Accessibility links

logo-print

თბილისში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას ელიან


თბილისში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას ელიან. სწორედ ის უნდა იყოს აფხაზთა დელეგაციის ხელმძღვანელი

ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე, რომელიც 4 აგვისტოს თბილისში, გაეროს ოფისში, უნდა შედგეს. ასეთი შეხვედრა, გაეროს მეგობარი ქვეყნების ელჩებისა და საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის მონაწილეობით, კარგა ხნის წინ დაიგეგმა და, აფხაზთა მიზეზით, ორჯერ ჩაიშალა. შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების საკითხების განსახილველად აფხაზთა დელეგაცია, შამბას მეთაურობით, თბილისში 22 ივლისს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ აფხაზებმა შეხვედრის ჩაშლისთვის ქართველების მიერ თურქეთიდან აფხაზეთის სანაპიროსკენ მოძრავი გემის დაკავების ფაქტი გამოიყენეს. თბილისში იმედოვნებენ, რომ 4 აგვისტოს შეხვედრა შედგება.

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჰაიდი ტალიავინის თბილისში ჩამოსვლის პირობა შამბამ 3 აგვისტოსაც მისცა მასთან სატელეფონო საუბრისას. ამ საუბრამდე ტალიავინიმ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელები პირადად მოინახულა და პირადად აცნობა, როგორი შეფასება მისცა უშიშროების საბჭომ სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას.


შეგახსენებთ: აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით ახლახან მიღებული რეზოლუციით, გაეროს უშიშროების საბჭომ გამოხატა წუხილი იმის გამო, რომ ვერ ხერხდება აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით დიალოგის დაწყება; აფხაზებს მოუწოდა დაიწყოს უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე დოკუმენტის განხილვა, მიესალმა გარკვეულ პოზიტიურ ძვრებს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, ხაზი გაუსვა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობას და გამოხატა შეშფოთება უსაფრთხოების საკითხების განსახილველად თბილისში ივლისში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის გამო. ”ვიმედოვნებთ, ასეთი შეხვედრა, ორივე მხარის მონაწილეობით, რაც შეიძლება სწრაფად გაიმართება,”-ნათქვამია უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში. შეხვედრა კი, როგორც უკვე ვთქვით, 4 აგვისტოს უნდა შედგეს.

[ჰაიდი ტალიავინის ხმა] ” შეხვედრა კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ამ ოფისში შედგება. განხილული იქნება კონკრეტული საკითხები და მათთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად მხარეთა წარმომადგენლები მოგაწვდიან. შეხვედრაზე საქართველოს წარმოადგენს ბატონი ხაინდრავა, აფხაზთა მხარეს - ბატონი შამბა. ”

ეს განმარტება ჰაიდი ტალიავინიმ ოთხშაბათს თბილისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 4 აგვისტოს შეხვედრაზე იგეგმება კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობა. ამას გარდა, მხარეები განიხილავენ საქართველოს საზღვაო აკვატორიაში გემების უკანონო მოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს; უნდა შედგეს მსჯელობა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხზეც. ჟენევის ფორმატით დაგეგმილ ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე საქართველოს მხარეს, სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავასთან ერთად, წარმოადგენს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში ირაკლი ალასანია, აფხაზთა დელეგაციაში კი სერგეი შამბასთან ერთად იქნებიან: აფხაზთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან ბუთბა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა. საინტერესოა, რას მიაღწევენ მხარეები ოფიციალურ შეხვედრაზე. ოფიციალურ შეხვედრებზე ქართველებსა და აფხაზებს გაცილებით მეტად უჭირთ ურთიერათგაგების მიღწევა, ვიდრე არაოფიციალურ შეხვედრებზე. ამაში კონფლიქტთა მოწესრიგების საკითხებზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გია ვოლსკი ამ ცოტა ხნის წინ ვენაში გამართულმა ქართულ-აფხაზურმა არაფორმალურმა შეხვედრამაც დაარწმუნა:

[გია ვოლსკის ხმა] ”არ არსებობდა დაძაბული კამათი, შეხლა-შემოხლა. საკმაოდ კონსტრუქციული და საღი აღქმა არის ჩვენი შეშფოთების მიზეზებისა. ”

ვენაში გამართულ შეხვედრაზე გამოთქმული შეშფოთება კი უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების ანკლავად ჩამოყალიბების საფრთხეს. გიორგი ვოლსკის თქმით, ქართველების მეერ გამოთქმულ შეშფოთებას გაგებით მოეკიდნენ აფხაზები, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს არაფორმალურ შეხვედრაზე მოხდა.
XS
SM
MD
LG