Accessibility links

საქართველოში სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაცია არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თუ თქვენ სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას გადაწყვეტთ და მიგაჩნიათ, რომ გაქვთ შესაბამისი უნარ-ჩვევები და საწყისი კაპიტალი, საქართველოში თქვენი ბიზნესის

დასარეგისტრირებლად სულ რამდენიმე დღე და ცოტაოდენი ფულია საჭირო. რამდენად ადვილია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის დაწყება და რა ინსტანციები და პროცედურები უნდა გაიაროს დამწყებმა მეწარმემ?

საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომელშიც სამეწარმეო საქმიანობის იურიდიული გაფორმება მარტივია და ნებისმიერ პირს, შესაბამისი სურვილის არსებობის შემთხვევაში, თავისი საქმიანობის იურიდიული გაფორმებისათვის არცთუ დიდი ძალისხმევის გაღება უწევს, თუ, რა თქმა უნდა, ეს საქმიანობა კანონსაწინაააღმდეგო არ არის.

საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას არეგულირებს ”კანონი მეწარმეთა შესახებ”, რომელიც 6 ფორმის სამეწარმეო სუბიექტს ცნობს. მათ შორის ყველაზე მარტივი ინდივიდუალური საწარმო, ანუ ე.წ. ინდმეწარმეობაა. შემდეგაა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც რამდენიმე ინდმეწარმის გაერთიანებას წარმოადგენს. სამეწარმეო სუბიექტებს შორისაა კომანდიტური პასუხისმგებლობის საზოგადოება და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. შედარებით უფრო რთული ფორმაა სააქციო საზოგადოება. კანონი მეწარმეთა შესახებ ასევე ცნობს კოოპერატივის ფორმასაც, რომელიც ბევრ ქვეყანაში უკვე აღარ განიხილება როგორც სამეწარმეო იურიდიული სუბიექტი.

ინდივიდუალური საწარმოს გარდა, სხვა ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის დასაფუძნებლად მეწარმემ ან მეწარმეთა ჯგუფმა უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტების პაკეტის განხილვის შემდეგ რამდენიმე დღის ვადაში გასცემს რეგისტრაციის შესახებ დადგენილებას. თუ სასამართლომ ამ დადგენილების გაცემა დააგვიანა ან გითხრათ არამოტივირებული უარი, სამეწარმეო სუბიექტი უკვე დარეგისტრირებულად ითვლება. ამ მხრივ, კანონი მეწარმეთა ინტერესებს იცავს, თუმცა შესაბამისი სარეგისტრაციო საბუთების გარეშე თქვენ, ფაქტობრივად, ვერც ერთ ლეგალურ ოპერაციას ვერ განახორციელებთ. ასე რომ, ჯობს მოთმინებით აღიჭურვოთ და სასამართლოს დადგენილებას დაელოდოთ. გაცილებით მარტივია ინდივიდუალური საწარმოს დაფუძნება. ამ შემთხვევაში თქვენ არც ზედმეტი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა მოგიწევთ და არც სასამართლოს გადაწყვეტილების ლოდინი. ინდმეწარმედ დარეგისტრირებისათვის საკმარისია შესაბამის საგადასახადო სამსახურში აღრიცხვაზე დადგომა.
საქართველოს კანონმდებლობა ასევე საკმაოდ ლიბერალურია გარკვეული ფორმის სამეწარმეო სუბიექტისათვის მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნის თვალსაზრისით. საწესდებო კაპიტალი მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებებისათვის არის აუცილებელი და ეს მოთხოვნაც, 2000 და 15 ათასი ლარის ოდენობით, ნამდვილად არ გახლავთ გადაულახავი წინაღობა.

ბოლო დრომდე საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიქტებს შორის ყველაზე პოპულარულად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმა ითვლებოდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში იმატა ინდივიდუალურ საწარმოთა რიცხვმა, რასაც ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი ახალი საგადასახადო რეალობით ხსნის:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”დაიწყო ბიზნესის დაქუცმაცება ხელოვნურად და ამას ხელი შეუწყო, არც მეტი არც ნაკლები, უკანასკნელმა საგადასახადო ცვლილებებმა და საერთო კლიმატმა, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ინდმეწარმე არ იხდის დღგ-ს და მეორე - ინდმეწარმე ნაკლებად აღძრავს ”მტაცებლებში” (მტაცებლებში იგულისხმებიან ჩვენი ძვირფასი ჩინოვნიკები და განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები) მადას.”

ამდენად, თუ თქვენ შესაბამისი უნარ-ჩვევები, სურვილი და მცირეოდენი საწყისი კაპიტალი გაგაჩნიათ, თქვენი ბიზნეს საქმიანობის იურიდიული გაფორმება საქართველოში, ფაქტობრივად, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაცია თქვენი საქმიანობის წარმატებისათვის ყველაზე მარტივი პრობლემაა. პრობლემები ბიზნესს უკვე რეგისტრაციის შემდეგ ხვდება. თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა.
XS
SM
MD
LG