიოდი? - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის მონაცემებით, ფინანსური ამნისტიის 3 თვიან მონაკვეთში საბანკო დეპოზიტებზე არსებული თანხა 47 მილიონი ლარით გაიზარდა. რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ თანხის ასეთი მატება ფინანსური ამნისტიის შედეგია.

ჯერჯერობით უფრო ზუსტი პასუხის გაცემა უჭირს ფინანსთა მინისტრს ლექსო ალექსიშვილსაც, რადგან ინფორმაციის შეჯამებას რამდენიმე დღე ესაჭიროება. მისივე განცხადებით, ბიზნესმენებს ან კერძო პირებს შეუძლიათ არალეგალური შემოსავლების თუ ქონების დეკლარირება 2005 წლის ბოლომდე მოახდინონ, ოღონდ ამ შემთხვევაში 1 პროცენტიანი გადასახადის გადახდა მოუწევთ. მე მას ვკითხე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არალეგალური ქონების მფლობელმა არც ამ ვადით ისარგებლა.

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”2004 წლის 1 იანვრამდე არსებული მდგომარეობის შემოწმებას აღარ ახდენენ ფისკალური ორგანოები, საგადასახადო დეპარტამენტი. საუბარი არის სხვადასხვა მოხელეების ან კერძო პირების მიერ დაგროვილ არადეკლარირებულ ქონებაზე ან შემოსავალზე. ჩვენ არ ვამოწმებთ, მაგრამ ვაძლევთ საშუალებას მოახდინონ მათი დეკლარირება. ”

ლექსო ალექსიშვილი დასძენს, რომ ფისკალური ორგანოები, ძირითადად, იურიდიულ პირებს არ გაუხსენებენ 2004 წლის 1 იანვრამდე შექმნილ არალეგალურ ბიზნესს. მისი დეკლარირებით, ჩვენ თეთრი ბიზნესის დაწყების საშუალებას ვაძლევთ ყველასო, დასძინა ფინანსთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG