Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ამერიკული საზღვაო სწავლების პოლიტიკური ქვეტექსტი


2 აგვისტოს ფოთის აკვატორიაში დაიწყო ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო-საზღვაო სწავლება, რომელშიც, ქართული ხომალდების გარდა,

მონაწილეობს ამერიკის საზღვაო ძალების დიდი სადესანტო გემი “ნეშვილი”. ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა სწავლებას ისტორიული უწოდეს. თუმცა ღირს აღინიშნოს, რომ ამერიკული საფლაგმანო გემი ქართულ ტერიტორიულ წყლებში პირველად 2001 წელს გამოჩნდა და მაშინაც საქართველოს ტერიტორიას რუსეთის სამხედრო ბაზების ტექნიკა ტოვებდა.

ამერიკული დიდი სადესანტო გემი “ნეშვილი” საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 1 აგვისტოს შემოვიდა. საკუთარი დიდი მასშტაბისა და ფოთის სამხედრო პორტის მცირე ზომის გამო “ნეშვილი” რეიდზე გაჩერდა და იქ დაელოდა ქართველ მეზღვაურებს, რომლებსაც 2 აგვისტოს ერთობლივ ქართულ-ამერიკულ სწავლებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ღია ზღვაში მანევრები სამშაბათს დილიდან დაიწყო.

170 მეტრი სიგრძის “ნეშვილთან” შედარებით, ქართული მცირე სადესანტო კატარღა “ივერია” ქაღალდის გემად მოჩანდა. საქართველოს საზღვაო თავდაცვითი ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელ, მეორე რანგის კაპიტან გოჩა ვერტიაკოვს ჩვენ სწორედ მაშინ დავუკავშირდით, როდესაც მან დიდი ამერიკული ხომალდი დიდი შთაბეჭდილებებით დატოვა.

[გოჩა ვერტიაკოვის ხმა] “ასაკისდა მიუხედავად, ეს გემი, მართლაც, ბრწყინვალე მდგომარეობაშია და, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ქართული ჯარი შიგნით განთავსდება. ძალიან დიდი ხომალდი არის, შეუძლია ერთი სრული ბატალიონი, შეიარაღებითა და ლოგისტიკური უზრუნველყოფით, გადაიყვანოს ნებისმიერ წერტილში, სადაც დასჭირდებათ.”

მაგრამ თუ არ ჩავთვლით ამერიკული სადესანტო გემის მასშტაბებს, ერთობლივ მანევრებში დიდად ხაზგასასმელი ბევრი არაფერია. მეორე რანგის კაპიტან გოჩა ვერტიაკოვის განმარტებით, სწავლების დროს ქართველ და ამერიკელ სამხედროებს უნდა მოეხდინათ განსაცდელში ჩავარდნილი გემის გადარჩენის იმიტაცია, რაც ქართველი მეზღვაურებისათვის “ახალ ხილს” არ წარმოადგენს.

[გოჩა ვერტიაკოვის ხმა]”ახლა, ამ წუთას, მიმდინარეობს სწავლება “დიოსკურიაზე”[ქართული კატარღაა. რედ.], მანდ მიდის ცეცხლთან ბრძოლის ორგანიზაცია ხომალდზე. დაახლოებით 10 სამხედრო მოსამსახურე ღებულობს მონაწილეობას ამერიკელების მხრიდან.”

მაგრამ არის ერთი საინტერესო დეტალი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ამერიკულ სადესანტო გემ “ნეშვილს” მხოლოდ გემზე ხანძრის ჩაქრობისა თუ ტრიუმებიდან წყლის ამოხაპვის შესასწავლად არ გადმოუკვეთია ატლანტიკის ოკეანე, ნორფოლკიდან ფოთამდე. სწორედ მაშინ, როდესაც ამერიკული დიდი სადესანტო გემი ფოთის აკვატორიაში რეიდზე დადგა, საქართველოდან - კერძოდ, ბათუმიდან და ხელვაჩაურიდან -დაიწყო რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მე-12 სამხედრო ბაზის კუთვნილი მძიმე ტექნიკის გაყვანა. ამ პროცესს საქართველოს მხრიდან თვალს ადევნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ალეკო კიკნაძე, რომელსაც რადიო “თავისუფლება” ბათუმში დაუკავშირდა.

[ალეკო კიკნაძის ხმა] “9 ერთეული მანქანა, თავისი “პრიცეპებით”, უკვე გავიდა. ხვალ გადის 12 ერთეული ტექნიკა თბილისიდან, დღეს ვიწყებთ და კიდევ დაახლოებით 25-27 ერთეული ტექნიკა გადის, ორი “ბდკ”-თი [დიდი სადესანტო გემი.-რედ.].”(სტილი დაცულია)

საქარველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამერიკულ ხომალდ “ნეშვილის” შემოსვლა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არავითარ კავშირში არ არის რუსეთის სამხედრო ტექნიკის გაყვანასთან და რომ ეს უბრალო დამთხვევაა. მაგრამ ასეთი უბრალო დამთხვევა უკვე მეორედ ხდება: 2001 წლის ივნისის თვეშიც, როდესაც საქართველოს ტერიტორიას ზღვით ტოვებდა “ვაზიანის” რუსული სამხედრო ბაზა, ფოთის აკვატორიაში რეიდზე იდგა ამერიკული საფლაგმანო გემი “დალასი”, რომელიც, “ნეშვილის” მსგავსად, ასევე მანევრებში - საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ პირველ ნატოურ მანევრებში - ღებულობდა მონაწილეობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG