Accessibility links

logo-print

როგორ უპასუხებს პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლების გამოწვევებს - რესპუბლიკური პარტია შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილოებას აღარ მიიღებს


4 ოპოზიციური ძალა - კონსერვატორები, ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტები და პოლიტიკური ორგანიზაცია ”თავისუფლება” - შუალედურ მაჟორიტარულ

არჩევნებზე საერთო კანდიდატების წარმოდგენისთვის წინასწარი არჩევნების, პრაიმერის, ჩატარებაზე შეთანხმდა. დასახელებული პარტიების ლიდერებმა 5 აგვისტოს საზოგადეობას სიხარულით აცნობეს ოპოზიციის ფლანგზე შემდგარი ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების შესახებ, კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის - რესპუბლიკური პარტიის - წარმომადგენლებმა კი ამავე დღეს მოწვეულ პრესკონფრენციაზე ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ რესპუბლიკელები აღარ მიიღებენ მონაწილეობას შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში. პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ყველაზე საშიში კონკურენტის ჩამოცილებისთვის ჩაფიქრებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ძალადობა გახდა. სად ჰქონდა ადგილი ძალადობას რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ?

შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობისთვის ”რესპუბლიკურ პარტიას”, უდავოდ, რეალური კანდიდატები ჰყავდა შერჩეული: ბათუმში - აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი გიორგი მასალკინი, თბილისში ( ისნის რაიონში) - ცნობილი იურისტი თინა ხიდაშელი. არც ერთი მათგანი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და ეს უკანდახევის გამო არ ხდება. აჭარის უზენაესმა საბჭომ, სპეციალური წინასაარჩევნო გადაწყვეტილებით, აუკრძალა მასალკინს, როგორც აჭარის უზენაესი საბჭოს წევრს, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა; იმავდროულად, ცენტრალური საარჩევნო კომისია, გაუგებარი მოტივით, წინ აღუდგა რესპუბლიკური პარტიის რეგისტრაციაში გატარებას.

დავიწყოთ იმით, რომ ამ პარტიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია შარშან ამ დროს ჰქონდა გავლილი და შუალედური არჩევნებისთვის მისი ლიდერები არც აპირებდნენ სარეგისტრაციოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიემართათ. როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, მოხდა ისე, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლებურად წაიკითხა საარჩევნო კანონმდებლობა, არ ცნო რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია და პარტიის ლიდერებს აღნიშნულის შესახებ წერილობით კანონით დადგენილ ვადაზე ერთი კვირის დაგვიანებით აცნობა. ხელახალი რეგისტრაციისთვის რესპუბლიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით 2 აგვისტოს მიმართა. არც ეს აღმოჩნდა საკმარისი პრობლემის გადასაწყვეტად. მიზეზის გამოძებნა არ გაჭირდა. ის კი ასეთი აღმოჩნდა:

[გიორგი ქავთარაძის ხმა] ”ამ განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლად დანიშნულია ზურაბ მარაქველიძე, მაგრამ ეს განცხადება არაფერს ამბობს მისი უფლებამოსილების შესახებ. ”

ეს გახლდათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტება. 5 აგვისტოს მან ისიც თქვა, რომ რეგისტრაციაში გასატარებლად რესპუბლიკურ პარტიას კიდევ აქვს დრო განცხადების ხარვეზის გამოსასწორებლად, რესპუბლიკურმა პარტიამ კი უკვე მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება.”რეგისტაციის მიღწევა, ალბათ, შეიძლებოდა, მაგრამ აქ სხვა რამაა მთავარი. კერძოდ, ის , რომ პარტიის რეგისტაციისთვის საარჩევნო კომისია საკუთარი წესებით მოქმედებს და არა კანონით დადგენილი ნორმებით და ის, რაც აჭარაში მოხდა...” - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა. რა მოხდა აჭარაში, ამაზე კომენტარის გაკეთება ლევან ბერძენიშვილს ვთხოვეთ.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ”მხოლოდ ერთი კაცი, მასალიკი, იყო გამოცხადებული როგორც შესაძლო კანდიდატი. ამიტომ იქ მიიღეს კანონი ერთი კაცის წინააღმდეგ. ყველა ქვეყანა, სადაც იღებენ კანონს ერთი კაცის წინააღმდეგ, არის უზნეო და დასანგრევი.”

თავდასხმა ვალერი გელაშვილზე, აჭარაში ერთი კაცის წინააღმდეგ კანონის მიღება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის უცნაური ქმედებები - ეს ყველაფერი რესპუბლიკურ პარტიაში ”წესების გარეშე” ბრძოლაში გამოწვევად მიიჩნიეს და მიიღეს კიდეც გამოწვევა:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”რესპუბლიკური პარტია იღებს ამ გამოწვევას, მაგრამ არა 2-3 ოლქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, და არა წესების გარეშე, არამედ ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წესებით. ის ყველა ღონით შეეცდება წინ აღუდგეს საქართველოში ერთპარტიული დიქტატურის განმტკიცებას. ”

დავით უსუფაშვილის თქმით, ორიენტირი 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კეთდება. რესპუბლიკური პარტია უკვე იწყებს ადგილობრივი არჩევნების წინა კამპანიას, პარტიის საარჩევნო შტაბს სათავეში თინა ხიდაშელი უდგება.
XS
SM
MD
LG