Accessibility links

ზოგიერთ სარეალიზაციო პუნქტში დაიდგა დიდი მაცივარ-დანადგარები, რომლებიც მხოლოდ საზამთროსთვისაა გათვალისწინებული


ზაფხულის პაპანაქებაში სულის მოსათქმელად წელს საზამთროს სერვისში, ცოტა გაზვიადებულად თუ არ ჟღერს, მომსახურების ახალი ფორმა გაჩნდა.

ზოგიერთ სარეალიზაციო პუნქტში დაიდგა დიდი მაცივარ-დანადგარები, რომლებიც მხოლოდ საზამთროსთვისაა გათვალისწინებული. ანუ თქვენ გაქვთ საშუალება, შინ კარგად ჩაციებული საზამთრო მიიტანოთ და გემრიელად გაგრილდეთ. მომსახურების ამგვარი ნოვაციით ყველა სარეალიზაციო პუნქტი არ არის აღჭურვილი და, შესაბამისად, ცივ საზამთროს ყველგან ვერ მოგართმევენ. თუმცა ეს როდია მთავარი.

საზამთროს სასარგებლო თვისებებზე ზოგადად ყველასათვის კარგადაა ცნობილი. კონკრეტულად კი, იგი მიკროელემენტების საბადოს წარმოადგენს. განსაკუთრებით მდიდარია მაგნიუმით, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია. 100 გრამი საზამთრო 224 მილიგრამ მაგნიუმს შეიცავს. იმისათვის, რომ მაგნიუმის დღიური დოზა მიიღოთ, 150 გრამი საზამთროს ჭამა სავსებით საკმარისია. საზამთრო განსაკუთრებით მდიდარია ასევე კალიუმით. საზამთრო არის დიეტური საჭმელი, რომელიც თამამად შეიძლება მიიღოს პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების მქონე ადამიანმა. თუმცა ბოლო დროს ხშირია საზამთროთი მოწამვლის შემთხვევებიც, რაზეც კომენტარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს პაატა იმნაძეს ვთხოვეთ.

[პაატა იმნაძის ხმა]” ეგ ყოველ წელიწადს იძახიან საზამთროო, მაგრამ მექანიზმი იმისა, რომ საზამთრომ კაცს რამე უქნას, არ არსებობს. ძალიან ბევრი ადამიანი, კუჭი რომ აეშლება ზაფხულში, აბრალებს საზამთროს. რა თქმა უნდა, ყველა საზამთრო გარედან არის ნიადაგით დაბინძურებული. თუ არ გარეცხავ საზამთროს გარედან, შეიძლება დაგემართოს ის, რაც მიწიდან შეიძლება გადავიდეს. ამიტომ საზამთროს უნდა გარეცხვა, მანამ გაჭრიან.” (სტილი დაცულია)

სასურველია საზამთროს არა მხოლოდ წყლის ჭავლით, არამედ საპნითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით გარეცხვაც. შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საზამთროს გაჭრა არჩევის დროს, რასაც ტრადიციულად მიმართავს როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი. არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, გარედან როგორ შეიძლება იმის განსაზღვრა, რამდენად შემოსული, ტკბილი, ხრაშუნა და წითელია საზამთრო. ამის ძირითადი საშუალება მაინც ის ხმაა, რომელსაც ნაყოფი ხელის მოჭერის დროს გამოსცემს. რაც შეეხება ნიტრატების შემცველობას, სპეციალისტები გვირჩევენ, სავაჭრო პუნქტში ნაყოფის ლაბორატორიული შემოწმების შედეგები მოვითხოვოთ.

[საზამთროს გამყიდველი]” ლაბორანტები მოდიან, “პრობნიკი” აქვენ და შემცველობას სინჯავენ. როცა მოვიტან პარტიას, შემცველობას სინჯავენ შიგნით, რამდენი აქვს აზოტის პროცენტიანობა. თუ მეტი აქვს აზოტი, ისა არ გამაყიდიებს, ამაღებიებს. არასდროს არ ყოფილა, 30 პროცენტი არ გამოსულა, იმიტომ რომ გლეხს 18 და 20 ლარი არა აქვს იმის ფული, რომ იყიდოს და მუჭით დოუყაროს საზამთროს.”(სტილი დაცულია)

როგორც ჩვენმა რესპონდენტმა განგვიმარტა, კახეთში მოწეული საზამთროს საშუალო წონა 10-15 კილოგრამია. არის ბევრად უფრო მძიმეებიც. ბოლო წლებში საზამთროს ზომა-წონაში ზრდის აშკარა ტენდენციას კი იგი სასუქების უხვად გამოყენებას კი არა, ჯიშის შეცვლას უკავშირებს:

[საზამთროს გამყიდველის ხმა]” ეს ამერიკული ჯიშია და უფრო იწოვს მაგი წყალს და ზრდაც მეტი აქვს. რაც უფრო მეტ წყალს შეიწოვს, მით უფრო მეტი იზრდება და სიმძიმე მეტი აქვს და თვითონ მებაღისთვის არის ეს მომგებიანი, ვიდრე ის ასტრახანის ჯიში. ასტრახანის ჯიში საქართველოში უკვე აღარაა, რა, მოილია. მაგ წამგებიანი იყო. წყალს არ ღებულობდა იმდენად და ვერც იზრდებოდა დიდები.”

და მაინც, ინტერესდება თუ არა მომხმარებელი ნიტრატების შემცველობის საკითხით? ანუ ყოფილა თუ არა თუნდაც ერთი შემთხვევა იმისა, რომ კლიენტს საზამთროს ვარგისიანობის სერტიფიკატი მოეთხოვა?

[საზამთროს გამყიდველის ხმა]” არა, კლიენტს არა. ჩვენ ჩვენი კლიენტი გვყავს და იცის, რომ ცუდს არ წაიღებს.”

სხვათა შორის, როგორც თბილისის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსმა კახა ნაჭყებიამ განგვიმარტა, საზამთროს ხარისხზე მონიტორინგი სამსახურის გარდამავალ რეჟიმში მუშაობის ეტაპზე არ შედის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ჩამონათვალში. შესაბამისად, მისთვის არ არის ცნობილი, ვინ არის ის მაკონტროლებელი, რომლის არსებობასაც ჩვენ მიერ გამოიკითხული უკლებლივ ყველა რეალიზატორი ადასტურებს:

[კახა ნაჭყებიას ხმა]” არავითარი შემოწმება, ასეთი კომპანიური, საზამთროებზე ჩვენი სამსახურის მხრიდან არ ხორციელდება. არის, რა თქმა უნდა, კეთილისმსურველი, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვინც ზრუნავს და ასე შემდეგ. არა მგონია, ამაში ცუდი იყოს, თუ ვინმეს გამოკვლევა უნდა.”(სტილი დაცულია)

სამწუხაროდ, მაკონტროლებელს ვერც ჩვენ მივაგენით. თუმცა, როგორც საქართველოს სანიტარიისა და ჰიგიენის კვლევითი ინსტიტუტის კვების განყოფილებაში დავადგინეთ, ბოლო წლებში ნიტრატებით საზამთროს დაბინძურების გამოკვლევა პრიორიტეტული არც ამ ინსტიტუტისთვის გამხდარა. წლების წინ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ნიტრატებით დაბინძურების ლიდერები არიან ჭარხალი, სტაფილო და ისპანახი. საზამთრო სამეულში არ ირიცხება.
XS
SM
MD
LG