Accessibility links

logo-print

თბილისში, გაეროს წარმომადგენლობაში, შემდგარი ქართულ-აფხაზური შეხვედრა და მისი შედეგები


4 აგვისტოს გაეროს ოფისმა თბილისში ქართულ-აფხაზურ შეხვედრას უმასპინძლა. ამ შეხვედრაში აფხაზთა მხრიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის

საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარი კუპალბამ და უშიშროების მინისტრის მოადგილემ ნუგზარ სამსონიამ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა, როგორც ცნობილია, გაეროს ჟენევის ფორმატის ფარგლებში დაიგეგმა საგანგებოდ კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. თბილისში აფხაზთა დელეგაციის ჩამოუსვლელობის მიზეზით, ის ორჯერ ჩაიშალა და, საბოლოოდ, 4 აგვისტოს შედგა. საქართველოში გაეროს სპეციალური წარმომადგენლისა და მეგობარი ქვეყნების ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა წარმოადგენდა, საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში ირაკლი ალასანია პროცესს, აფხაზთა მოთხოვნით, გამოეთიშა.

აფხაზებმა მიიჩნიეს, რომ გაეროს ოფისში გამართულ შეხვედრაში ალასანიას მონაწილეობის დაშვება ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლების ჩართვაზე დათანხმების ტოლფასი იქნებოდა. ამ მიზეზით ვერ დაესწრო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში თბილისში, გაეროს ოფისში შემდგარ მოლაპარაკებას, რომელიც კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას, კერძოდ კი, ამ თემაზე საქართველოს მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვას მიეძღვნა.

კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების თემაზე მხარეებმა ბოლოს 1 წლის წინ სოხუმში იმსჯელეს და სწორედ იქ შეთახმდნენ, აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკება თბილისში გაეგრძელებინათ. მოლაპარაკება ერთწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. თბილისში, გაეროს ოფისში, დაგეგმილი ქართულ-აფხაზური შეხვედრა, მართალია, 2 -ჯერ ჩაიშალა, საბოლოოდ მაინც შედგა და მხარეთა ურთიერთობაში გარკვეული პოზიტიური ძვრები გამოკვეთა.

შეხვედრა, მეგობარი ქვეყნების ელჩებისა და საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის მონაწილეობით, 4 აგვისტოს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, როგორც გაირკვა, საინტერესოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში.

აფხაზთა დელეგაციამ, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას მეთაურობით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა საქართველოს მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო გარანტიების განმტკიცების წინადედებებს შეიცავს. აფხაზთა მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა ისინი. თუმცა, ზუსტად რა წინადადებებზეა ლაპარაკი, უცნობია. ”ჩვენ არა ვართ დაინტერესებულნი, საზოგადოებამ იცოდეს მოლაპარაკების დეტალების შესახებ მანამდე, სანამ დოკუმენტი საბოლოო ხასიათს არ მიიღებს, ვინაიდან მოლაპარაკების თემატიკამ შეიძლება საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვიოს,” - ასეთი დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა თბილისში ყოფნისას სერგეი შამბამ. 4 აგვისტოს შეხვედრაზე არ იყო დაგეგმილი განხილულ პროექტთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმების მიღწევა. უსაფრთხოების თემატიკაზე მუშაობა გაგრძელდება. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ ამ შეხვედრის შემდეგ არ გამორიცხა მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი ბაღაფშის შეხვედრის ორგანიზება, აფხაზთა მხარე კი ფორმალურად დათანხმდა დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მუშაობა დაიწყოს. დევნილთა დაბრუნების არეალად, რა თქმა უნდა, მხოლოდ გალის რაიონი მოიხაზა. აფხაზთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ჩამოაყალიბა, რა სამუშაოების გაწევაა საჭირო გალის რაიონში დევნილთა დასაბრუნებლად:

[სერგეი შამბას ხმა] "განისაზღროს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ დაბრუნებულან; განისაზღვროს მიზეზები, რომელთა გამოც ისინი არ დაბრუნებულან და პრობლემები, რომლებიც ამ მიზეზებს ქმნის. დევნილთა დაბრუნება უკავშირდება უსაფრთხოების საკითხების და, რა თქმა უნდა, მთელი რიგი სოციალური საკითხების გადაწყვეტას."

ასეთი საქმიანი იყო 4 აგვისტოს თბილისში აფხაზთა დელეგაცია, თუმცა ვნახოთ, რა იქნება შემდგომ. თბილისში საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის გააქტიურების იმედი აქვთ. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა იმედი, რომ ამერიკელთა ძალისხმევა ამ მიმართულებით აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
იმედია, გაირკვევა რას ეფუძნება ეს იმედი.
XS
SM
MD
LG