Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ცხინვალში პროვოკაციას ელის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა სექტემბერში კონფლიქტის ზონაში საქართველოს შეიარაღებული ძალების შეჭრას ელის.

ოფიციალური თბილისი ამავე პერიოდში კონფლიქტის ზონაში პროვოკაციის მოწყობას არ გამორიცხავს და რუსეთს საინფორმაციო ომის წარმოებაში სდებს ბრალს. რა არის მოსალოდნელი უახლოეს ხანში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში?

[გოგა ხაინდრავას ხმა] "ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ცხინვალელ კოლეგებს, რომ 15 სექტემბერს მოხდეს შეხვედრა ბატონ კოკოითისა და ბატონი ნოღაიდელის იმისათვის, რომ გამოირიცხოს და გაქარწყლდეს საინფორმაციო ომი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს."

კონფლიქტების მოგვარების სფეროში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა კოკოითი-ნოღაიდელის შეხვედრის თარიღად 15 სექტემბერს შემთხვევით არ ასახელებს. ცხინვალის ხელისუფლების ლიდერების განცხადებით, სწორედ 15 სექტემბრისთვის გეგმავს თბილისი ცხინვალზე მორიგი იერიშის მიტანას. იგივე თარიღი დაასახელა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის დუმის დსთ-ს და თანამემამულეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კოკოშინმა, რომლის აზრითაც, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების განახლების შანსი კვლავ საკმაოდ მაღალია.

რუსული ინტერნეტსაიტები ლამის დეტალურად აღწერენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქმედო გეგმას, რომელიც, მაგალითად, ინტერნეტგამოცემა “უტროს“ ვერსიით, ასე გამოიყურება: ცხინვალის რეგიონის სრული ბლოკადის შემდეგ 350-400 კაციანი დესანტი როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებას ეცდება. ალყაში მოექცევა ცხინვალიც, კოკოითის კი ჩაბარების ულტიმატუმს წაუყენებენ.

რატომ 15 სექტემბერი? - ამ კითხვაზე რუსულ მხარეს ასეთი ახსნა აქვს: 26 აგვისტოს დაგეგმილია ყაზანში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა პრეზიდენტების არაფორმალური სამიტის ფარგლებში. თუ მიხეილ სააკაშვილი ვერ დაარწმუნებს ვლადიმირ პუტინს, ზემოქმედება მოახდინოს ცხინვალის ხელისუფლებაზე, საქართველოს ახალგაზრდა ლიდერი უკვე დამოუკიდებლად ეცდება ცხინვალის პრობლემის მოგვარებას, - წერს ინტერნეტგამოცემა „უტრო“.

საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება კატეგორიულად გამორიცხავს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალისმიერი გზის გამოყენებას, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მეორე მხრივ, შარშანდელი მოვლენების გათვალისწინებით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ფაქტი ერთია: საქართველოს ტელეეთერში კვლავ გახშირდა კლიპები, რომელთა შინაარსსა და ფორმას ადამიანი მშვიდობიანს ვერაფრით ვერ უწოდებს.
XS
SM
MD
LG