Accessibility links

logo-print

ახალი სკანდალი დავით თევზაძის გარშემო


აღსანიშნავია, რომ 13 წლის წინ სწორედ აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთის გაკონტროლების სურვილს მოჰყვა აფხაზურ და ქართულ ფორმირებებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება,

რომელიც ერთ წელიწადს გრძელდებოდა. ამ საბრძოლო დაპირისპირებაში ერთ-ერთ ქართულ საველე დანაყოფს მეთაურობდა ფილოსოფოსი დავით თევზაძე, 1998-2003 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომლის მიმართაც ახალი სკანდალი მწიფდება. კონტროლის პალატამ თავდაცვის სამინისტროს 2003 წლის შემოწმება დაასრულა და დასკვნები გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა. ამან წარმოშვა მოსაზრება, რომ ხელისუფლება საფუძველს ამზადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრის პასუხისგებაში მიცემისათვის. რამდენად საფუძვლიანია ეს ვარაუდი?

ყოფილი თავდაცვის მინისტრის არსებობა ბოლო თვის განმავლობაში საზოგადოებას ჯერ სამხედრო უწყების ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა და, ბოლოს კი, ყოველდღიურმა გაზეთმა “ალიამ” შეახსენა. პროფესიით იურისტმა ირაკლი ოქრუაშვილმა, უდანაშაულობის პრეზუმფციის ყოველგვარი მოთხოვნის დარღვევით, თავის წინამორბედს ბრალი დასდო “ბანდიტურ” შენაერთ “მონადირის” ჩამოყალიბებაში, შენაერთისა, რომელიც კოდორის ხეობას იცავდა და ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით იქნა გაუქმებული. გაზეთ “ალიას” ყოველკვირეული გამოცემა “ქრონიკა” კი, კონტროლის პალატის მიერ შემოწმებულ მასალებზე დაყრდნობით, ასკვნის, რომ დავით თევზაძეს მალე მოუწევს პროკურატურაში განმარტებების მიცემა სამხედრო უწყებაში მისი ხელმძღვანალობის დროს მომხდარი ფინანსური დარღვევის გამო. სტატიის ავტორმა ჟურნალისტმა დარეჯან ლიპარტელიანმა თავისი მოსაზრება რადიო “თავისუფლებასაც” გაუზიარა:
[დარეჯან ლიპარტელიანის ხმა] “ მითხრეს პროკურატურაში, ოღონდ ოფიციალურად არა, და ხმამაღლა ყველა ერიდება ამის თქმას, რომ თევზაძის თემაზე ყველა მიმართულებით მიდის სერიოზული მუშაობა და მხოლოდ ერთი ეპიზოდია ის, რაც მე დავწერე.”(სტილი დაცულია)

სამხედრო უწყებაში კი კონტროლის პალატის მიერ 2003 წელს ჩატარებული შემოწმება შესყიდვებისა და ფინანსების მართვის კანონიერებას შეეხება. ჩამოთვლილია უამრავი ფაქტი, როდესაც მრავალი დასახელების კვების პროდუქტსა და სანივთე ქონებაზე შესყიდვები ტენდერის გარეშე ტარდებოდა. კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილემ ხათუნა კალანდაძემ რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში დაადასტურა გაზეთ “ქრონიკაში” მოყვანილი მასალების სისწორე და ისიც, რომ მოკვლევის მასალები რეაგირებისათვის გენერალურ პროკურატურაშია გადაგზავნილი:

[ხათუნა კალანდაძის ხმა] “ გამოქვეყნებული ინფორმაცია ეყრდნობა კონტროლის პალატის შემოწმების აქტში ასახულ ინფორმაცის და მასალებს. როგორც კი დამთავრდა რევიზია, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის მაშინვე გადაეგზავნა გენერალურ პროკურატურას.”

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ დაინტერესდა კონტროლის პალატა 2003 წლის შესყიდვებით სამხედრო უწყებაში და არა უფრო გვიანი, ვთქვათ, ახალი ხელისუფლების, პერიოდით, როდესაც საბიუჯეტო თანხებმაც იმატა და შესყიდვების მოცულობამაც, კონტროლის პალატაში აგვიხსნეს, რომ აქ არავითარი პოლიტიკური ქვეტექსტი არ იმალება და რომ რევიზია სამხედრო უწყების მუშაობას 2004-2005 წლის მდგომარეობითაც შეისწავლის. გენერალური პროკურატურის პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ კონტროლის პალატიდან გადმოგზავნილ მასალებში დავით თევზაძის ბრალეულობაზე საუბარი არ არის:
[პრესცენტრის თანამშრომლის ხმა] “რაც გითხარით, ისაა, რომ სულ სხვა ეპიზოდია და იქ საერთოდ არ ფიგურირებს დავით თევზაძე.”

რაც შეეხება ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს, იგი ტრადიციას არ ღალატობს და საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებს უკომენტაროდ ტოვებს:

[დავით თევზაძის ხმა] “არ გავცნობივარ საგაზეთო მასალას და რომ გავეცნო, მაინც არ გავაკეთებ კომენტარს.”

დავით თევზაძემ ასევე უპასუხოდ დატოვა სამხედრო უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელის ბრალდება, თითქოს მას შეექმნას ბანდიტური დაჯგუფება კოდორის ხეობაში. ფილოსოფოსმა დავით თევძაზემ, ჩანს, კარგად იცის ერთი რამ: რაც უფრო ხშირად იმართლებ თავს, მით ნაკლებად აჯერებ ადამიანებს შენს უცოდველობაში.
XS
SM
MD
LG