Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა დიდ ყურადღებას უთმობს მეფე ფაჰდის გარდაცვალებას


გასულ კვირაში უცხოეთის პრესა ფართოდ გამოეხმაურა საუდის არაბეთის მეფე ფაჰდის გარდაცვალებას.


ესპანეთის "ელ პაისის" აზრით, არ არის სავარაუდო, რომ ფაჰდის გარდაცვალების შემდეგ საუდის არაბეთში საგრძნობლად შეიცვალოს ვითარება. "დანარჩენი მსოფლიოსთვის მნიშვნლოვანია ის, რომ შენარჩუნებულ იქნეს სტაბილურობა და უწყვეტობა ნავთობის პოლიტიკაში. ახალი მეფის, აბდულას, ერთ-ერთი ამოცანა ისაა, რომ აღადგინოს ერთ დროს პრივილეგირებული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. 2001 წლის 11 სექტემბრისა და ერაყის ომის შემდეგ ეს ურთიერთობები თითქმის გაწყდა. შემდეგი პრობლემაა უშიშროება. ისლამური ფუნდამენტალიზმის გამო საუდის არაბეთი ნაკლებ სტაბილურია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მართალია, რეჟიმი ენერგიულად ებრძვის ტერორს, მაგრამ რადიკალების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება," წერს 2 აგვისტოს "ელ პაისი."

გასულ კვირაში მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებამ, სენატის გვერდის ავლით დაენიშნა გაეროში შეერთებული შტატების ელჩად ჯონ ბოლტონი.

ავსტრიის გაზეთი "ზალცბურგერ ცაიტუნგი" წერს: "კონგრესის დაჟინებული სურვილის საწინააღმდეგოდ გაეროში შეერთებული შტატების ელჩად ჯონ ბოლტონის დანიშვნით პრეზიდენტმა ბუშმა სენატი აბუჩად აიგდო. მაგრამ გარდა ამისა მისი საქციელი ბევრს მეტყველებს პრეზიდენტის კომპრომისუნარიანობასა და დემოკრატიის მისეულ გაგებაზე."

ამავე საკითხს აშუქებდა სამშაბათს იტალიის გაზეთი "ლა რეპუბლიკა". "განაწყენებულმა იმპერატორმა და მისმა ნეოკონსერვატორმა თანამებრძოლებმა", წერს "რეპუბლიკა", "ცივად იძიეს შური გაეროზე, 2003 წლის შეურაცხყოფიდან ორიწლინახევრის შემდეგ. მაშინდელი ღია ანგარიში, როცა უშიშროების საბჭომ გაბედა წინ აღდგომოდა ამერიკის დიქტატს და უარი ეთქვა ერაყში ინტერვენციის უფლების გაცემაზე, გაქვითულია. ამიერიდან გაეროს შენობაში ომისკენ წამქეზებელი კი აღარ ზის, არამედ ტერმინატორი. ბუშმა იგი აირჩია, რათა ამით მთელი თავისი ზიზღი და შეუწყნარებლობა გამოეხატა 60 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ," მკაცრად შენიშნავს "ლა რეპუბლიკა".

გასულ კვირაში მსოფლიოს ყურადღება მიმართული იყო თერანისკენ. ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიმდინარე დავა კვლავაც არ შორდება პრესის ფურცლებს.

ბრიტანეთის "ტაიმსის" 4 აგვისტოს ნომერში ვკითხულობთ: "დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გამალებული მუშაობენ ახალ პაკეტზე, რომლის მიზანია თეირანს ხელი ააღებინოს მისი ბირთვული პროგრამის ნაწილობრივი განახლებისგან. ეს ხალიჩების ბაზრობაზე ვაჭრობას ჩამოჰგავს და ძნელია ამ გზით ვინმეს მოტყუება. შეერთებული შტატები მართალია, როცა ეჭვს გამოთქვამს, რომ ირანს გულში კარგი არაფერი უდევს. მიუხედავად ამისა, ამერიკა მზადაა ერთხანს კიდევ ადევნოს თვალყური მოვლენებს, რათა ევროპელებს შანსი მისცეს შეთანხმების მისაღწევად", ვკითხულობთ "ტაიმსში".

საფრანგეთის "ფიგაროს" აზრით, ასეთი შეთანხმების მიღწევის შანსები ძალზე მცირეა. "ორწლიანი დაძაბული მოლაპარაკებების პროცესში საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია გამუდმებით ცდილობდნენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ირანთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას. მათ მიაჩნდათ, რომ აიძულებდნენ თეირანს ბირთვულ პროგრამაზე საბოლოოდ ეთქვა უარი. მაგრამ მიუხედავად მთელი რიგი დათმობებისა, ირანი მაინც მყარად დგას თავის პოზიციაზე ურანის გამდიდრების რვა თვის წინ შეწყვეტილი პროცესის კვლავ განახლების საკითხში."
XS
SM
MD
LG