Accessibility links

logo-print

აფხაზეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შესწავლას 45 დღე, მიმოსვლის აღდგენას კი - პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება

  • ნინო როდონაია

სამშაბათს სოხუმში შეიკრიბებიან ქართველი, აფხაზი და რუსი რკინიგზელები, რომლებმაც თვე-ნახევრის განმავლობაში ფსოუ-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის ტექნიკური

მდგომარეობა უნდა შეისწავლონ.
ექსპერტთა სამმხრივი ჯგუფის დაკომპლექტება და მუშაობის დაწყება ივლისის შუა რიცხვებში გადაწყვიტეს სოხუმში საქართველოს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის წარმომადგენლებმა.
აფხაზეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მდგომარეობასთან დაკავშირებული საექსპერტო დასკვნა მზად 1 ოქტომბრისთვის იქნება, რასაც გაცილებით რთული პროცესი - რკინიგზის ამოქმედების კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებული მოლაპარაკება - მოჰყვება.

ქართველი, აფხაზი და რუსი ექსპერტების 41 წევრიანმა ჯგუფმა თვე-ნახევრის განმავლობაში უნდა შეისწავლოს ფსოუ-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა და დაადგინოს ის თანხა, რომელიც რეაბილიტაციას დასჭირდება. საქართველოს სარკინიგზო უწყება სავარაუდო თანხად 50 მილიონ დოლარს ასახელებს, რუსეთის - ორჯერ მეტს, მათ ჯამს, 150 მილიონს კი, - სომხეთის მთავრობა, რომელიც განსაკუთრებულადაა დაინტერესებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით. მოძრაობის განახლებას ნებისმიერი მხარისთვის მომგებიანს უწოდებს საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი:

[დავით ონოფრიშვილის ხმა] ,,აფხაზეთზე რკინიგზის გახსნა ეკონომიკურად მომგებიანია თავისთავად. მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება, ცხადია, ვერ დაივიწყებს და უდიდეს ყურადღებას აქცევს, როგორ იქნება მთლიანად პოლიტიკურად დარეგულირებული ეს საკითხი.” (სტილი დაცულია)

რკინიგზას, ისევე როგორც ნებისმიერ კომუნიკაციას, ინტეგრაციისა და აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში, თუმცა იმასაც განმარტავენ, რომ რკინიგზის საკითხი მხოლოდ ამ კუთხით არ განიხილება:

[გიორგი ვოლსკის ხმა] ,,ამ თემას ახლავს მთელი რიგი ატრიბუტები, როგორიც არის საფინანსო-ეკონომიკური ასპექტი, პირველ რიგში კი, პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტი. ამ თემებზე ჩამოყალიბება შეიძლება მას შემდეგ, რაც გვეცოდინება, არის თუ არა რეალური წინაპირობა და შესაძლებლობა, ეს რკინიგზა აღვადგინოთ.” (სტილი დაცულია)

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე საექსპერტო მუშაობის დაწყებას მხოლოდ პირველ ნაბიჯს უწოდებს. რა კონკრეტული პირობები ექნება საქართველოს ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი რეალურად დაისმება, ჯერჯერობით უცნობია. საბოლოო პოზიციის შემუშავების მიზნით ამჟამად აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები მუშაობენ. რკინიგზის ამოქმედებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თბილისში მხოლოდ მისი პირობების გაზიარების შემთხვევაში მიიღებენ:

[გიორგი ვოლსკის ხმა] ,,ჩვენ მზად ვართ, რასაკვირველია, გარკვეულ კომპრომისებზე, მაგრამ არა საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე.” (სტილი დაცულია)

უკვე ცნობილია, რომ სარკინიგზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს წინა ხელისუფლების ერთი კონკრეტული პირობა ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობისთვის მიუღებელია. ტერმინი სინქრონიზაცია, რომელსაც 2003 წელს სოჭში ვლადიმირ პუტინთან ხელმოწერილი შესაბამისი შეთანხმების შემდეგ საკმაოდ ხშირად იყენებდა ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის წარსულის ლექსიკონიდანაა. გიორგი ვოლსკის განცხადებით, აფხაზეთში დევნილები არა რკინიგზის აღდგენის პარალელურად, არამედ უპირობოდ უნდა დაბრუნდნენ, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნაცაა:

[გიორგი ვოლსკის ხმა] ,,სტრატეგიულადაც გაუმართლებელია საკითხის ასე დაყენება. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ არ იქნება რკინიგზა, თუ არ იქნება დაბრუნება, ვთქვათ, არ დაკმაყოფილდა ჩვენი რაღაც მოთხოვნები და ვინმემ რომ დაგვიყენოს საკითხი პირიქით - არ იქნება რკინიგზა, არ იქნება დაბრუნება. დაბრუნება უნდა ხდებოდეს საერთაშორისო მოთხოვნების საფუძველზე და არა როგორც სავაჭრო თემა.” (სტილი დაცულია)

სანამ თბილისი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებულ საბოლოო პოზიციას შეიმუშავებს, 9 ქართველი ექსპერტი, აფხაზ და რუს რკინიგზელებთან ერთად, თვე-ნახევრის განმავლობაში შეისწავლის მაგისტრალის ერთი მონაკვეთის ტექნიკურ მდგომარეობას და დასკვნას სპეციალურ სამთავრობო კომისიას წარუდგენს. ქართველ რკინიგზელებს უსაფრთხოდ მუშაობის პირობებს აფხაზი სამართალდამცავები ჰპირდებიან, თუმცა განსაკუთრებულად საშიშ ზონებში ამ მისიის შესრულება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს ევალება.
XS
SM
MD
LG