Accessibility links

logo-print

თამარ აბაკელია – 100


19 აგვისტოს 100 წელი გავა ქართველი მოქანდაკის,

გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის თამარ აბაკელიას დაბადებიდან. სწორედ თამარ აბაკელიაა ავტორი ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის რელიეფური ფრიზისა, რომელიც ეროვნული მოძრაობის აქტივისტებმა 90-იანი წლების დასაწყისში გაანადგურეს. იმხანად ბევრმა, უბრალოდ, არ იცოდა, რომ ეს 5 კომპოზიცია შექმნა ქართული-საბჭოთა მხატვრობის კლასიკოსმა, იაკობ ნიკოლაძის საყვარელმა მოწაფემ თამარ აბაკელიამ, რომლის იუბილეს ეძღვნება “ოქროს საუკუნის”დღევანდელი პროგრამა.

“ბათუმელთა მიტინგი 1902 წელს”, “ოქტომბერი საქართველოში”, “ინდუსტრია საქართველოში”, “სოფლის მეურნეობა საქართველოში”, “ბედნიერი ცხოვრება”... ასე მონათლეს ეგრეთ წოდებული “იმელის” ფასადზე მოთავსებული თამარ აბაკელიას კომპოზიციები, რომელსაც აქ კიდევ მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა პორტრეტები ემატება. ჰოდა, აბა, როგორ არ შეასხამდნენ საღებავს ასეთი შინაარსის კომუნისტურ ხატებს, როგორ არ დაანგრევდნენ აბაკელიას რელიეფურ ფრიზს იმ დროს, როცა ქვეყანაში კომუნისტური სისტემა ინგრეოდა?! 80-იანი წლების მიწურულისა და 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოსთვის ერთნაირი ღირებულება ჰქონდა ლენინისა და ორჯონიკიძის ძეგლებს თბილისში და აბაკელიას სკულპტურულ კომპოზიციებს. თუმცა კომუნისტური ხატების მსხვრევის პათეტიკა რატომღაც არ შეხებია სტალინის ძეგლებსა და პორტრეტებს, იმ სტალინისა, რომლის დაკვეთით აშენდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი, რომლის დაკვეთით თუ არა, უშუალო ჩარევით მაინც დამკვიდრდა ჩვენში ეგრეთ წოდებული სოცრეალიზმი – მეთოდი თუ სტილი, რომელსაც ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია “იდეალიზირებულ ნატურალიზმს” უწოდებს:

[გოგი ხოშტარიას ხმა] “მხატვრობა დამხრჩვალი იყო სოცრეალიზმში – იდეალიზირებულ ნატურალიზმში... პრაქტიკულად უმცირესი გაფიქრებაც კი მხატვრულ ენაზე, ფორმაზე, სპეციფიკაზე, რაც არის ინდივიდუალობის გამოვლენა, მასალის გამოვლენა, განზოგადება, დეფორმაცია, ტრანსფორმაცია, ხაზი, ის, რაც არის ხელოვნების ენობრივი საფუძველი, ძირშივე იდევნებოდა. კაკაბაძე, მაგალითად, ამას შეეწირა.”(სტილი დაცულია)

ამას არამარტო დავით კაკაბაძე შეეწირა. იდეალიზირებული ნატურალიზმის ეპოქის მსხვერპლი გახდა თამარ აბაკელიაც, რომელიც 48 წლისა გარდაიცვალა, თანაც როდის... 1953 წლის 14 მაისს, როცა ქვეყანა ახალ ცხოვრებას იწყებდა. თუმცა რატომ მსხვერპლი? თუკი დავით კაკაბაძისთვის სოცრეალიზმი სრულიად უცხო აღმოჩნდა, იმდენად უცხო, რომ მხატვარმა არც დამალა ზემოდან ნაკარნახევი სტილის მიმართ გაუცხოება, პროფესიით მოქანდაკემ, თამარ აბაკელიამ, ძალიან მალე გაითავისა 30-იან წლებში დამკვიდრებული ქვის კერპების ესთეტიკა და სახვითი ხელოვნების ყველა დარგში ერთნაირი წარმატებით გამოავლინა თავი.

1937 წელს, მაგალითად, “იმელის” ბარელიეფების პარალელურად, თამარ აბაკელიამ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებზე დაასრულა მუშაობა. მოქანდაკე ქალის ამ ილუსტრაციებს არაფერი აქვს საერთო არც ლადო გუდიაშვილის აღმოსავლურ ზღაპართან და არც სერგო ქობულაძის კლასიკურ ენასთან. ესაა შუასაუკუნეების ფერწერის აღორძინების ცდა, რომელიც 30-იან წლებში სრულიად ბუნებრივად აღიქმებოდა. იგივე შეიძლება ითქვას ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების ილუსტრაციებზე, რომელიც თამარ აბაკელიამ მოგვიანებით, 40-იან წლებში, შეასრულა – სკულპტურული პათეტიკა აქ კულმინაციას აღწევს. წიგნის გრაფიკა ქანდაკებად იქცევა. რამდენად გამოხატავს ასეთი სტილი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების სულისკვეთებას - ეს სხვა საქმეა. ეპოქის სულისკვეთებას კი ნამდვილად გამოხატავს.

