Accessibility links

logo-print

რას ფიქრობს ადამიანი, რომელიც ჰიროსიმის კოშმარს გადაურჩა?


ზარის რეკვამ, რომელიც 6 აგვისტოს დილით, ადგილობრივი დროით ზუსტად 8:15 საათზე გაისმა ჰიროსიმაში, საზეიმო ცერემონიის უშუალო მონაწილეებსაც და მთელი მსოფლიოს მოსახლეობას

60 წლის წინათ მომხდარი საზარელი ტრაგედია შეახსენა. ზუსტად ექვსი ათეული წლის წინ (მაშინაც სწორედ შაბათი იყო) აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა B-29-მ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდო. მიზანი ომის დასრულება და იმ აგრესიის აღკვეთა იყო, რომელიც უამრავი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლეს შეიწირავდა. სხვა საკითხია, რომ ბევრი ისტორიკოსი ამას სადავო თემად მიიჩნევს.

ასეა თუ ისე, იაპონიამ კაპიტულაცია მართლაც გამოაცხადა რამდენიმე დღეში, ანუ მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ატომური ბომბი მეორე ქალაქში – ნაგასაკიშიც ჩამოაგდეს. თუმცა, ჰიროსიმის ტრაგედიის მასშტაბებს ვერაფერი შეედრება: მიწასთან გასწორებულ ქალაქში 100 ათასზე მეტი ადამიანი იქვე დაიღუპა. სასწაულით გადარჩენილთა შორის არის კოკო ტანიმოტო-კონდო, რომელიც მაშინ, 1945 წელს, სულ ახალი დაბადებული იყო. როცა გოგონა წამოიზარდა, საშინელი სიძულვილის გრძნობა და შურისძიების სურვილი გაუჩნდა. თუმცა მერე, თანდათან, ეს გრძნობა შერიგებისა და თანხმობის წყურვილმა შეცვალა. ეს ამბავი კი ასე დაიწყო:

1945 წლის 6 აგვისტოს, დილით, კოკო ტანიმოტო-კონდოს დედას სტუმარი ჰყავდა - იმ ქრისტიანული ეკლესიიდან, რომელსაც მამამისი ედგა სათავეში. 8:15 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როცა ამერიკის თვითმფრინავმა B-29-მ, მათი სახლიდან სულ რაღაც კილომეტრნახევარში, ატომური ბომბი ჩამოაგდო, კოკო დედას ეჭირა ხელში. სახლი მთლიანად დაინგრა, დედა-შვილი კი, თვალის დახამხამებაში, ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. გონებადაკარგული დედა შვილის ტირილმა გამოაფხიზლა:

[კოკო ტანიმოტო-კონდოს ხმა] "თავიდან, იფიქრა - "უი, სადღაც ჩვილი ტირისო", მაგრამ უცბად, ტირილი შეწყდა. მერე დედური ინსტინქტით მიხვდა, რომ ცოტა ხნის წინ მისი შვილი ტიროდა, რომ ეს მე ვიყავი და ტირილი იმიტომ შევწყვიტე, რომ სუნთქვა შემეკრა. დედა ყველაფერს მიხვდა, ყვიროდა და შველას ითხოვდა, მაგრამ საშველად არავინ მოვიდა. მერე დედამ ნელ-ნელა მოძრაობა დაიწყო, ხვრელიდან ამოძრომა მოახერხა და მეც ამომიყვანა. მერე დაინახა, რომ იქაურობა ცეცხლში იყო გახვეული".

სასწაული მოხდა, კოკო ტანიმოტო-კონდო არც კი დაშავებულა. თუმცა მას კარგად ახსოვს გარშემო მცხოვრები ადამიანების დამწვარი და დასახიჩრებული სახეები. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა გოგონები, რომლებსაც "ჰიროსიმის ქალიშვილებს" უწოდებდნენ:

[კოკო ტანიმოტო-კონდოს ხმა] "ზოგიერთი მათგანი ვერც თვალებს ხუჭავდა და ვერც პირს კეტავდა, რადგანაც ტუჩები ნიკაპთან ჰქონდათ შეხორცებული. ბავშვი რომ ვიყავი, აღარ ვიცოდი საით გამეხედა. ვფიქრობდი, რატომ არიან-მეთქი ეს გოგონები ასეთი მახინჯები. და მე გვიან გავიგე, რომ ისინიც ჰიროსიმის საშინელების დროს გადარჩენილი ადამიანები იყვნენ. და რომ მათი სახეები ცეცხლმა დაამახინჯა. და მე ვუთხარი ჩემს თავს, რომ როცა გავიზრდებოდი – აუცილებლად გადავუხდიდი სამაგიეროს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბომბის ჩამომგდებ B-29-ში იჯდა."

თუმცა, 1955 წელს მომხდარმა ამბავმა, ტანიმოტო-კონდოს ბავშვობისდროინდელი მუქარა უკვალოდ გააქრო. ეს ამერიკაში მოხდა. როცა მამამისი შეერთებულ შტატებში პოპულარულ სატელევიზიო შოუში (სახელად - "ეს შენი ცხოვრებაა") მიიწვიეს, მან გამოიყენა შანსი და იქ, პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად, 25 დასახიჩრებული ჰიროსიმელი გოგონაც ჩაიყვანა. მამას ამერიკაში ტანიმოტო-კონდოც ახლდა:

[კოკო ტანიმოტო-კონდოს ხმა] "მე იმ შოუში ბევრი ადამიანი ვიცანი, გარდა ერთი კაცისა. მაშინ მხოლოდ 10 წლის ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი და დედაჩემს სასწრაფოდ ვკითხე – ვინ არის ის კაცი-მეთქი. და მან მითხრა, რომ ის კაცი კაპიტანი რობერტ ლუისი იყო, B-29-ის მეორე პილოტი."

გოგონა სახტად დარჩა. ის თვალს არ აშორებდა ადამიანს, რომელიც ჰიროსიმაში ბომბის ჩამოგდების ამბავს მძიმე განცდებით ჰყვებოდა:

[კოკო ტანიმოტო-კონდოს ხმა] "კაპიტანი ლუისი იხსენებდა: როცა მან თვითმფრინავიდან დაინახა - როგორ გაქრა ქალაქი ჰიროსიმა, დაიყვირა – "ღმერთო ჩემო, ეს რა ჩავიდინეთო". მე მეგონა, რომ ეს კაცი მტერი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან თქვა – "ღმერთო ჩემო, ეს რა ჩავიდინეთო" და მის თვალებზე ცრემლებიც დავინახე, მე ის ძალიან შემეცოდა. და გულში ლოცვა დავიწყე – "ძალიან ვწუხვარ, ღმერთო, გთხოვ მომიტევე, რომ მე ეს ადამიანი მძულდა... მე თავად ომი უნდა მძულდეს და არა ეს ადამიანი და ამიტომ, გთხოვ, მაპატიე-მეთქი."

მერე გოგონა გაიზარდა და ყველაზე ცნობილი ჰიროსიმელი ქალი გახდა. კოკო ტანიმოტო-კონდო ხშირად მოგზაურობს უცხოეთში, ხალხს თავის განცდებს უზიარებს და ყველას შეახსენებს, რომ მიტევება, შერიგება და მეგობრობის გაფრთხილება აუცილებელი ცნებებია.
XS
SM
MD
LG