Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაფხულში ისვენებს ყველა – მოსწავლეები


ზაფხულში ისვენებს ყველა – მოსწავლეები,

მათი მასწავლებლები, სტუდენტები და მომავალი სტუდენტები. მაგრამ წლევანდელი საზაფხულო არდადეგებები საქართველოში მაინც განსაკუთრებულია – განათლების რეფორმირება, ფაქტობრივად, დასრულებულია. სექტემბრიდან ბავშვებს უკვე რეფორმირებულ სკოლაში მოუწევთ სწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრიდან კულტურული ფასეულობების უფრო მწვავე დაპირისპირებას უნდა ველოდეთ. განათლების რეფორმა, შესაძლებელია, წარმატებით განხორციელდეს; სკოლებიდან, შესაძლებელია, დაითხოვონ კორუმპირებული მასწავლებლები; არც სკოლების ტექნიკური აღჭურვაა პრობლემა. მაგრამ რამდენად მზადაა თავად საზოგადოება, რამდენად მზად არიან თუნდაც მშობლები “რეფორმირებული განათლების” მისაღებად?.. რა შეიძლება მოხდეს თუნდაც ოჯახში, როცა ბავშვი, ასე ვთქვათ, “ახალი ცნობიერებით” ბრუნდება სკოლიდან, მას კი აქ ღირებულებათა ძველი სისტემა ხვდება, მშობლების, უფროსი დებისა და ძმების, ნათესავების სახით?

ის ადამიანები, რომლებიც განათლების რეფორმაზე მუშაობდნენ, ჩვენთან საუბარში აღიარებენ, რეფორმის წარმატებით დასრულება კულტურის პრობლემაა და ყველაფერთან ერთად კულტურული ღირებულებების შეცვლასაც ითვალისწინებსო. გიორგი გახელაძე, მაგალითად, გვიამბობს ერთ სოციოლოგიურ გამოკვლევაზე, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ ჩატარდა საქართველოში:

[გიორგი გახელაძის ხმა]“გამოკვლევებით არის დადასტურებული - სასკოლო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკვლევით. გამოირკვა, რომ სიახლეებისკენ სწრაფვა როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს, ასევე მოწაფეებს ერთნაირი აქვთ. ძირითადი განმსაზღვრელი ნიშანი, თუ რატომ არ მოსწონთ სკოლა, არის ის, რომ სწავლების პრინციპები უნდა შეიცვალოს... მაგრამ მხოლოდ მოწაფეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ მიზნისკენ მიმავალი საქმიანობა მთლიანად საზოგადოებას მოუტანს სიკეთეს და არ ემსახურება ვინმეს კერძო ინტერესებს, ოდნავ ჩამორჩებიან მათ მასწავლებლები და ყველაზე სკეპტიკურად არიან განწყობილნი მშობლები.”

მშობლები – პრობლემაა. მშობლებს გაკვეთილებს ვერ ჩაუტარებ. შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ განათლების რეფორმამ საზოგადოებაში, რომელშიც ლამის “კულტურათა ომი” მიმდინარეობს, ორად გახლიჩოს მოზარდის ფსიქიკა. მით უმეტეს, რომ, გიორგი გახელაძის თქმით, ქვეყანაში ისევ ძალიან აქტუალურია “უდიპლომო სასიძოს” ძველთაძველი, ქართულ-საბჭოთა პრობლემა:

[გიორგი გახელაძის ხმა] “ამ გამოკვლევიდან ნახევარ წელიწადში ჩატარდა კიდევ ერთი გამოკვლევა. როდესაც მთლიანად მოსახლეობას... ეკითხებიან, რას ელით ყველაზე მეტად განათლების სისტემისაგან, ისინი პასუხობენ – უფრო განათლებულ ადამიანს და, მეორე, უფრო კონკრეტული – უმაღლესში ჩასაბარებლად უფრო მომზადებულ ადამიანს... შემდეგ კითხვაზე, თუ რა არის ამისთვის გასაკეთებელი სკოლაში, ნახევარზე მეტი პასუხობს - მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სულ რაღაც მეექვსე ადგილზე პასუხია – დასაძლევია კორუფცია, გარიგებათა სისტემა, ან სწავლების პრინციპები.”(სტილი დაცულია)

[მუსიკა. ლექსენი, “ზოგჯერ უნდა იყო ფულიანი კაცი”]

[გიორგი გახელაძის ხმა] “რეფორმებისადმი პოზიტიურად განწყობილი ადამიანები აღნიშნავენ, რომ სკეპტიკოსებს აკლიათ ინფორმაცია... და მიზეზი არის ტელევიზია... ის დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე.”