მხატვარი ირაკლი ოჩიაური ქანდაკების ხელოვნებას სწორედ იმ წლებში ეუფლებოდა, როცა თამარ აბაკელიამ ვაჟა-ფშაველას ილუსტრაციებზე დაასრულა მუშაობა. ბატონი ირაკლი აღნიშნავს, რომ იმხანად უამრავმა ადამიანმა დაიჯერა, რომ ხელოვნება სხვას არაფერს უნდა გამოხატავდეს, გარდა სოციალისტური სინამდვილისა. 40-იან წლების მეორე ნახევრიდან ამ თემებს უკვე არა ხელისუფლება, არამედ თავად პუბლიკა უკვეთდა:

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “უნდა გაგეკეთებინა მეჩაიე, მემაღაროე, მეტალურგი, ტრაქტორისტი.. ქალი კალათით, მემაღაროე ჩაქუჩით, მეტალურგი კოლბით.”(სტილი დაცულია)

თუმცა 40-იან წლებში თამარ აბაკელიას შემოქმედებაში მაინც შეინიშნება ცვლილებები. მისი გრაფიკა, ქანდაკება, პროპაგანდისტული პლაკატები, რომელსაც მხატვარი ომის წლებში ქმნიდა, მძიმდება და ტლანქი, უხეში ხდება. ამავე დროს, მოულოდნელად მძაფრდება პერსონაჟების ფსიქოლოგიური გამომხატველობა. ეს ცვლილებები აშკარაა სურამში დადგმულ ლესია უკრაინკას ძეგლში და, განსაკუთრებით, გიორგი სააკაძის სკულპტურულ ქანდაკებაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შეიქმნა. თუმცა ომი არ იყო ამ ქანდაკების შექმნის საბაბი. უბრალოდ, თამარ აბაკელია იმხანად მიხეილ ჭიაურელის ფილმის, “გიორგი სააკაძის, მხატვრად მუშაობდა.

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “მე დამსვეს და აქანდაკებდნენ ჩემს თავს, რომელიც უნდა ჩაედოთ ყუთში. აი, მაშინ გავიგე, რომ უნდა მოეჭრათ თავი. ისე შევშინდი... აქანდაკებდნენ ჩემს თავს და ვფიქრობდი, რისთვის უნდათ ნეტა ეს თავი, ალბათ, მოჭრიან და მერე დაიდგამენ და უყურებენ.”(სტილი დაცულია)

ეს კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილია, პაატას როლის შემსრულებელი ჭიაურელის ფილმშ. იმხანად იგი 5 წლის იყო, მაგრამ ჩვენთან საუბარში მერაბ კოკოჩაშვილი დაწვრილებით აღწერს იმ დამთრგუნავ ატმოსფეროს, რომელიც თამარ აბაკელიამ და ოპერატორმა დიღმელოვმა თბილისის კინოსტუდიის პავილიონებში შექმნეს:

[მერაბ კოკოჩაშვილი ხმა] “შეკერილი იყო არაჩვეულებრივი კოსტიუმები. მე რომ მიკერავდნენ კოსტიუმს, მახსოვს, რა მასალა იყო. ძვირფასი იყო ყველაფერი, სულ ბრწყინავდა. მერე დიდი ხნის განმავლობაში შაჰის სასახლის დეკორაცია იდგა პავილიონში. ახლაც რომ ვუყურებ, განცვიფრებული ვარ. როგორც ჩანს, სტალინი მაშინ მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა, რომ ასეთი ფილმები გადაღებულიყო.”

“გიორგი სააკაძემდე” თამარ აბაკელიამ ჭიაურელის ფილმის, “არსენას”, მხატვრად იმუშავა. მერე უკვე, ომის შემდეგ, მხატვრული ფილმი “დავით გურამიშვილი” გააფორმა. დაინტერესდა თეატრითაც. ვისაც ეს ფილმები ახსოვს, უთუოდ დაგვეთანხმება, რომ აბაკელიამ, რეჟისორებთან ერთად, შექმნა თავისებური კინობარელიეფები – კინოეკრანიც კი დაამსგავსა იმ რელიეფურ ფრიზს, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დააზიანეს. ამ ნამუშევრებს ერთმანეთისგან მხოლოდ შინაარსი განასხვავებს: კინოში – დავით გურამიშვილი, არსენა, გიორგი სააკაძე, “იმელის” ფასადზე კი – ქართველი რევოლუციონერები, მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსები და ხუთწლედის გმირები. ფორმა არ იცვლება. ფორმას შუა საუკუნეებში გადავყავართ და სწორედ ეს ფორმა, ეს ეგრეთ წოდებული “ტოტალიტარული ესთეტიკა” გამოხატავს ეპოქის სულისკვეთებას.

დღეს ვერავინ იტყვის, როგორი იქნებოდა თამარ აბაკელიას ესთეტიკა, მას სხვა ეპოქაში, თუნდაც 60-იან წლებში, რომ ეცხოვრა. შეიძლება მას ისეთი უბრალო, ადამიანური ქანდაკებები შეექმნა, როგორიცაა, მაგალითად, “იმერელი ბიჭი”, თამარ აბაკელიას შედევრი, გამოძერწილი 1928 წელს, სანამ ქვეყანაში შუა საუკუნეების ესთეტიკა აღორძინდებოდა. მაგრამ ეს ქანდაკება დღეს ნაკლებად ახსოვთ. ქართველი მხატვრის ასი წლის იუბილეზე უფრო მეტად “იმელის” ფასადზე განლაგებულ კომუნისტურ ბარელიეფებს, ამ ნამუშევრების შექმნისა და განადგურების ისტორიას იხსენებენ.
XS
SM
MD
LG