Accessibility links

logo-print

არქეოლოგიური სიძველეები და კერძო საკუთრება


უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთი ნაწილის შემოსავლის ალტერნატიულ წყაროდ თვითნებური

არქეოლოგიური გათხრებიც კი იქცა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო კახეთში. სოფელ ულიანოვკაში, მაგალითად, მიწის კერძო მესაკუთრენი თავიანთი საკარმიდამო მიწის ღრმა ფენებში მოპოვებულ უძველეს ნივთებს შუამავლების მეშვეობით ყიდდნენ. საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ გათხრების შედეგად მოძიებული უნიკალური მასალა საზღვარგარეთაც გადიოდა. ამგვარი ფაქტების საწინააღმდეგოდ გვაქვს სამაგალითოდ დადებითი პრეცედენტიც. ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ტუფურიების სამოქალაქო ნებისა და მათ საკარმიდამო ნაკვეთში წარმოებულ არქეოლოგიური გათხრების შესახებ საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი. მოელის თუ არა ტუფურიების ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და რა ბედი ელით, საზოგადოდ, იმ ადამიანებს, რომელთა კუთვნილი მიწის ნაკვეთი სახელმწიფო მნიშვნელობის განძს იტევს?

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, მურთაზ ტუფურიას საკარმიდამო ნაკვეთში, კოლხეთის ექსპედიცია დღესაც განაგრძობს მუშაობას. არქეოლოგთა ინტერესს იწვევს კოლექტიური სამარხი, რომელიც კოლხეთში ბევრგან გვხვდება, თუმცა ზუგდიდის ზონაში - პირველად. სამარხი გამოირჩევა როგორც ინვენტარის სიუხვითა და მრავალფეროვნებით, ისე სიძველით. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სამარხში ნაპოვნი მასალა ძველი წელთაღრიცხვის მე-8, მე-7 საუკუნეებს განეკუთვნება და 300-400 წლით უსწრებს ვანში აღმოჩენილს. კოლხეთის ექსპედიცია მუშაობას ჯერ მხოლოდ შეუდგა და წინ, ალბათ, კიდევ არაერთი სიურპრიზი გველის, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას ტუფურიების ოჯახის კონსტიტუციურ უფლებებსა და მოვალეობებზე შევაჩერებ. მით უფრო, რომ ცაიშის პარალელურად, გვაქვს კიდევ ერთი აღმოჩენა გორში, ქუთაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლის ეზოში სამარხი და ეკლესიის ნანგრევებია ნაპოვნი. მოუსმინეთ საქართველოს არქეოლოგიური კვლევების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჯაფარიძეს:

[ვახტანგ ჯაფარიძის ხმა]” ამჟამად, კანონმდებლობის შესწორების შემდგომ, ყველა ნივთი, აღმოჩენილი საკარმიდამო ნაკვეთებზე, არ არის პიროვნების, მაგრამ ამ პიროვნებას შეუძლია არ დათმოს, არამედ სახელმწიფომ დააწესოს კონტროლი ამ ნივთის მდებარეობის შესახებ, მდგომარეობის შესახებ - სად არის და ვისთან არის, არ მისცეს გაყიდვის უფლება, უცხოეთში გატანის უფლება, თუ ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ცდილობს, რომ შეიძინოს.”(სტილი დაცულია)

საკარმიდამო ნაკვეთიც პირადი საკუთრებაა და, შესაბამისად, მის მფლობელს უფლება აქვს ექპედიციას გათხრების ნება არ დართოს იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიიღებს კომპენსაციას - თუნდაც იმავე ნარგავებისთვის, რომელიც გათხრების დროს ზიანდება. ნარგავების ფართობების დროებითი შეძენა გათხრების დროს კარგად იყო აპრობირებული, მაგალითად, ვანში. ტუფურიების ოჯახმა თხილისა და დაფნის ხეების იძულებითი განადგურების სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 400 ლარი მიიღო. თანხა მინიმალურია, თუმცა აღნიშნული ოჯახი დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობით ეკიდება იმას, რაც მის კუთვნილ მიწაზე ხდება.

[ვახტანგ ჯაფარიძის ხმა]” ჩვენ ახლა აქ, ცაიშში, გათხრის შემდგომ ამ თხრილს შევავსებთ. ასე იქნება სხვა თხრილებზე და ის შემდგომში გამოსაყენებელი იქნება მეურნეობისთვის. შევსებები მოხდება ამოღებული თხრილებისა და კვლავ იქნება შესაძლებელი მცენარეულობის მოშენება.”(სტილი დაცულია)

ეს, რაც შეეხება არქეოლოგიური კვლევის ფართობებს. ხოლო რაც შეეხება გათხრების პროცესში გამოვლენილ ექსპონატებს, ბატონი ვახტანგ ჯაფარიძე განმარტავს, რომ არქეოლოგიური მონაპოვარი მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაა და მას ვერავინ მიითვისებს. მიწის მესაკუთრისთვის არც ჰონორარული ჯილდოა გათვალისწინებული. კერძო პირის დამსახურება არ არის ის, რომ 2800 წლის წინანდელი ნივთი სწორედ მის მიწაში აღნოჩნდა, ასკვნის ბატონი ვახტანგი. იგი, მეორე მხრივ, ადასტურებს, რომ თუ ოჯახი მის ეზოში წარმოებული სამუშაოების გამო დისკომფორტს იგრძნობს, უფლება აქვს სანაცვლო კარმიდამო მოითხოვოს. მიუხედავად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ატეხილი აჟიოტაჟისა, როგორც ირკვევა, ტუფურიებს არც ამგვარი რამ მოუთხოვიათ და, უფრო მეტი, არც საკომპენსაციო თანხა დაუსახელებიათ:

[მედეა ჭითანავას ხმა]”არავითარ შემთხვევაში. არც 70 000 ლარი და არც ერთი კაპიკი ჩვენ არ დაგვისახელებია, ქალბატონო, არავისთვის და ასეთი დეზინფორმაციები საიდან მოდის, ჩემამდე არ დადის. ეს სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს და რამდენად აუცილებელია ამისი გათხრების წარმოება და რამდენად სჭირდება ეს ჩვენს ისტორიას, ეს არავისი გადასაწყვეტი არ არის, მე მგონი. და საიდან მოდის ეს ინფორმაციები? ძალიან გაბრაზებული ვარ, როგორც ოჯახის დიასახლისი, და ყველა - თითოეული წევრი ჩვენთაგანი.” (სტილი დაცულია)

დიასახლისის ნათქვამიდანაც ცხადია, რომ ტუფურიების სახლის დანგრევაზე საუბარი ჯერჯერობით უადგილო და ნაადრევია. მით უფრო, რომ ყულევის პორტის სამშენებლო სამუშაოების გამო, ექსპედიცია ცაიშში მუშაობას მოკლე ხანში შეწყვეტს. წელს ცაიშში დამატებითი ფართობის გათხრა პრაქტიკულად მოსალოდნელი არ არის. მომავალი წლის სამუშაოები კი ახალი კოლექტიური სამარხის აღმოსაჩენად უკვე გაჭრილი თხრილის მახლობლად ჩატარდება. ეზო დიდია დ, შესაბამისად, ამოძირკვა სახლს კი არა, მხოლოდ დაფნის ნარგავებს ემუქრება.
XS
SM
MD
LG