Accessibility links

logo-print

საქართველოში სომხური სიგარეტის წარმოება იწყება


5 აგვისტოდან საქართველოს თამბაქოს ბაზარს, რომელიც ამერიკული, რუსული და ქართული ნაწარმითაა გაჯერებული, სომხურ-კანადური ”გრანდ თამბაქოს” სიგარეტიც შეემატება.

”გრანდ თამბაქო” 34-მდე დასახელების სიგარეტის დამზადებას თბილისის ერთ-ერთ რაიონში, კერძოდ კი, გლდანში მდებარე ფაბრიკაში იწყებს, რომლის ამოქმედებაც სომეხი მილიონერის გრანდ ვარდანიანის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად მოხერხდა.

საქართველო კვლავაც რჩება სიგარეტის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მომხმარებელ ქვეყნად. ამაზე თუნდაც ის მონაცემი მეტყველებს, რომელმაც სომეხ მილიონერ გრანდ ვარდანიანს თბილისში თამბაქოს ფაბრიკის ასამუშავებლად 4 მილიონი აშშ დოლარის დაბანდება გადააწყვეტინა. კერძოდ, გრანდის კომპანიის მიერ ჩატარებული მარკეტინგული კვლევის მიხედვით, საქართველო წელიწადში 5 მილიარდ ღერ სიგარეტს მოიხმარს, სომხეთი კი მხოლოდ 2-ს. ”გრანდ თამბაქოს” საქართველოში ქართულ-სომხური საქმიანი ურთიერთობების ასოციაციის თავმჯდომარე, პარლამენტარი ბესო ჯუღელი ლობირებს.

[ბესო ჯუღელის ხმა] ”მას ჰქონდა 2 ვარიანტი: ან ირანში უნდა განეთავსებინა თავისი ახალი სიმძლავრეები, ან საქართველოში. აირჩია საქართველოს ბაზარი. ჩაატარა კვლევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დარწმუნდა, რომ საქართველოს ბაზარზე იგი ფეხს მოიკიდებს.”

ბესო ჯუღელის ინფორმაციით, ”გრანდ თამბაქო” გამოუშვებს 34-მდე დასახელების სხვადასხვა კლასის სიგარეტს, რომელიც მთლიანად სომხური ნედლეულით დამზადდება.

[ბესო ჯუღელის ხმა] ”ჩატარდა კვლევა და ბაზარმა ყველა კლასის სიგარეტი მიიღო, მაგრამ რაოდენობა ჯერჯერობით რთული სათქმელია. ახლა გამოუშვებენ 100 კოლოფ “პრიმას”...”

იმის გასარკვევად, თუ რა მოთხოვნაა უფილტრო, ”პრიმას” კლასის ანდაც სომხური წარმოების სიგარეტებზე, მე ქუჩაში სიგარეტით მოვაჭრეებს გავესაუბრე. ერთ-ერთ მათგანს, ჯემალს, მოვუსმინოთ:

[ჯემალის ხმა] ”უფილტრო სიგარეტი გვაქვს ქართული ”ვესტა”. 35 თეთრი ღირს. იშვიათად ყიდულობენ. მე თვითონ ”მმ”-ს ვეწევი, რბილ სიგარეტს.”

ბაზრის ასეთი კონიუნქტურის მიუხედავად, ”გრანდ თამბაქოს” წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ბიზნესის განვითარებას შეძლებენ და ცნობილი სომხური ბრენდების წარმოებასაც დაიწყებენ. ამაში მას ჯერჯერობით ხელს ვერაფერი შეუშლის - ვერც გაეროს კონვენცია, რომელიც მკაცრ შეზღუდვებს აწესებს როგორც თამბაქოს წარმოებაზე, ასევე მის რეკლამა-გავრცელებაზე და რომელსაც საქართველო 2004 წელს მიუერთდა. ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ლევან ბარამიძის კომენტარი:

[ლევან ბარამიძის ხმა] ”ვინაიდან საქართველომ ჯერ ვერ მოახერხა მისი პარლამენტში რატიფიცირება, აქედან გამომდინარე არის ეს ბაზარი თავისუფალი და მხოლოდ და მხოლოდ შეუძლიათ ძველი კანონმდებლობით მუშაობა, რომელიც არის ძალიან სუსტი და ცუდი.”(სტილი დაცულია)

როგორც ჩანს, კანონმდებლობის გარდა, თამბაქოს ახალ წარმოებას ხელს დიდად ვერც თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი შეუშლის, რადგან ამ ორგანიზაციას ოფისის ტელეფონებიც კი გათიშული აქვს და, უამრავი მცდელობის მიუხედავად, მის ვერც ერთ წევრთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. არადა, ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის წევრმა” ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ 2004 წლის დასაწყისში თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ ომი გამოაცხადეს და საქართველოს ხელისუფლებისგან თამბაქოს წარმოება-რეალიზაციის აკრძალვა მოითხოვეს.

ამჟამად ერთადერთი, რაც სიგარეტის მწარმოებლებისთვის არასასურველ ფაქტორს წარმოადგენს, დაუცველი და კონტრაბანდული სიგარეტით გაჯერებული ბაზარია.
XS
SM
MD
LG