Accessibility links

logo-print

რელიგიის თავისუფლება შუა აზიის რესპუბლიკებში


ანდრო ეული, პრაღა შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რელიგია მთავრობის მკაცრ კონტროლსაა დაქვემდებარებული.

ხელისუფალთა ნებართვის გარეშე მეჩეთი ვერ ამოქმედდება. მთავრობები აცხადებენ, რომ ამგვარი კონტროლი აუცილებელია ისლამისტურ დაჯგუბებთან საბრძოლველად. ყველაზე აშკარად მთავრობის კონტროლი ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებაზე შესამჩნევია თურქმენეთში, რომლის პრეზიდენტმა თავისი თავი ალაჰის მესიად, აგრეთვე ქვეყნის სამუდამო ლიდერად გამოაცხადა.

"რუჰნამა ალაჰის სასწაულმა შექმნა. ყველაფერი ზემოდან მოვიდა და უბრალოდ ქაღალზე გადავიტანე ეს. ამდენად, ეს იდუმალი სასწაული დიდი საჩუქარი იქნება თურქმენი ხალხისთვის", - ასე საუბრობს თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურად ნიაზოვი თავისი "ლიტერატურული ნაწარმოების", "რუჰნამას" , ანუ სულის წიგნის შესახებ.

"რუჰნამა", რომლის პირველი ტომი 2001, ხოლო მეორე 2004 წელს გამოქვეყნდა, შეიცავს ნიაზოვის ნააზრევს პოლიტიკაზე, ნაციონალიზმზე, რელიგიაზე, კულტურასა და თურქმენი ხალხის ბედზე.

დღეს, ციტატებს საფარმურად ნიაზოვის წიგნიდან თურქმენეთის ყველაზე დიდი მეჩეთის კედლებზე წაიკითხვათ ყურანიდან ამოკრეფილი ლოცვების გვერდით. ეს მეჩეთი პრეზიდენტმა თავის მშობლიურ სოფელ კიფჩაკში ააგო. ხოლო მთავრობამ სავალდებულოდ გახადა რუჰნამას სწავლება საბავშვო ბაღებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.

ნორვეგიის საინფორმაციო სააგენტო "ფორუმ-18"-ტი, რელიგიის თავისუფლებას ადევნებს თვალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და როგორც ამ სააგენტოს კორესპონდენტი ფელიქს კორლი აღნიშნავს, სასულიერო პირებს დაპატიმრება ემუქრება, თუკი შეეწინაღმდეგებიან ქვეყნის სულიერ ცხოვრებაზე თურქმენბაშის, ანუ თურქმენების მეთაურის, ნიაზოვის გავლენას.

თურქმენეთის ყოფილმა რელიგიურმა ლიდერმა ნასრულა იბნ იბადულამ უარი თქვა "ჭეშმარიტ მესიად" გამოეცხადებინა თურქმენბაში. შედეგად, ნასრულა იბნ იბადულას აუკრძალეს რელიგიური მოღვაწეობა, ხოლო გასულ წელს "სამშობლოს ღალატის" ბრალდებით 22 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

მეზობელ უზბეკეთში, პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი დღენიადაგ აცხადებს, რომ ისლამისტთა ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებსაც მისი რეჟიმის დამხობა აქვთ განზრახული, რელიგიის მეშვეობით იზიდავენ ახალ წევრებს თავიანთ რიგებში. კარიმოვმა დაარბია ის დაჯგუფებები, რომლებმაც არ გაიარეს რეგისტრაცია სათანადო უწყებაში, ხოლო ათასობით მათი მომხრე დააპატიმრა. უზბეკეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხსენებული ჯგუფები "საერთაშორისო ტერორიზმთან" არიან კავშირში და საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას.

"საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე გლობალურია. დღეს, არცერთი ქალაქი თუ სოფელი არაა დაზღვეული მსოფლიოში საერთაშორისო ტერორიზმის შემოტევისაგან, ხოლო ჩვენ საგულდაგულოდ ვაკონტროლებთ ვითარებას უზბეკეთში" - განაცხადა თავისი მთავრობის სხდომამზე დეკემბერში ისლამ ქარიმოვმა.

ყაზახეთში, ოპოზიციურ პარტიებს ოფიციალური რეგისტრაციის უფლება მისცეს, ხოლო ამ კვირაში, ქვეყნის უდიდესმა ოპოზიციურმა ალიანსმა თავისი კანდიდატი წამოაყენა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც დეკემბერში უნდა გაიმართოს.

ტაჯიკეთი ერთადერთი ქვეყანაა შუა აზიაში, სადაც ოპოზიციურმა ისლამისტულმა პარტიამ რეგისტრაცია გაიარა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 1997 წელს სამშვიდობო შეთანხმება დაიდო მთავრობასა და ისლამურ ოპოზიციას შორის, რითაც დასრულდა ქვეყანაში 1992-97 წლების სამოქალაქო ომი.

ყირგიზეთში, ოპოზიციურმა პარტიებმა ამ წლის დასაწყისში ხალხმრავალი დემონსტრაციები მოაწყეს ქუჩებში, რაც თანდათანობით აჯანყებაში გადაიზარდა და ბოლოს არსებული რეჟიმის დამხობით დამთავრდა.
XS
SM
MD
LG