Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ საქართველო აღმოჩნდა.


საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების კუთვნილი ტექნიკის გაყვანის პროცესი რუსულ გაზეთებში ერთ-ერთ წამყვან თემად იქცა. რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.

ხანგრძლივი პოლიტიკური და დიპლომატიური მოლაპარაკების შემდეგ, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესი დაიწყო. პირველი აგვისტოს გაზეთ „ვრემია ნოვოსტეის“ ცნობით, ბათუმის სამხედრო ბაზიდან ტექნიკის გაყვანას ადგილობრივი მოსახლეობა ყვავილებითა და შუშხუნა ღვინით შეხვდა. გაზეთი წერს:

"რამდენიმე თვის მანძილზე ბათუმის არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის ინსტიტუტის“, წევრები ბათუმში განლაგებული მე-12 ბაზის შტაბის წინ საპროტესტო აქციებს მართავდნენ და ბაზის სასწრაფოდ გაყვანას მოითხოვდნენ. შაბათს ამ ორგანიზაციის წევრები იმავე ბაზასთან ყვავილებითა და შუშხუნა ღვინით აცილებდნენ რუს სამხედროებს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის გენადი გელაძის თქმით: „ ჩვენ რუსების მიმართ მართლა კეთილგანწყობილნი ვართ. ყოველთვის სიამოვნებით ვუმასპინძლებთ, ოღონდ შეიარაღებულნი ნუ იქნებიან.“

ერთ კვირაში აჭარის ნაპირებთან შავი ზღვის ფლოტის ორი ხომალდი გამოჩნდება. ამ ხომალდებს დატვირთავენ 20 ტანკითა და კიდევ ოცი დაჯავშნული ტექნიკით, რომლის გატანის ვალდებულება რუსეთმა პირველ სექტემბამდე უნდა შეასრულოს. საქართველოში დარჩენილი ორი სამხედრი ბაზა ახალქალაქსა და ბათუმში 2008 წლის ბოლომდე უნდა დაიხუროს. სტამბულის ხელშეკრულების თანახმად, 2001 წელს ლიკვიდირებული იყო ვაზიანის სამხედრო ბაზა. შემდეგ რუსეთმა გუდაუთის სამხედრო ბაზის დახურვის შესახებ განაცხადა, მაგრამ ოფიციალური თბილისი მოითხოვს, რომ ეუთომ ეს დაადასტუროს."

გაზეთის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ძალიან პოზიტიურად აფასებს რუსეთისთვის ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღებას ბაზების ახალქალაქიდან და ბათუმიდან გაყვანის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარე იხსენებს ქართველი პარლამენტარების მიერ დადებულ პირობას იმ კანონის მიღების თაობაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსებას აკრძალავს. ნინო ბურჯანაძის თქმით:

„საკითხის ასე დაყენება უსამართლობაა, რადგან არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა უკარნახოს მეორეს, რომელი ბაზების განლაგების უფლება აქვს და რომლის - არა. ამის მიუხედავად, რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ჩვენ მზად ვართ ასეთი კანონი მივიღოთ, თუმცა პარლამენტში ამ საკითხის დამტკიცება გაჭირდება.“

ხელისუფლებასთან შედარებით, ოპოზიცია უფრო კრიტიკულადაა განწყობილი. როგორც „ვრემია ნოვოსტეის“ განუცხადა ახალი მემარჯვენეების საპარლამენტო ფრაქციის მრჩეველმა შალვა ფიჩხაძემ, ჯერ გამარჯვების აღნიშვნა ნაადრევია: „რუსეთი ეცდება, საქართველოს ხელისუფლება დაარწმუნოს ანტიტერორისტული ცენტრების შექმნის აუცილებლობაში. ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლებამ რაციონალურად ვერ ახსნა, რა მიზნით უნდა შეიქმნას ეს ცენტრები. გამოდის, რომ რუსეთი საბოლოოდ არ მიდის.“
XS
SM
MD
LG