ტელევიზია დიდ გავლენას ახდენს და თავის კულტურულ ფასეულობებსაც სთავაზობს. ზაფხულში, მაგალითად, სატელევიზიო ეთერში პოპულარული გახდა სიუჟეტები თემაზე “როგორ ისვენებენ ცნობილი ადამიანები”... კომერციული ტელეარხების მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ სხვადასხვა თაობებს, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც დღეს უფრო ის აინტერესებთ, თუ რომელ კურორტზე იღებენ მზის აბაზანებს შოუბიზნესის ვარსკვლავები, ვიდრე ის, თუ რა დახვდებათ მათ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არდადეგების დასრულების შემდეგ. განათლების რეფორმის კიდევ ერთი ავტორი, ისტორიკოსი სიმონ ჯანაშია, ამბობს, რომ რეფორმა ახალი იდეალების შექმნასაც ითვალისწინებს:

[სიმონ ჯანაშიას ხმა] “ამ რეფორმის მნიშვნელოვანი ხაზი არის ის, რომ ბავშვებმა თვითონ შექმნან იდეალები... მასწავლებლების უმრავლესობა არ არის მიჩვეული იმას, რომ თუ სამინისტრო არ გეტყვის, ეს არის იდეალი, რომ ეს შეცვალო...ვთქვათ, პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ჟიული შარტავა არის გმირი, შემდეგ სამინისტროში მოდის წიგნები – მაგალითად, მათემატიკის წიგნი, რომლის შესავალში არის ჟიული შარტავას ბიოგრაფია... თან მოჰყვება წერილი, რომ ეს ბიოგრაფია დაგვეხმარება ჟიული შარტავას კუთხეების შექმნაში.. თან წერია, რომ ეს ყველაფერი ლეგიტიმურია, რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ ჟიული შარტავა არის ჩვენი გმირი.”(სტილი დაცულია)

მაგრამ გმირების - მათ შორის “ცრუგმირების” - მოთხოვნილება ძალიან დიდია საქართველოში (და არამარტო საქართველოში). განათლების რეფორმის მხარდამჭერები აღიარებენ, რომ ფსევდოიდეალების შექმნის ტენდენცია განათლების, უფრო სწორად, გაუნათლებლობის პრობლემაა. თუმცა, სიმონ ჯანაშიას აზრით, პროვინციალიზმის დასაძლევად არ გამოდგება მასწავლებლების მენტორული ტონი და საბჭოთა პედაგოგიკის გამოცდილება, არც იმაზე ვიშვიში, რომ ქართველ თინეიჯერებს წიგნსა და კარგ კინოს საეჭვო გემოვნებისა და ნიჭის ვარსკვლავების მოსმენა ურჩევნიათ. ყველაზე ეფექტური მეთოდი – არჩევანია... სიმონ ჯანაშიას თქმით, განათლების რეფორმა სწორედ არჩევანის საშუალებას აძლევს მოზარდებს:

[სიმონ ჯანაშიას ხმა] “ჩემთან გადმოდიოდნენ მეცხრე კლასში და ეს ბავშვები ითხოვდნენ, მითხარი, ვინ არის შენი იდეალი და მეც აგყვები ამ საქმეში, ან შეგეკამათები. და როცა არ ეუბნები შენს პოზიციას, ისინი იბნევიან, რადგან არ უნახავთ ასეთი სწავლება, სადაც ადამიანი აღარ ეუბნება – ეს არის თეთრი, ეს არის შავი... როდესაც მე უარს ვეუბნებოდი, ამ ბავშვებში ვხედავდი იმედგაცრუებას, რომ “შენ არა ხარ მასწავლებელი, შენ უნდა მითხრა, რა არის შენთვის კარგი”... შენ აიძულებ, რომ მისი სტერეოტიპი დაინგრეს და არ ეუბნები, რა არის შენი სტერეოტიპი.”(სტილი დაცულია)

ბავშვებს შეიძლება არ უთხრა, რა არის შენი სტერეოტიპი, მაგრამ ბავშვები ამას თავადაც დაინახავენ. განათლების რეფორმამ, შესაძლებელია, მართლაც დაატოვებინოს სკოლა ამ სტერეოტიპებით დამძიმებულ მასწავლებლებს, მაგრამ “რეფორმატორებს” საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებულ კულტურულ ღირებულებებთან ბრძოლა გაუჭირდებათ. ჩვენი თანამოსაუბრე, სიმონ ჯანაშია, ამ თვალსაზრისითაც ოპტიმისტი აღმოჩნდა:

[სიმონ ჯანაშიას ხმა] “მე მყავდა მოსწავლე. მეცხრე კლასის ბოლოს მივეცით ტექსტი, რომელშიც ნათქვამია: მუსლიმებმა ებრაელებს და ქრისტიანებს ერთ ქალაქში აუშენეს გეტო, არ შეუძლიათ გამოსვლა, უნდა ატარონ სპეციალური ტანსაცმელი და ა.შ.მეუბნება ჩემი მოსწავლე გამოცდაზე: რა თქმა უნდა, გადასარევი საშუალებაა. მოდით, ავლაბარში გავაკეთოთ კედელი და სომხები ისწავლიან, როგორ მოიქცნენ თბილისში... რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ადამიანს! ჩვენ არაფერი გვითქვამს... შემდეგ წელს წაიკითხეს ნაწარმოები ხოლოკოსტზე და ნახეს “შინდლერის სია”. ის ბავშვი მოვიდა - არავის არაფერი უთქვამს - და თქვა:მე მრცხვენია რომ ამას ვამბობდი.”(სტილი დაცულია)

წრე შეიკრა. განათლების რეფორმის ავტორებიც გარკვეულ ხსნას არა მარტო კარგ სახელმძღვანელოებში, კომპიუტერებში, არაკორუმპირებულ მასწავლებლებში, არამედ კულტურაში ხედავენ. თუ “შინდლერის სიის” ნახვამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ამ მოზარდის ცნობიერებაზე, ე.ი. კულტურას, სილამაზეს, მართლაც შეუძლია იხსნას სამყარო? ამ წინადადების ბოლოს მე კითხვის ნიშანი დავსვი.

[მუსიკა]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG