Accessibility links

logo-print

გია ყანჩელი – 70


10 აგვისტოს საქართველოს სახალხო არტისტს,

კომპოზიტორ გია ყანჩელს 70 წელი შეუსრულდება. იგი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია, მათ შორის - “საბჭოთა ოსკარად” წოდებული პრიზის, “ნიკას”, მფლობელი. 1987 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირმა გია ყანჩელი საუკეთესო კომპოზიტორად დაასახელა. იმხანად მას 30-მდე ფილმისთვის ჰქონდა მუსიკა დაწერილი. თუმცა პრიზი გია დანელიას “ქინძაძასთვის” გადასცეს. მოგვიანებით კომპოზიტორი იტყვის, რომ კინოში შემოქმედებითი სიამოვნება მხოლოდ გია დანელიასა და ელდარ შენგელაიასთან მუშაობის დროს მიიღო. გილოცავთ გია ყანჩელის დაბადების დღეს და გთავაზობთ ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამას “ოქროს საუკუნე”, რომელიც გია ყანჩელის კინოშემოქმედებას ეძღვნება.

1967 წელს ელდარ შენგელაია “არაჩვეულებრივი გამოფენის” გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, პირველივე ფილმებში გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, მაგრამ მაინც არ იყო კმაყოფილი – როგორც მოგვიანებით განაცხადა, მას სჭირდებოდა კომპოზიტორი, “დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით”... “არაჩვეულებრივ გამოფენაზე” მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის, გია ყანჩელის, პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ გია ყანჩელის მუსიკა “კინემატოგრაფიულია”.

რას ნიშნავს “კინემატოგრაფიული მუსიკა”? კიდევ ერთხელ რომ “მოვისმინოთ” (“მოვისმინოთ” და არა ვნახოთ) “არაჩვეულებრივი გამოფენა”, დავრწმუნდებით, რომ გია ყანჩელს აქვს უნარი გამოხატოს ეპიზოდის განწყობილება და, ამავე დროს, იყოს კომენტატორიც... თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მთელი ფილმის განმავლობაში ავტორები არანაირად არ ცდილობენ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება აგული ერისთავის მიმართ, შეიძლება დავასკვნათ კიდეც, რომ ერთადერთი კომენტატორი ყველაფერი იმისა, რაც ხდება ფილმში, აქ მუსიკაა – ფაქტობრივად, სწორედ გია ყანჩელი გამოხატავს ჩვენს განწყობილებას, რომელიც ფილმის აღქმის დროს გვექმნება.

[ხმა. მუსიკა “არაჩვეულებრივი გამოფენა”. დიალოგი მუსიკის ფონზე]

ქართულ კინოში იშვიათია მუსიკა ასე ორგანულად დაემორჩილოს ფილმის ჩანაფიქრს. მოგვიანებით ელდარ შენგელაია იტყვის, რომ გია ყანჩელს მუსიკა ყოველთვის ფილმის მთლიანობაში ესმის, ამიტომაც მუშაობისას ხშირად ამბობს ხოლმე: “აქ მუსიკა საჭირო არ არის.”

საერთოდ, მას უყვარს სიჩუმე. არა მარტო კინომუსიკაში, არამედ სიმფონიურ ნაწარმოებებშიც. ქართულ საბჭოთა მუსიკაში იგი იმითაც გამოირჩევა, რომ არასფროს დაუწერია კანტატები სამშობლოზე და ორატორიები პარტიაზე... გია ყანჩელისთვის, უბრალოდ, ორგანულად უცხოა პათეტიკა. იგი სიამოვნებას ღებულობს იქ, სადაც ყოფითი, ადამიანური ჭარბობს და შეუძლია შექსპირის დრამატურგიაც კი ცირკად, ბალაგანად აქციოს. ამ მხრივ, ბედმაც გაუღიმა, რობერტ სტურუასთან ერთად რომ შეძლო თანამშრომლობა თეატრში... ბედმა გაუღიმა, ელდარ შენგელაიას რომ შეხვდა... კინორეჟისორს, რომლისთვისაც ორგანულად მიუღებელია “მაღალი შტილი”, რომელიც ყოველთვის დასცინოდა ყალბ პათეტიკასა და პროვინციალიზმს... და, ვინ იცის, სწორედ ამიტომ შეირჩა მარშის მოტივი “არაჩვეულებრივ გამოფენაში” – აბა, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა ექილიკათ ავტორებს აგული ერისთავის ფუჭ ცხოვრებასა და იმ ხალხზეც, ვინც მისი ნიჭი ჩაკლა.

