Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არღვევს თუ არა ახალი კონტრაქტი პროფესიონალ სამხედროთა უფლებებს


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ საზოგადოებას ძალიან დაშორდა, კიდევ ერთი ახალი სკანდალის მიზეზი ხდება.

საქმე ეხება კონტრაქტების ახალ ფორმას პროფესიონალი სამხედროებისათვის, რამაც მედიის ცნობით, შესაძლოა, სამხედრო ნაწილებიდან უკმაყოფილო მებრძოლების დენადობა გამოიწვიოს. თუმცა ამ ინფორმაციას არ ეთანხმება სამხედრო უწყება, რომლის თანახმად, ახალი კონტრაქტი საკმაოდ მკაცრ პირობებს უყენებს არა მხოლოდ სამხედრო სამსახურში დაქირავებულ მოქლაქეებს, არამედ დამქირავებელსაც, სახელმწიფოს სახით. მე შევეცადე ახალი კონტრაქტის ავკარგიანობა გამერკვია.


ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით კვირის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია ასეთი გახლავთ: ახალი კონტრაქტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ დაარღვიოს შრომითი ხელშეკრულება, ხოლო დაქირავებულ ჯარისკაცს ან სერჟანტს, კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, ჯარიმის სახით, საკმაოდ სოლიდური თანხის, დაახლოებით 10 ან 15 ათასი ლარის, გადახდა მოუწევს. სააგენტო “ინტერპრესნიუსი” იმასაც ირწმუნება, რომ შექმნილ სიტუაციაში დიდი უმრავლესობა მებრძოლებისა, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ერაყში, ავღანეთსა და კოსოვოში მიიღო გამოცდილება, ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე უარს აცხადებს. ვინაიდან სამხედრო ნაწილის მეთაურებს - რომ აღარაფერი ვთქვათ დაბალი რანგის ოფიცრებსა და რიგითებზე - პრესასთან პირდაპირი კავშირი აკრძალული აქვთ, სიტუაციაში გასარკვევად სამხედრო უწყების ხელმღძვანელობას დავუკავშირდი. თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მამუკა კიკალეიშვილმა კაბალური კონტრაქტის არსებობის შესახებ ინფორმაციას მოგონილი უწოდა და განაცხადა, კონტრაქტი სამხედრო მოსამსახურესთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ითვალისწინებსო:

[მამუკა კიკალეიშვილის ხმა] “მხოლოდ ერთადერთი ამგვარი მუხლი არსებობს კონტრაქტში, რაც, მაგალითად, შეიძლება გულისხმობდეს ამა თუ იმ სამხედრო ნაწილის გაუქმებას ან მის ბაზაზე სხვა ნაწილის ჩამოყალიბებას. ასეთ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურესთან თავდაცვის სამინისტროს შეუძლია კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა. იქაც კანონმდებლობა თავდაცვის სამინისტროს ავალდებულებს სხვა, შესაბამისი, სამსახურით დაკმაყოფილებას.”(სტილი დაცულია)

მაგრამ “ძაღლის თავიც” სწორედ ამ ერთ პუნქტში შეიძლება იყოს დამარხული. როგორც ბოლო ერთი წლის გამოცდილება ცხადყოფს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას არაფრად უღირს გააუქმოს დეპარტამენტები და სამმართველოები ყბადაღებული საორგანიზაციო-საშტატო რესტრუქტურიზაციის მომიზეზებით; გაიყვანოს კადრების განკარგულებაში მთელი ქვედანაყოფები, როგორც ეს მოხდა შარშან დეკემბერში; საკუთარი განცხადების საფუძველზე შეცვალოს და შემდეგ უმუშევრად დატოვოს უმაღლესი რანგის მაღალკვალიფიციური ოფიცრები, რომელთა რაოდენობა სამხედრო ძალების შემადგენლობაში დღითი დღე მცირდება. ასეთი ექსპერიმენტები ახლაც გრძელდება სამხედრო უწყებაშიო, უთხრა რადიო “თავისუფლებას” “სამართალი და თავისუფლების” - სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის - დირექტორმა ირაკლი სესიაშვილმა. ნათქვამის საილუსტრაციოდ სესიაშვილმა დაასახელა გორის სამხედრო ნაწილი, საიდანაც მეთაურმა ჩაჩიბაიამ 50 სამხედრო უმიზეზოდ დაითხოვა სამსახურიდან:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “სავარაუდოდ, ჩაჩიბაიას სურდა საკუთარი კადრები მოეყვანა, იმიტომ რომ კოსოვოში უნდა წავიდნენ, ერაყში და ამიტომ ინტერესი აქვთ, რომ სამხედრო ნაწილი თავისი კადრებით დააკომპლექტოს. ამიტომ უთხრეს, თქვენი ნებით მიბრძანდითო. ორმოცმა კაცმა თავისი ნებით დაწერა განცხადება, ვინც არადა, დაუწერეს შეუფერებლობა და გაუშვეს.”(სტილი დაცულია)

ირაკლი სესიაშვილის თქმით, შეუფერებლობის მიზეზით სამხედრო ნაწილიდან დათხოვნილმა ორმა ოფიცერმა - მერაბ ხითარიშვილმა და ილია ღვინიაშვილმა - არსამთავრობო ორგანიზაციას მიმართა თხოვნით, მათი უფლებები სასამართლოზე დაიცვას. რადიო “თავისუფლება” ერთ-ერთ უსამარათლოდ გათავისუფლებულ ოფიცერ მერაბ ხითარიშვილთან დაკავშირებას შეეცადა. ყურმილი ოფიცრის დედამ, ქლაბატონმა დალიმ, აიღო, რომელმაც გვითხრა, რომ მისი შვილის ასეთი უაპელაციო განთავისუფლება ოჯახმა ტრაგიკულად განიცადა:
[ოფიცრის დედის ხმა] “როგორც ბადრის გადმოცემით ვიცი, ორი კვირით იყო სახლში ჩამოსული შვებულებით. ხოდა, აგერ ჩავიდა უკან და უთხრეს, დაწერილია განცხადება ბიჭების გათავისუფლებაზეო. არ ვიცი, რამდენი მოხსნეს. მართლა მიშამდე [პრეზიდენტამდე.-რედ] მივიდოდი... ექვსი წელია ბავშვმა ისწავლა, აკადემია დაამთავრა და ახლა ასე აწვალებენ სამსახურზე.”(სტილი დაცულია)

აღმოჩნდა, რომ გორის სამხედრო ნაწილში სამხედრო მოსამსახურეების უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არა აქვს სამხედრო უწყებას. თუმცა ეს არც არის გასაკვირი: სამი კვირის წინ თავდაცვის აკადემიის სამხედრო აკადემიის რექტორმაც გაზეთიდან გაიგო, რომ გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG