Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ცვლილებებია მოსალოდნელი საუდის არაბეთის პოლიტიკაში მეფე ფაჰდის გარდაცვალების შემდეგ?


ანდრო ეული, პრაღა რა ცვლილებებია მოსალოდნელი საუდის არაბეთისა და თავად ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში

მეფე ფაჰდის გარდაცვალების შემდეგ? 1995 წლიდან მოყოლებული, როცა ფაჰდმა მძიმე ინსულტი გადაიტანა და ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო ვეღარ ართმევდა თავს ნაკისრ ვალდებულებებს, ქვეყანას ფაქტობრივად მართავდა ფაჰდის უმცროსი ძმა, პრინცი აბდულა, რომელიც საუდის არაბეთის ახალი მონარქი გახდა. განვლილი ათწლეულის მანძილზე აბდულას ფრთხილი გეზი ჰქონდა აღებული: დასავლეთთან და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის პარალელურად იგი მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებდა ქვეყნის კონსერვატიულ, ვაჰაბისტ მუსლიმანთა ლიდერებთან. ამჯერად, როცა აბდულა ერთპიროვნული ლიდერი გახდა რეგიონის საკმაოდ გავლენიანი ქვეყნისა, ხომ არაა მოსალოდნელი მეფე ფაჰდის მიერ აღებული პოლიტიკური გეზის არსებითი შეცვლა?


გაუკეთა რა კომენტარი მეფე ფაჰდის გარდაცვალებას, საუდის არაბეთის პრენცმა თურქი ალ-ფაიზალმა, პრეს-კონფერენციაზე ლონდონში ორშაბათს განაცხადა {თურქი ალ-ფაიზალის ხმა}: "ტახტის მემკვიდრე აბდულა, რომელიც მეფე გახდა, ახლოს თანამშრომლობდა მეფე ფაჰდთან საუდის არაბეთის როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის განსაზღვრაში. ამდენად, არ მგონია რაიმე არსებითი ცვლილება მოხდეს ამ მხრივ. ვფიქრობ, მეფე ფაჰდის პოლიტიკური ხაზი უცვლელი დარჩება".

თურქჰი ალ-ფაიზალი საუდის არაბეთის ელჩი იყო დიდ ბრიტანეთში, ახლახან იგი შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს ამავე თანამდებობაზე. ალ-ფაიზალის ნათქვამს ეთანხმება საერთაშორისო მშვიდობის კარგენის ფონდის ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ნათან ბრაუნი. ბრაუნი არ მოელის რაიმე არსებით ცვლილებას საუდის არაბეთის პოლიტიკაში დასავლეთის მიმართ.

ხოლო ვაშინგტონში დაფუძნებული მემკვიდრეობის ფონდის ექსპერტი საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხებში ჯეიმს ფილიპსი ამბობს, რომ მეფე აბდულას კარგადა აქვს გაცნობიერებული სამეფო ოჯახის გავლენა ქვეყნის მართვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, და მაინც არაა გამორიცხული გარკვეული ცვლილებები რიადის პოლიტიკაში არა მარტო აშშ-ისა და დასავლეთის, არამედ მეზობელი არაბული ქვეყნების მიმართაც {ჯეიმს ფილიპსის ხმა}: "ვფიქრობ ცვლილებები თანდათანობით და შეუმჩნევლად მოხდება. აბდულა არაა ისეთი პრო-დასავლური ორიენტაციისა, როგორიც მეფე ფაჰდი იყო. აბდულა უფრო მეტად რელიგიურია, უფრო მჭიდრო კავშირები აქვს ქვეყნის სასულიერო პირებთან. თავის დროზე მას მეტად ახლო კავშირები ჰქონდა სირიის მმართველ ასადების ოჯახთან"-
უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ჯეიმს ფილიპსმა.

ოფიციალური პირები თავად საუდის არაბეთში მოელიან, რომ მათი ქვეყნის ურთიერთობა აშშ-თან კიდევ უფრო გაფართოვდება, ვინაიდან მეფე აბდულას თბილი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ბუშთან. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ განვლილი ათი წლის მანძილზე, როცა იგი დე ფაქტო მართავდა ქვეყანას, აბდულამ წამოაყენა რეფორმისტული პროგრამა, რაც სხვათა შორის პირველად ითვალისწინებდა ამ ქვეყანაში საყოველთაო არჩევნების მოწყობას, და მიმდინარე წელს ეს მოხდა კიდევაც, როცა მოსახლეობამ საუდის არაბეთში ადგილობრივი საბჭოები აირჩია. აბდულას დამსახურებაა ისიც, რომ გოგონების აღზრდა-განათლებაზე ზედამხედველობას ანხორციელებს ქვეყნის განათლების სამინისტრო, და არა რელიგიური ისტაბლიშმენტი, როგორც ეს უწინ ხდებოდა.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის, და განსაკუთრებით საუდის არაბეთისთვის სტაბილურობაა არსებითი და უმნიშვნელოვანესი პირობა, და მეფე აბდულას მოსვლამ ხელისუფლების სათავეში შესაძლოა სასიკეთო ძვრები მოახდინოს ახლო აღმოსავლეთის მშფოთვარე რეგიონში, სადაც ძალადობასა და ტერორისტულ აქტებს ბოლო არ უჩანს.
XS
SM
MD
LG