Accessibility links

ხორციელდება თუ არა ზეწოლა საარბიტრაჟო სასამართლოზე


ბოლო ორი დღეა საქართველოში გამომავალი გაზეთების მნიშვნელოვანი ნაწილი აქტიურად მსჯელობს ”საქცემენტის”, ”რუსთავცემენტისა” და ”საქგაზის” საარბიტრაჟო ტრიბუნალზე,

რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში გაიმართა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საარბიტრაჟო სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი. რა ინტერესები აქვს ბეჟუაშვილს ცემენტის საწარმოებსა და გაზის გამანაწილებელ კომპანიაში და განიცდის თუ არა, მართლაც, საარბიტრაჟო სასამართლო ზეწოლას?

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა, რომელსაც მოსამართლე გიორგი ეპიტაშვილი ხელმძღვანელობდა, 30 ივლისს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ”საქცემენტმა” და ”რუსთავცემენტმა”, საერთო ჯამში, 5 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს კომპანია ”საქგაზს”, მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურისა და საჯარიმო სანქციების სახით. ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა ორმა მოსამართლემ, ერთმა, განსხვავებული აზრის გამო, ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

პირველ აგვისტოს კი, მაშინ როდესაც მხარეებს ნოტარიულად დამოწმებული გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და პროცესი ისევ გრძელდება. ასეთი განცხადება გააკეთა არბიტრაჟის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი აბესაძემაც ”ტელე-იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“საქგაზის” ადვოკატის გიგა კობალაძის კომენტარი:

[გიგა კობალაძის ხმა] ”ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ საარბიტრაჟო სასამართლოზე განხორციელდა ზეწოლა. მე, როგორც ადვოკატს და როგორც იურისტს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, ვისი მხრიდან არის ზეწოლა სასამართლოზე. მე ვარ იურისტი, რომელსაც მინდა განვახორციელო ჩემი უფლებები და დავიცვა მხარე ისე, როგორც ამის საშუალებას მაძლევს კანონი.”

როგორც ჩანს, პრესაში გამოთქმული ვარაუდი საარბიტრაჟო სასამართლოზე დავით ბეჟუაშვილის ზეწოლის შესახებ ”საქგაზის” ხელმძღვანელობის განცხადებებს ეყრდნობა.

3 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ”საქგაზის” გენერალურმა დირექტორმა ვალენტინ აკოფოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “საქცემენტისა” და “რუსთავცემენტის” უკან ბეჟუაშვილი დგას:

[ვალენტინ აკოფოვის ხმა] ”ყველასთვის ცნობილია, რომ ცემენტის ქარხნების უკან დგას დავით ბეჟუაშვილი. მე არ გამოვრიცხავ, რომ მისი მხრიდან არის ზეწოლა დიმიტრი აბესაძეზე და მერე უკვე დიმიტრი აბესაძე განახორციელებს ძალიან დიდ ზეწოლას ტრიბუნალის თავმჯდომარეზე, გიორგი ეპიტაშვილზე...”

მე გიორგი ეპიტაშვილს დავურეკე და ვკითხე, მართლაც ხორციელდება თუ არა მასზე ზეწოლა მისივე მოადგილის დიმიტრი აბესაძის მხრიდან.

[გიორგი ეპიტაშვილის ხმა] ”კომენტარების გარეშე. ამ შემთხვევაში ძალიან რთულად არის საქმე, ამიტომ კომენტარების გარეშე, ბოდიში.”

საქმე რომ, მართლაც, რთულად არის, ეს 2 აგვისტოს საარბიტრაჟო სასამართლოში “საქგაზის” წარმომადგენლების მისვლისას გამოჩნდა. ადვოკატებს, რომლებიც ეპიტაშვილთან შესვლას ცდილობდნენ, წინ ცოცხალი კედელი გადაეღობათ. ადვოკატებსა და კაბინეტის დამცველებს შორის, აი, ასეთი საუბარი გაიმართა:

[ისმის კამათის ხმა] ”...აქ რომ დაცვა იდგეს, ქვემოთ, თქვენ შემოხვიდოდით? - ეს გასაიდუმლოებული ობიექტია? - საჯარო სამართლის სუბიექტია... - მით უმეტეს. - მერე რა გინდა, კაბინეტში გინდა შეუვარდე?...”

რა გადაწყვეტილება მიიღო ამ დახურულ კარს მიღმა გამართულმა სხდომამ, ჯერჯერობით უცნობია. მას არ დასწრებია სამი არბიტრიდან ერთ-ერთი, გიორგი მაღრაძე, რომელიც ირწმუნება, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალი 30 ივლისს დასრულდა და მან პირადად მოაწერა ხელი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამას მოწმობს სხდომის ოქმიც. მასში შავით თეთრზე გარკვევითაა ჩაწერილი არბიტრაჟის საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, “საქცემენტსა”და “რუსთავცემენტს” 5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრათ “საქგაზის” სასარგებლოდ.
XS
SM
MD
LG