Accessibility links

logo-print

საქართველოში დამწყებ მეწარმეს უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურის გავლის შემდეგ დამწყებ მეწარმეს თავისი ბიზნესის წარმატებული განვითარებისათვის

არაერთი ბარიერის გადალახვა მოუწევს. რა სიძნელეებს აწყდება დამწყები ბიზნესი საქართველოში?

საქართველოში ბიზნესის დასაწყებად მეწარმე, იურიდიული პროცედურების გავლისა და ორგანიზაციის რეგისტრირების შემდეგ, პირისპირ რჩება ბაზართან და იმ სამეწარმეო გარემოსთან, რომელიც, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, კეთილსაიმედოობით, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ დაიკვეხნის.

ექსპერტი ნიკო ორველაშვილი ფიქრობს, რომ დამწყები მეწარმისათვის ბიზნესის კეთების არცთუ იოლ გზაზე ყველაზე მარტივი პროცედურა ფირმის რეგისტრაციის სტადიაზე მთავრდება და შემდეგ უკვე იწყება პრობლემათა რიგი, რომელთაც ობიექტური გარემო და სუბიექტური ფაქტორები განაპირობებენ:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”რეალური პრობლემა არის შემდგომ ამ ბიზნესის გაძღოლა და გაზრდა. აქ უკვე ძალიან ბევრი ბარიერია, დაწყებული საერთო არასტაბილური გარემოდან, - ვგულისხმობ როგორც გლობალურს, ისე ქვეყანაში არსებულ, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გაუარესებულ, კრიმინოგენურ სიტუაციას, ასევე გამორჩეულად კანონის უზენაესობისადმი ძალიან აგდებულ დამოკიდებულებას სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან. თუ ამას შემდეგ კიდევ დავუმატებთ ზოგადად ბაზრის პრობლემებს, დამხმარე ინფრასტრუქტურის არარსებობას, იმავე საფინანსო ბაზრების არცთუ კარგად განვითარების ხარისხს, ვნახავთ, რომ პრობლემა გაცილებით ღრმაა.” (სტილი დაცულია)

დამწყები ბიზნესი, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესი, პრობლემებს საწყის ეტაპზევე აწყდება. იმისათვის, რომ მეწარმემ თავისი საქმიანობის განვითარება შეძლოს, შესაბამისი უნარ-ჩვევების, მართვის გამოცდილების და ნიჭის გარდა, პირველ რიგში, საწყისი კაპიტალია საჭირო. თუ თქვენ გაგიმართლათ და საქმის დასაწყებად გარკვეული თანხა გაგაჩნიათ, შეგიძლიათ თამამად ჩაებათ კონკურენტებით გაჯერებულ ბაზარზე არსებობისათვის ბრძოლაში. თუ საწყისი კაპიტალი საქმის განვითარების საშუალებას არ გაძლევთ, მაშინ კომერციულ ბანკებში საკრედიტო რესურსების მოძიების არცთუ იოლი პროცედურების გავლა მოგიწევთ. ბანკები დამწყები ბიზნესისათვის კრედიტების გაცემას მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებიან, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან ამ ტიპის ბიზნესი ყოველთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, კრედიტის დაბრუნების ალბათობაც მცირეა. თუ მეწარმემ ეს ბარიერიც წარმატებით გადალახა, მას უკვე კონკურენტებთან ჭიდილი, სახელმწიფო ორგანოების გადამეტებული ყურადღების ატანა და მენეჯერული თვისებების მაქსიმალური მობილიზება მოუწევს. ყოველივე ეს კი დიდ დროსთან, გამძლეობასა და არცთუ მცირედ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. თუ თქვენ ყველა ამ წინააღმდეგობისათვის მზად ხართ და პრობლემები არ გაშინებთ, საგადასახადო ორგანოებთან პირნათელი ხართ და ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური გადასახადის გადახდის შემდეგ საქმის გაგრძელების სურვილი შეგრჩათ, შეგიძლიათ თავი უკვე გამობრძმედილ ბიზნესმენად მიიჩნიოთ და თქვენი გამძლეობაც სათანადოდ იქნება დაფასებული.
XS
SM
MD
LG