[ხმა. “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “მარში”]

გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით, ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა “შერეკილებზე” მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა – ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც, მართლაც რომ, ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს.

[ხმა.“შერეკილები”, ნანი ბრეგვაძე]

ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის “ფოლკლორული თემა”, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში, ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი (“ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა”). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, “შერეკილების” იდეას გამოხატავს, – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, - მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც განუწყვეტლივ იქმნება კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის - კინომუსიკაში.

ამის მაგალითად გია დანელიას “არ იდარდოს” გახსენებაც საკმარისია. ფილმში, რომელიც “არაჩვეულებრივი გამოფენის” დასრულებიდან ერთი წლის შემდეგაა გადაღებული, მუსიკა ქმნის დინამიკურ პულსაციას და განსაზღვრავს კიდეც სურათის ტრაგიკომიკურ ჟანრს. გაიხსენეთ თუნდაც ფსევდოქელეხი, რომელშიც გარდასახვა მიცვალებულის მოხსენიებიდან ცეკვა-თამაშამდე გამოიხატება...

[ხმა. “არ იდარდო”]




ასევე გარდაისახება მუსიკაც – მწუხარე საგალობლიდან მხიარულ ექსცენტრიკამდე... სიკვდილი გადაიქცევა ვარიეტედ, კაბარეს მსგავს სანახაობად, რაც, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ფილმის მთავარ იდეას – სიცოცხლისა და სიყვარულის მარადიულობას. ამას ჰქვია, მართლაც, “სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი”.

[ხმა. “ქინძაძა”]

ეს კი უკვე “ქინძაძას” მოტივია – გია დანელიას ფილმისა, რომელსაც შეიძლება “არასამეცნიერო ფანტასტიკა” ვუწოდოთ, გამომწვევად “არასამეცნიერო”... ფაქტობრივად, პაროდია სამეცნიერო ფანტასტიკაზე, რომელიც, როგორც ჟანრი, ყველაზე ეფექტურად სწორედ მუსიკაში წარმოჩნდება – ამ თავისებურ “წრიპინში” უფრო მეტი ირონიაა, ვიდრე თავად ფილმის დრამატურგიაში. მუსიკა და ვიზუალური სამყარო, რომელსაც ქმნიან გია დანელია და გია ყანჩელი – ესაა მონებისა და ბატონების სამყარო, სადაც დაკარგულია ყველაფერი ბუნებრივი. ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ 1987 წელს, როცა დანელიას სურათი ეკრანებზე გამოვიდა, მაყურებელმა “ქინძაძა” უკვე დახავსებული, ბუნებრიობას მოკლებული სისტემის პორტრეტად აღიქვა.

[ხმა. ფონი - “როცა აყვავდა ნუში”]

მერე სისტემა დაინგრა, საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო. გია ყანჩელი ბერლინში გაემგზავრა. გია დანელიასა და რობერტ სტურუასთან თანამშრომლობა გააგრძელა, ქართული ფილმების ტიტრებში კი მის სახელს ვეღარ ვხედავდით. ალბათ, იმიტომ რომ ამ ფილმების ავტორებს არ სჭირდებოდათ “დრამატურგიულად, მონტაჟურად მოაზროვნე” კომპოზიტორი, არ სჭირდებოდათ მუსიკა... მათ მუსიკალური ფონიც აკმაყოფილებდათ.
XS
SM
MD
LG