Accessibility links

logo-print

რუსეთსა და პოლონეთს შორის დაპირისპირება ღრმავდება


რუსეთსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 31 ივლისს ვარშავაში "სკინჰედების"

(ანუ "თავგადაპარსულების") სახელით ცნობილმა ჯგუფმა რუსი დიპლომატების შვილებს სცემა. მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ეს ფაქტი პოლონეთში ფეხმოკიდებული ანტირუსული განწყობილების აშკარა გამოხატულებაა. მოსკოვი ვარშავას ბოდიშის მოხდას სთხოვს. ანალიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ბავშვების ცემა მხოლოდ გახმაურებული მიზეზია, თორემ ამ ორი ქვეყნის დაპირისპირების მთავარი მიზეზი სულ სხვა რამ არის. ამ საკითხის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა და ათასგვარი მოსაზრება არსებობს.

სასტიკად გაბრაზებული და აღშფოთებული მოსკოვი ვარშავისგან ოფიციალურ ბოდიშს მოითხოვს, მაგრამ პოლონეთის ხელისუფლება, რომელიც მომხდარს ჩვეულებრივ კრიმინალურ ფაქტად აღიქვამს, როგორც ჩანს, ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ბავშვების ცემის ფაქტმა ლამის უკვე პოლიტიკური დაპირისპირების სახე მიიღო. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პოლონეთის რეაქციას აკვირდება:

(ვლადიმირ პუტინის ხმა) "ვთხოვ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაუკავშირდნენ პოლონელ კოლეგებს და გაარკვიონ, რა ადეკვატურ ზომებს მიმართავს პოლონეთის ხელისუფლება ამ "არამეგობრულ" აქტთან დაკავშირებით, რომელსაც, დანაშაულის გარდა, სხვა სახელი არ მოეძებნება."

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცნობას, რომ 31 ივლისს ვარშავის ერთ-ერთ პარკში 15-მა ახალგაზრდამ 3 ბავშვს (რუსი დიპლომატების შვილებს) სცემა. ამასთან, სასტიკი თავდამსხმელები ანტირუსულ მოწოდებებს გაჰყვიროდნენ.

ეჭვს იმის შესახებ, რომ ეს ცემის ფაქტი მხოლოდ უბრალო ხულიგნობა არ არის, მოსკოვის პოლიტიკურ ტექნოლოგიათა ცენტრის დირექტორის მოადგილე ბორის მაკარენკოც გამოთქვამს:

(ბორის მაკარენკოს ხმა) "თვითმხილველები ამბობენ, რომ "სკინჰედები" შემთხვევის ადგილიდან მიკროავტობუსმა წაიყვანა. მე ცოტა ხულიგანი ვიცი, ვინც მიკროავტობუსით მგზავრობს."

თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი, მართლაც, მიკროავტობუსით დატოვეს, ჯერჯერობით არ დასტურდება.

რაც შეეხება ანტირუსულ განწყობილებას, ანალიტიკოსების აზრით, პოლონეთში ასეთი განწყობილება ძველი და საკმაოდ ძლიერია. მაკარენკო ამგვარი განწყობილების ფესვებს, გასაგები მიზეზების გამო, წარსულში ეძებს:

(ბორის მაკარენკოს ხმა) "მართალია, პოლონეთის ელჩი რუსეთში უარყოფს, მაგრამ ანტირუსული განწყობილება პოლონეთში, რაც ვარშავაში შეინიშნება, უკვე 200 წელიწადზე მეტია არსებობს და გასაგებია, რითაც არის განპირობებული. თუნდაც პოლონეთის 3-ჯერ დანაწევრებისა და ბევრი სხვა უსამართლობის გამო, მე არ ვაპირებ რუსეთის გამართლებას. ანტირუსული განწყობილება პოლონეთში პერიოდულად მძაფრდებოდა. ასე იყო ბოლო ათი წლის მანძილზეც და ამას ბევრი რამ ადასტურებს."

პოლონური გაზეთის "გაზეტა ვიბორჩას" ცნობით, სიძულვილის არსებობაზე საუბრობდა ვლადიმირ პუტინის მრჩეველი გლებ პავლოვსკიც. ვარშავაში ბოლო ვიზიტის დროს მან გამოთქვა შეშფოთება, რომ "პოლონელები ზუსტად ისე საუბრობენ რუსებზე, როგორც ანტისემიტები ებრაელებზე”. ამგვარი მოსაზრების საპასუხოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადამ დანიელ როტფელდმა განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკოსები მტერს ეძებენ და, აი, ის პოლონეთში დაინახეს.

ზოგიერთი რუსი ექსპერტი მიიჩნევს, რომ პოლონეთში ანტირუსული განწყობილება შემცირდა მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირში შევიდა და თავი უფრო დაცულად იგრძნო. თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბევრი პოლონელი კვლავაც დაძაბული აკვირდება რუსეთის საგარეო პოლიტიკას და მის მოქმედებებში კვლავაც იმპერიის სხვა ფორმით აღდგენის სურვილს ხედავს.

ასეა თუ ისე, რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის ბოლოდროინდელი დაძაბვის მიზეზი მხოლოდ რუსი დიპლომატების შვილების ცემა რომ არ არის, ამასაც ბევრი ექსპერტი შენიშნავს. მათი აზრით, რუსეთს არ მოსწონს, რომ პოლონეთი მას შიგადაშიგ ადამიანის უფლებების დარღვევისა და თავისუფალი პრესის შევიწროებისთვის აკრიტიკებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი მაშინაც განაწყენდა, როდესაც ნარინჯისფერი რევოლუციის დროს პოლონეთმა უკრაინას დაუჭირა მხარი და მანამდეც, როდესაც პოლონეთი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ერთი სიტყვით, რუსეთს არ მოსწონს პოლონეთის ახალი და უფრო მნიშვნელოვანი როლი რეგიონში.

პოლონელი ექსპერტი იაკობ ბორატინსკი, სტეფან ბატორის ფონდის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი, ვარაუდობს, რომ რუსეთმა დიპლომატების შვილების ცემის ფაქტი პოლონეთისადმი თავისი უფრო დიდი უკმაყოფილების გამოხატვის საშუალებად აქცია. ექსპერტს შემთხვევითი არც ის ჰგონია, რომ რუსეთის მკაცრი და მწვავე რეაქცია პოლონეთსა და ბელორუსიას შორის ურთიერთობის განსაკუთრებულ დაძაბვას მოჰყვა. "ვფიქრობ, რუსები იყენებენ შესანიშნავ შესაძლებლობას აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებრიობას და, უპირველეს ყოვლისა, ევროპის კავშირს, რომ პოლონეთთან სერიოზული საუბარი არ შეიძლება, რადგანაც ეს ქვეყანა ანტირუსული ფობიით არის შეპყრობილი", - ასეთია იაკობ ბორატინსკის ვარაუდი.

მაშინ, როცა პოლონეთი (ბელორუს პოლონელთა კავშირის შევიწროების გამო) ბელორუსიას დაუპირისპირდა და იქიდან ელჩიც კი გამოიწვია, რუსეთმა პოლონეთს შეუტია. ექსპერტები ამას რუსეთის მიერ ბელორუსიისადმი გამოხატულ ერთგვარ მხარდაჭერად აღიქვამენ. ბორატინსკი ფიქრობს, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აწი უფრო თამამად უგულებელყოფს პოლონეთის პრეტენზიებს.
XS
SM
MD
LG