Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაფხული - ''მკვდარი სეზონი''?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ ზაფხული, პოლიტიკური თვალსაზრისით, მკვდარი სეზონია, აგვისტოს დასაწყისი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში

საკმაოდ დინამიკური და აქტიური აღმოჩნდა. 6 აგვისტოს ყველა ქართული გაზეთი ეხება წინა დღით ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც პარლამენტის შუალედურ არჩევნებამდე ე.წ. პრაიმერის ჩატარებას გულისხმობს.

გაზეთ „24 საათის“ ცნობით, ახალი მემარჯვენეების, კონსერვატორების, ლეიბორისტებისა და პარტია “თავისუფლების” მიერ შეთანხმების გაფორმებას ახლების ლიდერმა დავით გამყრელიძემ „ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი უწოდა“, თუმცა საზოგადოება იქვე გააფრთხილა: „მიუხედავად თანამშრომლობისა, ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვექნება და განსხვავებულ მოსაზრებებს გამოვხატავთო.“

რაც შეეხება ლეიბორისტების აზრს იმ პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ, რომელთაც ისინი სულ ცოტა ხნის წინ ცრუ ოპოზიციას უწოდებდნენ, შალვა ნათელაშვილი ამჯერად გახარებული იყო, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, როგორც იქნა, თანამშრომლობის საფუძველი გამონახეს.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციისა, მათი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება. გაზეთ „24 საათის“ კითხვაზე, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს კობა დავითაშვილი თუნდაც შალვა ნათელაშვილის გვერდით, მთავარმა კონსერვატორმა განაცხადა: არავითარი დისკომფორტი არ მაქვს. მე უარესების გვერდითაც ვმდგარვარო.

კიდევ ერთი თემა, რომელმაც ყველა გაზეთის ინტერესი გამოიწვია, რესპუბლიკური პარტიის სარჩევნო „ვნებებია“. შაბათის გაზეთ „რეზონანსის“ ცნობით, რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ისინი „მოტეხეს“: „ რესპუბლიკური პარტია პირველ ოქტომბერს დანიშნულ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადმინისტრაციულ ძალადობაში ადანაშაულებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ქავთარაძე აცხადებს, რომ რესპუბლიკელებს არჩევნებში მონაწილეობა არ სურთ და აბსურდულ მიზეზებს იგონებენ.”

იმავე გაზეთიდან მკითხველი შეიტყობს მთავრობის მორიგი შესაძლო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. გაზეთ „რეზონანსის“ ცნობით, სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების დეპარტამენტი გამოეყოფა და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება. კანცელარიაში ამბობენ, რომ ამ ორი ძალოვანი სამინისტროს გაერთიანებამ არ გაამართლა.

„შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი უშიშროების მინისტრი იქნება. მისი პირველი მოადგილის თანამდებობას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი დაიკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დაკავების ყველაზე დიდი შანსი კი პარლამენტარ გივი თარგამაძეს აქვს.“ - შეგახსენებთ, მთავრობის ამ მორიგი შესაძლო საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ შაბათის გაზეთი „რეზონანსი“ წერს.

და კიდევ ერთ გაზეთს მივაპყრობ თქვენს ყურადღებას: შაბათის გაზეთი „ალია“ აქვეყნებს 2005-2006 სასწავლო წლისთვის ლიცენზირებულ სასკოლო წიგნების ნუსხას. გაზეთის ცნობით, თუ სხვა წიგნებს შეიძენთ, ფულს ტყუილად გადაყრით.
XS
SM
MD
LG