Accessibility links

logo-print

მოსკოვი ტელეკომპანია ABC-ს დასჯით ემუქრება


ანდრო ეული, პრაღა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,

რომ აღარ განუახლებს აკრედიტაციას კორესპონდენტებს, რომლებიც ამერიკულ ტელეკომპანია ABC-ს ემსახურებიან მოსკოვში. სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს ამგვარი გადაწყვეტილება იმითაა გამოწვეული, რომ ხსენებულმა ტელეკომპანიამ ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის ინტერვიუ გადასცა. ინტერვიუ ამერიკაში გადაიცა და რუსული აუდიტორიისათვის სულაც არ ყოფილა გამიზნული. და მაინც, ამ ფაქტმა აურ-ზაური გამოიწვია მოსკოვში.

ბასაევის თავი 10 მილიონ დოლარ აქვს შეფასებული რუსეთს. შამილ ბასაევი არ მალავს, რომ რუსეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე საზარელი ტერორისტული აქტები განახორციელა, მათ შორის 2002 წელს მოსკოვის თეატრში, ხოლო გასულ წელს ბესლანის სკოლაში მძევლების აყვანისას, რამაც 330-ზე მეტი ადამიანის, უმეტესწილად ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინტერვიუს, რომელიც ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ანდრეი ბაბიცკის მისცა შამილ ბასაევმა, მძაფრი რეაქცია მოჰყვა მოსკოვში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეიბისის ჟურნალისტებს, რომლებიც რუსეთში მუშაობენ არ განუახლდებათ აკრედიტაცია, ხოლო ბასაევის ინტერვიუს სამინისტრომ "ტერორიზმის პროპაგანდა" უწოდა.

მოსკოვის ამგვარმა რეაქციამ გააოგნა ეიბისის მესვეურნი. ტელეკომპანიამ გამოქვეყნებულ განცხადებაში სინანული გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების გამო და თან აღნიშნა, რომ არცერთ მთავრობას არ მისცემს უფლებას - აუკრძალოს დამოუკიდებელ ტელეკომპანიას ინფორმაციის "სრული და მიუკერძოებელი" გადაცემა. პრეს-კონფერენციაზე ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომ კეისიმ თქვა, რომ აშშ-ის მთავრობამ მძაფრად დაგმო ტერორისტთა ნამოქმედარი {ტომ კეისის ხმა}: "მიგვაჩნია, რომ გარკვეული ტერორისტული ჯგუფების ნამოქმედარი ჩეჩნეთში, ის, რაც ბესლანის სკოლაში მოხდა, და კიდევ სხვა ტერორისტული აქტები, უდავოდ დასაგმობია. და ჩვენ თავის დროზე კიდევაც დავგმეთ ამგვარი საქციელი და დღესაც ვგმობთ. ჩვენი აზრით, ამგვარი თავდასხმები უდანაშაულო ადამიანებზე, იქნება ეს ჩეჩნეთსა თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა კუთხეში, სრულიად მიუღებელია. ეს არაა პოლიტიკური ნების გამხატვის ლეგიტიკური ფორმა".

კეისიმ აღნიშნა ამასთანავე, რომ მედიის ცენზურა თუ დასჯა შეერთებულ შტატებს უკანონოდ მიაჩნია. "თუ ეიბისის მართლაცდა აეკრძალება რუსეთში მუშაობა ეს მრავლის მთქმელი იქნება აზრის თავისუფლებაზე რუსეთში", - დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

გასულ კვირაში, როცა ეიბისიმ ბასაევის ინტერვიუ გადასცა, სატელევიზიო პროგრამის "ნაიტლაინის" წამყვანმა ტედ კოპელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ამა თუ იმ პირის ინტერვიუს გადაცემა სულაც არ ნიშნავს ამ პიროვნებისა თუ მისი ნამოქმედარის გამართლებას". კოპელმა თქვა, რომ ეიბისის არაერთგზის გადაუცია ინტერვიუები ქურდებთან, მკვლელებთან, დიქტატორებთანა და თავად ბავშვების გაუპატიურებაში ბრალდებულებთან, ხოლო საუბარი სათანადო კონტექსტის ჩარჩოებში ჯდებოდა ყოველთვის.

როჰან ჯეისეკერა ბრიტანეთში დაფუძნებული მედიისა და მთავრობის ცენზურასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი ორგანიზაციის "ცენზურის ინდექსის" თანამშრომელია. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ჯეისეკერამ თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ეიბისის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ სულაც არაა გასაკვირი, ვინაიდან სავსებით ეთანადება კრემლში დამკვიდრებულ ტრადიციებს {როჰან ჯეისეკერას ხმა}: "სატელევიზიო კომპანიებს ბრიტანეთში გადაუციათ ინტერვიუები ჩეჩენ სეპარატისტებთან, რასაც რუსეთის მთავრობის საყვედური მოჰყვებოდა ჩვენი საგარეო უწყების მისამართით; საყვედურს ღებულობდა ტელევიზიის ხელმძღვანელობაც ამგვარი მასალის გამოყენებისთვის. რუსეთი წლების მანძილზე ხმარობდა ყველა შესაძლო ღონეს, რათა არ გაჟღერებულიყო ეთერში და არა მარტო რუსეთში, არამედ საერთაშორისო სარბიელზეც ჩეჩენ სეპარატისტთა პოზიცია".

მოსკოვის ამგვარ საყვედურს თავაზიანად უარყოფდა ბრიტანეთის მთავრობა და განმარტავდა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობა უძლურია რაიმე ზეგავლენა იქონიოს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაზე.

ეიბისის მიერ გადაცემულ ინტერვიუში ანდრეი ბაბიცკი რამდენჯერმე სთხოვს ბასაევს ახსნა-განმარტება მისცეს თავის ნამოქმედარს, მათ შორის ბავშვების დატყვევებას ბესლანის სკოლაში. პასუხად ბასაევი არ უარყოფს, რომ ტერორისტია, თუმცაღა დასძენს, რომ ვერ ხედავს სხვა გზას იმ ბარბაროსობის შესაჩერებლად, რასაც რუსეთის ფედერალური ჯარი სჩადის ჩეჩნეთში.
XS
SM
MD
LG