Accessibility links

სტიქიამ კვლავ შეუტია მცხეთა-მთიანეთის რეგიონს


გადაუღებელი კოკისპირული წვიმები და წყალდიდობა ბოლო 3 თვის მანძილზე უკვე მესამედ განმეორდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. 3 დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად,

რეგიონში ორი სახლი დაინგრა და 4 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. 4 აგვისტოს კი მდინარე არაგვის მოულოდნელმა ადიდებამ საქართველო-რუსეთის სამხედრო გზაც დააზიანა. სწორედ ამ გზით ტოვებს საქართველოს რუსეთის სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა. რა მდგომარეობაა სტიქიით დაზარალებულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში?

ბოლო 110 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც საქართველოში კლიმატურ პირობებზე დაკვირვება და მისი აღრიცხვა დაიწყეს, წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყველაზე ჭარბი ნალექი მოვიდა. სტიქიის შემოტევა 3-4 აგვისტოსაც განმეორდა, როდესაც 3 დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მდინარეების ადიდება და მეწყერი გამოიწვია. კერძოდ, მდინარე არაგვის არნახულმა ადიდებამ სოფელ მლეთაში რამდენიმე ოჯახი დააზარალა. მხარის გუბერნატორს ვასილ მაღლაფერიძეს მოვუსმინოთ:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] ”უცებ ადიდდა არაგვი ისე, როგორც არასდროს ადიდებულა, და 4 ოჯახი უნდა გადავასახლოთ, იქ მათი დატოვება არ შეიძლება. მთლიანად მოხსნა ნაკვეთები და სახლებს უქმნის ძალიან დიდ საფრთხეს. ხიდს შეუქმნა საფრთხე, მაგრამ მერე დაიწია, საღამოს, არაგვის დონემ და გადარჩა. ხიდის ცოტა ზემოთ გზა დაზიანდა. გზა რამდენიმე ადგილზეც ჩამოიშალა, მაგრამ დღეს უკვე ყველა აღდგენილია.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შედეგები ხელს არ შეუშლის რუსეთის სამხედრო კოლონას საქართველო-რუსეთის საზღვრამდე გადაადგილდეს, ისინი 5 აგვისტოს მაინც ვერ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას. საქმე ისაა, რომ მდინარე თერგმა ლარსში, რუსეთის მხარეს, საავტომობილო გზას ძირი გამოუთხარა და საავტომობილო მოძრაობა დროებით შეწყდა.

რაც შეეხება სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას, თუ ამჯერად მხოლოდ 4 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ, სტიქიის ამასწინანდელი შემოტევებისას 21 სახლი დაინგრა დუშეთის რაიონში, ყაზბეგში კი, საერთო ჯამში, 26 სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. მათ მფლობელებს სახელმწიფო გადასცემს 5 ათასი ლარის კომპენსაციას, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აანაზღაურებს სტიქიით მიყენებულ ზარალს.

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] ”საკმარისი არ არის ეს, ბიუჯეტს რაც აქვს... მე გითხარით, რომ ზარალს ვერ აანაზღაურებს, მაგრამ მთლიანად ამ ზარალის ანაზღაურება საქართველოს სახელმწიფოს ნამდვილად არ შეუძლია ახლა.”

მე ვასილ მაღლაფერიძეს ისიც ვკითხე, თუ რა მიზეზებს უკავშირებს მის რეგიონში ბოლო დროს გახშირებულ სტიქიის შემოტევას. მხარის გუბერნატორის აზრით, კოკისპირული წვიმების გახშირებაში ნაკლები როლი მიუძღვის რეგიონში ბოლო 10 წლის მანძილზე ხე-ტყის უმოწყალო ჩეხას და უფრო მეტად დამნაშავე გლობალური კლიმატური ცვლილებებია.

მცხეთა-მთიანეთში სტიქიის გააქტიურების მიზეზი ვკითხე მწვანეთა მოძრაობის ლიდერს გიორგი გაჩეჩილაძესაც.

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] ”ეს ყველაფერი დაკავშირებული არის გლობალურ დათბობასთან და, ბუნებრივია, წყალდიდობების და მეწყერების გააქტიურება დაკავშირებულია ისევ ტყეების განადგურებასთან და, აი, ეს ორი ფაქტორია, ძირითადად, - გლობალური დათბობა და ტყეების განადგურება, - რომელიც საქართველოს უტევს სერიოზულად.”(სტილი დაცულია)

ბოლო დრომდე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ხე-ტყის ჭრა იმდენად ფართოდ გავრცელებული საქმიანობა იყო, რომ ვასილ მაღლაფერიძის ერთ-ერთ წინამორბედს, კერძოდ კი, კობა ბუჩუკურს მწვანეთა მოძრაობამ ტყის მჭრელის ცული გადასცა და საპატიო ცულის მფლობელად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG