Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის ზონის ქართველების მდგომარეობა


თბილისში, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისში, გამართული ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების პარალელურად,

დღესვე ჭუბურხინჯში ტრადიციული ოთხმხრივი შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის მთავარი საკითხი წალენჯიხისა და გალის რაიონების საზღვარზე აფხაზი სამართალდამცავების მიერ დაკავებული ქართველების გათავისუფლება იყო. 20 ივლისს მუჟავის ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ ჭრისთვის დაკავებული 15 ქართველიდან პატიმრობაში 13 ადამიანი რჩება. აფხაზური კანონმდებლობის მიხედვით, მათ 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი რეალური სტრუქტურა კი, ფაქტობრივად, არ არსებობს.

გალის რაიონის კომპაქტური მოსახლეობის მაქსიმალური უმრავლესობა ქართველია. შეიძლება იმის თქმაც, რომ გალში პრაქტიკულად მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ. სოხუმის მიერ კონტროლირებად გალის ზონაში ქართველების შევიწროების ერთ-ერთ ფორმაზე - კერძოდ, ეთნიკური ქართველებისათვის ქართული სკოლების დახურვაზე - საუბარს თბილისში მიმდინარე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებისას აფხაზურმა მხარემ კატეგორიულად აარიდა თავი. საკითხს დღის წესრიგი არ ითვალისწინებდა და, შესაბამისად, აფხაზური მხარის პროტესტს საფუძველი ჰქონდა. ამ საკითხზე კომენტარი გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალერი ლომიამ ჭუბურხინჯში გააკეთა. მისი თქმით, ინფორმაცია გალის რაიონში ქართული ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ სინამდვილეს არ შეეფერება და, შესაბამისად, პროვოკაციაა, რომელიც გალში ვითარების დაძაბვას ისახავს მიზნად. გალის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსის ვალერი ლომიას მოსაზრების საპირისპირო ინფორმაციას გვაწვდის საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. მისი თქმით, გალის პირველ და მეორე სკოლებში სწავლა, მაღალი კლასების გარდა, მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობს. სკოლების რუსფიცირების პროექტი წარმატებით ხორციელდება გალის რაიონის ზედა ზონის სოფლებშიც. გარკვეულწილად განსხვავებული მდგომარეობაა ქვედა ზონის სოფლებში, სადაც სოხუმის ხელისუფლება მკაცრად ვერ აკონტროლებს ვითარებას. საერთოდ კი, აფხაზი სეპარატისტები ცდილობენ გალის რაიონის სკოლებში ქართული უცხო ენად ისწავლებოდეს.

ეთნიკური მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვა შორსგამიზნული პოლიტიკაა და თავისი მნიშვნელობით არაფრით ჩამოუვარდება ადამიანის უფლებების ისეთ დისკრიმინაციას, როგორიცაა მძევლად აყვანა, დაწიოკება, გამოსასყიდის მოთხოვნა, ადამიანის კრიმინალური გარიგებების საშუალებად ქცევა და სხვ. სოზარ სუბარი განმარტავს, რომ გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებების ოფისის გახსნა ვითარებას სასიკეთოდ განმუხტავდა. დღეს კი, როცა არც ეს ოფისი არსებობს და არც ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი რეალური სტრუქტურა, მოსახლეობა უკიდურესად დაძაბულია:

[სოზარ სუბარის ხმა] "რეალურად მათ უნდა იცავდნენ სამშვიდობო ძალები, რომლებიც ამას არ აკეთებენ კი არა, ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობენ გამტაცებლებს. საერთაშორისო კანონმდებლობით, საქართველოს იურისდიქცია უნდა ვრცელდებოდეს, ჩვენ ეს არ შეგვიძლია და ვერ ვაკეთებთ ამას. ამიტომაც არის, რომ კომპლექსურად არის ეს საკითხი მოსაგვარებელი და საერთაშორისო ორგანიზაციები, უბრალოდ, უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას, რომ, თუ რუსები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაშინ აქ უნდა ჩადგეს უფრო სხვა ძალები, საერთაშორისო ძალები, რომლებიც შეძლებენ, რომ ზედამხედველობა მოახდინონ ადამიანის უფლებების დაცვაზე." (სტილი დაცულია)

როგორც სოზარ სუბარი განმარტავს, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი გალის რაიონში რეალურად მთავრდება იქ, სადაც დგას რუსი სამშვიდობო. ასეთია დე ფაქტო მდგომარეობა. სხვა მხრივ კი, ადამიანის უფლებების დამცველ აფხაზურ ორგანიზაციებთან თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან გვაქვს - ნაკლებინტენსიური, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი - კავშირები. სოზარ სუბარი ერთ-ერთ მაგალითს ასახელებს:

[სოზარ სუბარის ხმა] "ქალბატონი ემა გამისონია არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელთანაც პერიოდულად გვაქვს კონტაქტი. და როცა არის ინფორმაცია, რომ რომელიმე ქართველი პატიმარი, ვთქვათ, დანდრის ციხეში, არის მძიმე მდგომარეობაში, ავადმყოფობის გამო ან რაღაცა, ვუკავშირდებით მას ან ოფიციალურ წერილს ვუგზავნით. ის ნახულობს, ყოველ შემთხვევაში, და გვატყობინებს რა მდგომარეობაშია." (სტილი დაცულია)

საქართველოს სახალხო დამცველი ვარაუდობს, რომ ქალბატონ ემა გამისონიას, როგორც სეპარატისთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ვიზიტის შემდეგ ციხის ადმინისტრაციის მოპყრობა ქართველი პატიმრების მიმართ უმჯობესდება.
საერთოდ კი, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში სეპარატისტების მიერ პოლიტიკური თუ კრიმინალური მიზნებით გატაცებულ ადამიანთა მდგომარეობა, გარკვეულწილად, მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. თუნდაც საჯაროობის მხრივ. ცხინვალის ზონის ქართველებს, გალის ზონისგან განსხვავებით, ადამიანების გატაცებაზე უფრო ქმედითად შეუძლიათ რეაგირება. ამასაც თავისი ახსნა აქვს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში უდანაშაულო ადამიანების უფლებები უხეშად ილახება.
XS
SM
MD
LG