Accessibility links

logo-print

ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი - უკანონობის თუ გაურკვევლობის ადგილი

  • ნინო როდონაია

ერთი თვის წინ საქართველოს პარლამენტმა საბაჟო ტარიფისა და გადასახადების კანონი შეცვალა. რამდენიმე ახალი წესი, რომელიც ოფიციალურად 4 აგვისტოდან

ამოქმედდება, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე უკვე იქცა ქვეყნის მოქალაქეებისა და საბაჟო სამსახურის კონფლიქტის მიზეზად. ამ თვალსაზრისით, ერთგვარ ,,ცხელ წერტილს” წარმოადგენს ლაგოდეხის გამშვები პუნქტი, სადაც აზერბაიჯანიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებს ამოწმებენ. მათ, მებაჟეებისგან განსხვავებით, 30 ივნისს დამტკიცებული კანონის ტექსტი აქვთ და პრეტენზიას არა მხოლოდ საბაჟო სამსახურის, არამედ ამ კანონის ავტორებისადმიც გამოხატავენ.


თუ საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს ხუთ კილოგრამზე მეტი საკვები პროდუქტი ან პირადი სარგებლობის ორმოცდაათ კილოგრამზე მეტი და 300 ლარად ღირებული არაერთგვაროვანი საქონელი მოაქვთ, საბაჟო ბეგარას ექვემდებარებიან. ახალი წესი, დოკუმენტის სახით, ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მებაჟეებს ოფიციალურად დღემდე არ მიუღიათ. მათგან განსხვავებით, საბაჟო ტარიფთან დაკავშირებული კანონის ტექსტს ლაგოდეხის პუნქტზე შეკრებილი მოქალაქეები უკვე ფლობენ:

[ლაგოდეხის პუნქტთან შეკრებილი ქალების ხმა. გამოხატავენ უკმაყოფილებას ახალი კანონის გამო]

ელემენტარული თანხის მოსაპოვებლად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მგზავრობით უკვე შეწუხებული ამ ადამიანებისთვის მიუღებელი ახალი წესი ოფიციალურად 4 აგვისტოდან ამოქმედდება. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოქალაქეთაგან ტვირთის ახალი წესით განბაჟებას ჯერ კიდევ ივლისიდან ითხოვდნენ, უარყოფს საბაჟო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კახა ჭაბაშვილი:

[კახა ჭაბაშვილის ხმა] ,,მიმდინარეობდა მოსახლეობის ინფორმირება, რომ, ბატონო იმპორტიორებო, თქვენ, აი, 4 აგვისტოს შემდეგ ვეღარ შეძლებთ ხუთ კილოგრამზე მეტი პროდუქტის შემოტანას განბაჟების გარეშე. ეს ალიაქოთი უკავშირდება ამას, გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ გადასახადის გადახდა არავის სიამოვნებს.” (სტილი დაცულია)

უკმაყოფილების მიზეზი სრულიად ბუნებრივია. გარდა მსხვილი იმპორტიორებისა, რომლებიც საბაჟო გადასახადს თავს სხვადასხვა გზებითა და საკმაოდ მდიდარი ფანტაზიის მეშვეობით არიდებენ, მეზობელ ქვეყნებში პროდუქციის შეძენითა და საქართველოში რეალიზაციით თავს ირჩენს არაერთი ადამიანი, რომელთაც ხელისუფლება სამუშაო ადგილებით ვერ უზრუნველყოფს და, ამ მხრივ, ჯერჯერობით არც რაიმე სასიკეთო ტენდენცია ჩანს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ბუცხრიკიძე არ უარყოფს, რომ საბაჟო ტარიფის ახალი კანონი ხარვეზებს შეიცავს:

[ზურაბ ბუცხრიკიძის ხმა] ,,მართლაც, სადავო საკითხია. ზოგჯერ ადამიანები მოდიან, მართლაც, პირადი მოხმარების ნივთები მოაქვთ და იქ უხვდებათ პრობლემები, საბაჟოებზე.” (სტილი დაცულია)

დეპუტატს იმედი აქვს, რომ ახალი საბაჟო კოდექსი, რომლის დამტკიცებასაც პარლამენტი წლის ბოლომდე აპირებს, საბაჟო გადასახადებთან დაკავშირებულ სადავო დეტალებს დააზუსტებს. მანამდე კი იმოქმედებს ახალი წესები, რომელმაც ელემენტარული საარსებო მინიმუმი, შესაძლოა, კიდევ არაერთ ადამიანს დაუკარგოს. შექმნილი სოციალური მდგომარეობის გამო, მათთვის გადასახადების გადახდისა და კანონის დაცვის აღიარებული პრინციპების გაზიარება ჯერჯერობით საკმაოდ დიდ ფუფუნებად რჩება.
XS
SM
MD
LG