Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია საქართველოში ინვესტიციების განახევრება


საქართველოში მასშტაბური პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს, გამარტივდა საგადასახადო კოდექსი, შემცირდა კორუფცია და ბიუროკრატიის ჩარევა სამეწარმეო საქმიანობაში.

საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო შექმნა. თუმც, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2005 წლის პირველი 6 თვის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის მხოლოდ 47 პროცენტს შეადგენს. რით არის გამოწვეული ინვესტიციების მოცულობის შემცირება?

საქართველოში უამრავი ცვლილება განხორციელდა, როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული თუ სისტემური, რაც საქართველოს ხელისუფლებას იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდა.

[სარეკლამო რგოლის ხმა] ”საქართველოში ინვესტირების დროა. კაპიტალური ინვესტიციის დროს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა წარმოებს...”

აი, ასეთი სარეკლამო კლიპით, რომელსაც ქართული ტელეარხები ხშირად აჩვენებენ, საქართველოს ხელისუფლება ინვესტორების მოხიბვლას ცდილობს. ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მცდელობებიდან არაფერი გამოდის. ერთ-ერთი მათგანის, ყოფილი დეპუტატის დემურ გიორხელიძის, განცხადებით, საინვესტიციო გარემოს გაუარესების მიზეზი ქვეყანაში არსებული ”გაურკვეველი თამაშის წესებია”:

[დემურ გიორხელიძის ხმა] ”აგრეთვე ეკონომიკური თავისუფლებების ხარისხი ძალიან დაბალია და პრაქტიკულად დამოუკიდებელი ლეგალური ბიზნესის წარმოება დიდი ჩინოვნიკის თუ სახელმწიფო მოხელის მხარდაჭერის გარეშე წამგებიანი და საშიში ხდება და, როგორც გამოკვლევის შედეგებმა უჩვენა, ეკონომიკური თავისუფლებების ინდექსით, საქართველო მეასე ადგილზეა და თითქმის 8 ადგილით გადაინაცვლა უკან.”(სტილი დაცულია)

საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე საუბრობს ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, ნიკო ორველაშვილი. მისი აზრით, გარემოს გაუარესებაზე ინვესტიციების შემცირება მეტყველებს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დასრულებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირდაპირ განახევრდა, მოიჭრა. რაც შეეხება ადგილობრივ საინვესტიციო რესურსებს, ის პრაქტიკულად იყო მწირი და არის მწირი და ხორციელდება ინვესტირება ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან მინიმალური მოცულობით, - პირიქით, საინვესტიციო რესურსის გახიზვნა ხდება ქვეყნიდან.” (სტილი დაცულია)

ინფორმაცია საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განახევრების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა. ამავე დეპარტამენტის ინფორმაციით, 2004 წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციის ძირითადი დატვირთვა, 97 მილიონი აშშ დოლარი, ”ბრიტიშ პეტროლიუმზე” მოდიოდა. ბი-პიმ 2005 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მხოლოდ 38 მილიონი აშშ დოლარი დააბანდა. სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ყაველაშვილის კომენტარი:

[გიორგი ყაველაშვილის ხმა] ”პირველ კვარტალში არ განხორციელებულა ისეთი მსხვილი ობიექტების, როგორიცაა საოკეანო სანაოსნო, ჭიათურმანგანუმი, ვარციხეჰესის კასკადების და სხვა ობიექტთა პრივატიზაციის ასახვა და მათი პრივატიზაციის შედეგები აისახება მეორე კვარტლის შედეგებში.”(სტილი დაცულია)

ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით სტატისტიკურ ინფორმაციაში ინვესტიციების კლების დინამიკას შეაჩერებს. ეკონომიკის ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ საინვესტიციო გარემო ამით უკეთესი არ გახდება და რომ მის გაუმჯობესებას სერიოზული რეფორმები ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG